2022 წლის 29 მარტი
კვიპროსი
100 წლის განმავლობაში კვიპროსელი და-ძმები ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას
2022 წელს 100 წელი შესრულდა, რაც იეჰოვას მოწმეებმა კვიპროსზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულოვან სახელმწიფოში, დაიწყეს ქადაგება. პირველ საუკუნეში ამ კუნძულს მოციქული პავლე ეწვია ბარნაბასთან ერთად, რომელიც კვიპროსელი იყო, თანამედროვე დროში კი ჭეშმარიტების პირველი მარცვალი აქ 1922 წელს ჩაითესა, როცა ადგილობრივმა მღვდელმა მიიღო ბუკლეტი „განაგრძობს სული არსებობას?“.
ორი წლის შემდეგ სირუს ჩარალამბუსი, შეერთებულ შტატები მცხოვრები ბიბლიის მკვლევარი, კვიპროსზე დაბრუნდა. ის მთელი გულმოდგინებით შეუდგა სამქადაგებლო საქმეს და კვიპროსის ყველა ქალაქსა და სოფელში დაგზავნა ბუკლეტი „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“.
ბუკლეტმა ანტონის სპეციოტესამდეც მიაღწია. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წაკითხულმა, რის შესახებაც თავის მეზობელს, ანდრეას ქრისტუსსაც მოუთხრო. ამის შემდეგ ორივე მამაკაცმა დაიწყო ახლად გაგებული ცნობის სხვებისთვის გაზიარება.
ბერძნული მართლმადიდებლური სამღვდელოება შეეწინააღმდეგა მათ სამქადაგებლო საქმეს და ორივენი, ანტონისიც და ანდრეასიც, ეკლესიიდან განკვეთა. მიუხედავად ამისა, მათ თავდაპირველი შემართება არასოდეს დაუკარგავთ. 1930-იან წლებში ამ მამაკაცების დაუღალავი შრომის წყალობით სოფელ ქსილოფაგუში პირველი კრება ჩამოყალიბდა.
1947 წელს კუნძულზე სკოლა „გალაადის“ პირველი კლასის კურსდამთავრებული მისიონერი ანტონიოს კარანდინოსი ჩავიდა, რამაც სამქადაგებლო საქმის წინსვლას შეუწყო ხელი. 1948 წლისთვის კუნძულზე უკვე 50 მაუწყებელი მსახურობდა. მალე იქ ფილიალი გაიხსნა, 1960 წელს კი ძმებმა იურიდიული პირიც დაარეგისტრირეს. ორი წლის შემდეგ ქალაქ ნიქოზიაში პირველი დარბაზი აშენდა. მაუწყებელთა რიცხვი ისე იზრდებოდა, რომ ფილიალის გაფართოება გახდა საჭირო. განახლებული ფილიალის მიძღვნა 1969 წელს მოხდა.
ჩვენი საქმიანობის წინსვლასთან ერთად დევნამ და წინააღმდეგობამაც იმატა. 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყეს იმ ახალგაზრდა ძმების დაპატიმრება, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურის შესრულებაზე. სამხედრო ოფიცრებმა ზოგი მათგანი აწამეს კიდეც.
1974 წლიდან სხვა სახის სირთულეებმა იჩინა თავი, რადგან ქვეყანაში ომი დაიწყო. დაახლოებით 300 და-ძმას მოუწია საცხოვრებლის დატოვება. საჭირო გახდა ბეთელის ოჯახის წევრების ევაკუაციაც. თანაქრისტიანებმა კვიპროსელ და-ძმებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს. ბევრმა მათგანმა თავიანთ სახლებშიც შეიფარა დევნილი თანამორწმუნეები.
მომდევნო წლებში ძმები ძველებური შემართებით აგრძელებდნენ ღვთისადმი მსახურებას. 2006 წელს ქალაქ ლიმასოლში ისტორიული საოლქო კონგრესი გაიმართა, სახელწოდებით „ხსნა ახლოსაა!“. მრავალი წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კვიპროსში მცხოვრებ ყველა იეჰოვას მოწმეს ერთად შეკრების შესაძლებლობა მიეცა.
ამჟამად კუნძულზე 2 866 მაუწყებელი მსახურობს 41 კრებასა და 17 ჯგუფში. ეს ჯგუფები 14 ენაზე ეწევიან სამქადაგებლო საქმიანობას. 2021 წელს გახსენების საღამოს 5 588 ადამიანი დაესწრო.
ჩვენც ვუერთდებით კვიპროსელი და-ძმების სიხარულს. გვჯერა, რომ, იეჰოვას დახმარებით, ისინი კვლავაც განაგრძობენ აღებული კურსით სვლას (ფილიპელები 3:16).