არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნივ: განას ფილიალის წარმომადგენელი ერთ-ერთ საგამოფენო კუთხესთან; ქვემოთ მარცხნივ: განას ეროვნული მუზეუმი (აკრა); მარჯვნივ: საგამოფენო კუთხეები

19 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
განა

განაში იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ გამოფენა მოეწყო

განაში იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ გამოფენა მოეწყო

2024 წლის 11 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით ქალაქ აკრაში (განა) განას ეროვნულ მუზეუმში მოეწყო სპეციალური გამოფენა სახელწოდებით: „წერა-კითხვისა და ბიბლიური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ენებზე“. გამოფენას 1 300-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

განაში, რომელსაც ადრე ოქროს ნაპირი ეწოდებოდა, იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა 1937 წელს დაიწყეს. დღესდღეობით განას ფილიალში ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა 12 ადგილობრივ ენაზე მიმდინარეობს. გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეოები, პუბლიკაციები და არტეფაქტები სტუმრებს განაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ისტორიას აცნობდა. გამოფენაზე აგრეთვე ნაჩვენები იყო, როგორ არის შესაძლებელი თარგმნილი მასალის ვებსაიტზე jw.org მარტივად მოძიება.

გამოფენის ორგანიზების მიზნით განას ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა და განას უნივერსიტეტის ოთხი პროფესორისგან შემდგარმა ჯგუფმა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალთან ითანამშრომლეს. წერა-კითხვისა და მთარგმნელობითი საქმიანობის სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესების მიზნით პროფესორებმა შეისწავლეს თარგმნის ის მეთოდები, რომელთაც იეჰოვას მოწმეები იყენებენ. კვლევის ფარგლებში ერთ-ერთმა პროფესორმა არაბა ოსეი-ტუტუმ უორიკში (ნიუ-იორკი, აშშ) იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველო მოინახულა. გარდა ამისა, პროფესორთა ჯგუფი განას ფილიალსაც ეწვია.

მარცხნივ: პროფესორი არაბა ოსეი-ტუტუ გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდის. მარჯვნივ: ერთ-ერთი საგამოფენო კუთხე, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივ ენებზე თარგმნილი ლიტერატურა.

გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს პროფესორმა არაბა ოსეი-ტუტუმ აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები დიდ ძალისხმევას ახმარენ ადგილობრივ ენებზე წერა-კითხვის სწავლების საქმის წინ წაწევას. გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადოთ ამ საქმიანობაში ჩართულ თითოეულ ადამიანს“.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ ქალაქ ვინებას განათლების უნივერსიტეტის პროფესორმა იო სეკი-ბაიდუმ აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის განმანათლებლებად მივიჩნევდი, მაგრამ მათი მთარგმნელობითი საქმიანობის მასშტაბით ნამდვილად გაოცებული ვარ“.

განას უნივერსიტეტის პროფესორები, განას ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები იმ იეჰოვას მოწმეებთან ერთად, რომლებმაც გამოფენის ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა.

განაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელმა თქვა: „ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ მოწმეების საგანმანათლებლო საქმიანობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. აშკარაა, იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას, ყველანაირ ადამიანს დავეხმაროთ მის გაცნობაში“ (იოანე 17:3).