21 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ვებგვერდი JW.ORG 10 წლისაა — ნაწილი 3
მსახურებაში დამხმარე საშუალება
ამ სტატიათა სერიის წინა ორი ნაწილიდან გავიგეთ, თუ როგორ შეუწყო ხელი ვებგვერდმა jw.org ვიდეოებისა და ელექტრონული პუბლიკაციების გამოცემასა და გავრცელებას და როგორ ეცნობიან მისი მეშვეობით მთელ მსოფლიოში ჩვენი და-ძმები უახლეს ამბებს. ამ ნაწილიდან შევიტყობთ, რა როლს ასრულებს ვებგვერდი სამქადაგებლო საქმიანობაში.
ენები: როცა 2012 წლის აგვისტოში ვებგვერდის განახლება მოხდა, საწყისი გვერდი 139 ენაზე იყო ხელმისაწვდომი. 2014 წლის აგვისტოში გამართული კამპანიის დროს, რომლის მიზანიც jw.org-ის რეკლამირება იყო, ის უკვე 500-ზე მეტ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის 22 ჟესტურ ენაზე. დღეს ვებგვერდზე 1 070-ზე მეტი ენის არჩევაა შესაძლებელი, რომელთა შორისაც 100-ზე მეტი ჟესტური ენაა.
საწყის გვერდზე განთავსებული სტატიები: 2019 წლის ოქტომბერში შეიცვალა საწყის გვერდზე არსებული სტატიების განლაგება. ვებგვერდის თავში განთავსდა ერთი წამყვანი სტატია, ხოლო მის ქვემოთ სამი აქტუალური სტატია, რათა თვალში უფრო ადვილად მოსახვედრი ყოფილიყო. სტატიათა ასეთი განლაგება და-ძმებს ეხმარება, იცოდნენ, რა არის აქტუალური და რა შეუძლიათ გამოიყენონ მსახურებაში. სამწერლო და მხატვრული გაფორმების განყოფილებები ზრუნავენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს დროულად გამოეხმაურონ და შექმნან შესაბამისი სტატიები და სურათები, რომლებიც მალევე განთავსდება საწყის გვერდზე. მაგალითად, როცა კოვიდპანდემიამ იფეთქა, ან როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მსოფლიოს სასურსათო კრიზისი დაემუქრა, საწყის გვერდზე მაშინვე განთავსდა შესაბამისი სტატიები.
ინფორმაციის მიღება ონლაინ: ვებგვერდი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, ზუსტი ინფორმაცია მიიღონ ჩვენი და ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და დაუკავშირდნენ იეჰოვას მოწმეებს. მაგალითად, ერთი სმენადაქვეითებული ქალბატონი მოზარდობის პერიოდში ბიბლიას სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაციაც დაკარგა. მას ძალიან სურდა შესწავლის გაგრძელება, თუმცა სახლში არავინ აკითხავდა. ამ ქალბატონს ახსოვდა, რომ შეეძლო, ონლაინ მოეთხოვა ბიბლიის შესწავლა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას ორმა სპეციალურმა პიონერმა მიაკითხა. მან შესწავლა განაახლა, კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო, მოინათლა და ახლა უკვე თავის სამ შვილს ასწავლის ბიბლიას. ის ამბობს: „ამ ვებგვერდის არსებობისთვის იეჰოვას ვუხდი მადლობას. ონლაინ რომ არ შემევსო განაცხადი, ვინ იცის, რამდენ ხანს მომიწევდა ლოდინი?!“.
სამქადაგებლო საქმე სულ უფრო წინ მიიწევს, ამიტომ გვახარებს, რომ იეჰოვას ორგანიზაცია მსახურებაში დამხმარე არაერთ საშუალებას გვთავაზობს (ესაია 60:22).
ჩამოტვირთული ვიდეოების თვიური მაჩვენებელი
ყოველდღიური ნახვების თვიური მაჩვენებელი
გამოქვეყნდა ვებგვერდის მთავარი ლოგო (2013 წლის მარტი)
ხელმისაწვდომი გახდა ჟესტური ენები (2014 წლის ივლისი)
განახლდა საწყისი გვერდი (2019 წლის ოქტომბერი)
გამოქვეყნდა სახელმძღვანელო „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ (2021 წლის იანვარი)