2022 წლის 28 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ვებგვერდი JW.ORG 10 წლისაა — ნაწილი 1
ბიბლიაზე დაფუძნებული ვიდეოებისა და პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები
2022 წელს იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდის შექმნიდან 25 წელი გავიდა. 2012 წლის 27 აგვისტოს ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა საიტის განახლებული ვერსია, რომელსაც jw.org ეწოდა. ამ სამ-ნაწილიანი სტატიათა სერიიდან გაიგებთ, რა შედეგი მოჰყვა ვებგვერდის განახლებას.
ვიდეოები: 2012 წელს რეგიონულ კონგრესზე გამოიცა ვიდეოსერიის „დაუმეგობრდი იეჰოვას“ DVD დისკები, თუმცა დროთა განმავლობაში DVD დისკებმა პოპულარობა დაკარგა და მათი წარმოებაც გაძვირდა. 2012 წლის ზაფხულში შეიქმნა ვებგვერდის განახლებული ვერსია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ვიდეოების უფრო მარტივი გზით გამოცემა. 2013 წლის იანვარში jw.org-ზე უკვე ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსერიის, „დაუმეგობრდი იეჰოვას“, მესამე გაკვეთილი „ყოველთვის ილოცე“. ამჟამად ამ ვიდეოსერიის 40-ზე მეტი ეპიზოდია განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე.
2013 წელს jw.org-ზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. მას შემდეგ სამქადაგებლო საქმეში ვიდეოები აქტიურად გამოიყენება და „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მაგალითად, 2014 წელს გამართული კამპანიის დროს, რომლის მიზანიც jw.org-ის რეკლამირება იყო, ვებგვერდზე არსებული ვიდეოების ჩამოტვირთვის და ნახვის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 15 მილიონი იყო.
ერთი ძმა, რომელიც jw.org-ის შექმნაში მონაწილეობდა, ამბობს: „რწმენა მიძლიერდება, როცა ვხედავ, თუ როგორ მოგვამზადა იეჰოვამ მომავლისთვის. ვებგვერდის განახლებული ვერსიის შექმნა რომ დავიწყეთ, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ის ასეთ მნიშვნელოვანი გახდებოდა“. 2014 წლის ოქტომბერში JW მაუწყებლობის პირველი ყოველთვიური პროგრამა გამოვიდა. ამავე თვეში ვებგვერდიდან ჩამოტვირთული ვიდეოების რაოდენობამ 37 მილიონზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ ვებგვერდზე არსებულმა ვიდეოებმა მეტი პოპულარობა მოიპოვა. 2022 წლის მონაცემებით, ვებგვერდიდან თვეში, საშუალოდ, 260 მილიონი ვიდეოს ჩამოტვირთვა ხდება.
ელექტრონული პუბლიკაციები: ბოლო წლებში ბევრი ადამიანი, დაბეჭდილის ნაცვლად, ელექტრონული მასალის კითხვას ამჯობინებს. 2012 წელს, ვებგვერდის განახლების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდა ჟურნალების ელექტრონული ვერსიებიც. ამან შესაძლებელი გახადა, რომ ხალხს ჟურნალები მანამ წაეკითხა, სანამ ბეჭდური ვერსია გამოიცემოდა. სწორედ ელექტრონული პუბლიკაციების მატებამ განაპირობა ის, რომ 2013 წელს აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“ შეიქმნა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პუბლიკაციების კითხვისა და გამოკვლევისთვის საკმაოდ პრაქტიკული აღმოჩნდა ვებგვერდი jw.org და აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“.
წარსულში რეგიონულ კონგრესებზე გამოცემული პუბლიკაციები ვებგვერდსა და აპლიკაციაში მომდევნო წლის იანვრამდე მიუწვდომელი იყო. თუმცა 2015 წელს რეგიონულ კონგრესზე გაკეთდა განცხადება, რომ გამოცემული მასალა — „იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, „დაუბრუნდი იეჰოვას“ და „ რა არის ნამდვილი სიყვარული?“ — ელექტრონულად უკვე ხელმისაწვდომი იყო. 2016 წლის მაისის JW მაუწყებლობის პროგრამაში ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ენტონი მორისმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბროშურა „პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე“. მან აღნიშნა, რომ ამ პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომი იყო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პუბლიკაცია მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს გახდა ხელმისაწვდომი.
იეჰოვას ორგანიზაცია უკვე არაერთი წელია, რაც ტექნოლოგიურ მიღწევებს სამეფოს საქმის მხარდასაჭერად იყენებს. გვახარებს იმის დანახვა, რომ ვებგვერდის საშუალებით სულიერი საზრდო ყოველთვის არის ხელმისაწვდომი (მათე 24:45).
ჩამოტვირთული ვიდეოების თვიური მაჩვენებელი
ყოველდღიური ნახვების თვიური მაჩვენებელი
გამოიცა ვიდეოსერია „ყოველთვის ილოცე“ (2013 წლის იანვარი)
გამოიცა აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“ (2013 წლის ოქტომბერი)
მთელ მსოფლიოში გამართული კამპანიისთვის გამოცემული ბუკლეტი (2014 წლის აგვისტო)
ვებგვერდზე გამოჩნდა JW მაუწყებლობის პირველი ყოველთვიური პროგრამა (2014 წლის ოქტომბერი)
ხელმისაწვდომი გახდა კონგრესზე გამოცემული პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები (2015 წლის მაისი)
მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს ხელმისაწვდომი გახდა ბროშურა „პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე“ (2016 წლის მაისი)