8 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ეთიოპია
გამოიცა „მათეს სახარება“ სიდამა და ვოლაიტა ენებზე
2023 წლის 23 ივლისს ეთიოპიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ლემა კოირამ, გამოაცხადა, რომ ელექტრონული ფორმატით გამოიცა „მათეს სახარება“ სიდამა და ვოლაიტა ენებზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება ადის-აბებას (ეთიოპია) საკონგრესო დარბაზში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გაკეთდა. ამ შეხვედრას ადგილზე თითქმის 1 800 ადამიანი დაესწრო, ხოლო ვიდეოკონფერენციისა და სატელიტური ტელევიზიის მეშვეობით პროგრამა 12 669-მა ადამიანმა მოისმინა. ელექტრონული ვერსიების ჩამოტვირთვა გამოცემისთანავე გახდა შესაძლებელი, ხოლო ბეჭდური ვერსია რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი.
ამ ენებზე, ძირითადად, სამხრეთ ეთიოპიაში საუბრობენ. ვოლაიტაენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი 2005 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო სიდამაენოვანი — 2007 წელს. მთარგმნელობითი ოფისები განთავსებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა ამ ენებზე საუბრობს.
მართალია, ორივე ენაზე არსებობს ბიბლიის სრული თარგმანი, მაგრამ ძალიან რთული საშოვნელი და ძვირია. ერთი მთარგმნელი სიდამაენოვან და-ძმებზე ასეთ რამეს ამბობს: «კრებების უმეტესობას ბიბლიის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ჰქონდა და შეხვედრის დროს იმასაც მომხსენებელი იყენებდა. ამასთანავე, ბიბლია რომ წაგვეკითხა, დარბაზში უნდა მივსულიყავით. მაგრამ ახლა „მათეს სახარება“ გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ღვთის სიტყვა სახლში ვიკითხოთ».
ვოლაიტაენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფის ერთი წევრი ასე გამოხატავს მადლიერებას: „მათეს 28:19-ში ბიბლიის ერთ-ერთი თარგმანი წმინდა სულს პიროვნებად წარმოაჩენს. ამიტომ ქადაგების დროს გვიჭირდა იმის ახსნა, რა განსხვავებაა მამას, ძესა და წმინდა სულს შორის. თუმცა ამ ახალ გამოცემაში ნათლად იკვეთება, რომ წმინდა სული მოქმედი ძალაა. დარწმუნებული ვარ, ახლა განსხვავებული მსახურება გვექნება“.
ეს ახალი გამოცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასიხარულო ცნობა „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი (გამოცხადება 14:6).