არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 29 ოქტომბერი
აზერბაიჯანი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანში დაკავებული ხუთი იეჰოვას მოწმის სასარგებლოდ გამოაქვს განაჩენი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანში დაკავებული ხუთი იეჰოვას მოწმის სასარგებლოდ გამოაქვს განაჩენი

2019 წლის 17 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანში რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით დაპატიმრებული ხუთი იეჰოვას მოწმე არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დამნაშავედ. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ადამიანის დასჯა რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით, არის ადამიანის სინდისის, აზრისა და რელიგიის თავისუფლების უფლებების ხელყოფა. ეს არის ევროპული სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ გამოტანილი პირველი გადაწყვეტილება აზერბაიჯანში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ერთდროულად ვრცელდება ოთხ ცალკეულ საქმეზე, რომლებიც აღძრულ იქნა 2008—2015 წლებში. ეს საქმეები ეხებოდა 5 ძმას: მუშფიგ მამედოვს, სამირ ჰუსეინოვს, ფარიდ მამედოვს, ფახრადინ მირზაიევს და ქამრან მირზაიევს. ყველა მათგანი გასამართლებული და დაპატიმრებული იყო აზერბაიჯანში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ, ვინაიდან ძმების სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზი „გულწრფელი რელიგიური შეხედულება“ იყო, მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით აზერბაიჯანმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია. გარდა ამისა, სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური არა მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, არამედ სხვებისთვისაც. სასამართლო გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი ვალდებულია, აღნიშნულ პირებს აუნაზღაუროს ფინანსური ზარალი, რაც მათ ამ ხნის განმავლობაში ციხეში ყოფნის გამო მიადგათ.

სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი 2001 წელს ევროსაბჭოს წევრი გახდა, მან ფორმალური თანხმობა განაცხადა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შექმნის თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ამ ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის არსებობას მათთვის, ვინც აღმსარებლობის გამო უარს ამბობს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე. თუმცა ხელისუფლებას დღემდე არ შეუმუშავებია კანონი ალტერნატიუილი სამოქალაქო სამსახურის შექმნის თაობაზე და ჩვენი ძმები, რომლებიც რწმენის გამო უარს ამობობენ სამხედრო სამსახურზე, კვლავ სისხლის სამართლის დამნაშავეებად არიან მიჩნეულნი.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება აღძრავს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა და ხელმისაწვდომი გახადოს ქვეყანაში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. ჩვენ კვლავ ვლოცულობთ, რომ აზერბაიჯანში მცხოვრბმა ჩვენმა ძმებმა განაგრძონ იეჰოვასადმი გაბედულად მსახურება (ფსალმუნი 27:14)