არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი და ანა ბერჩუკები და დიმიტრი და ქრისტინა გოლიკები

2021 წლის 9 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ალექსეი ბერჩუკსა და დიმიტრი გოლიკს ბოროტმოქმედებაში ედებათ ბრალი

ალექსეი ბერჩუკსა და დიმიტრი გოლიკს ბოროტმოქმედებაში ედებათ ბრალი

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ალექსეისა და დიმიტრის მეორე საჩივარს

2022 წლის 16 თებერვალს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეცხრე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეი ბერჩუკისა და დიმიტრი გოლიკის მეორე საჩივარი. ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

2021 წლის 2 სექტემბერს ამურის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეისა და დიმიტრის საჩივარი. სასამართლომ ძალაში დატოვა ალექსეისთვის გამოტანილი განაჩენი, ხოლო დიმიტრის სასჯელი ათი თვით შეუმცირა. მათ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან მალე ციხეში გადაიყვანენ.

2017 წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეებისთვის მისჯილი ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა რუსეთში

2021 წლის 30 ივნისს ამურის ოლქში მდებარე ბლაგოვეშჩენსკის საქალაქო სასამართლომ ალექსეის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დიმიტრის — შვიდი წლით. 2017 წელს რუსეთში ჩვენი საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, ჩვენი და-ძმებისთვის მისჯილი ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი შვიდწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა იყო. ორივე ძმა სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.

ზოგადი ინფორმაცია

ალექსეი ბერჩუკი

  • დაბადების წელი: 1975 (კარტალი, ჩელიაბინსკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა მშენებლობაზე და სამალიარო საქმეზე. ბიბლიით 1990-იანი წლების ბოლოს დაინტერესდა. მიატოვა ძალადობრივი სპორტი. ახლა სიამოვნებას ანიჭებს მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში. მოინათლა 1998 წელს. 2008 წელს დაქორწინდა ანაზე.

დიმიტრი გოლიკი

  • დაბადების წელი: 1987 (ტოხოი, ბურიატიის რესპუბლიკა)

  • ბიოგრაფია: მუშაობს ჩინური ენის მთარგმნელად. უყვარს შტანგით ვარჯიში, ფეხბურთის თამაში და გიტარაზე დაკვრა.

    მთელმა მისმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. დიმიტრი 2002 წელს მოინათლა. როცა სამხედრო სამსახურის შესასრულებლად კომისარიატში გამოიძახეს, მან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლა მოითხოვა. ის მოხუცებულთა თავშესაფარში გაამწესეს. 2012 წელს დაქორწინდა ქრისტინაზე. ისინი ერთად სწავლობენ ინგლისურ და ჩინურ ენებს მსახურების გაფართოების მიზნით.

სასამართლო საქმე

2018 წლის დასაწყისში სახელმწიფო აგენტებმა ძმა დიმიტრის ბინაში ჩუმად დაამონტაჟეს აუდიო და ვიდეო სამეთვალყურეო მოწყობილობა. 2018 წლის ივნისში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ბლაგოვეშჩენსკში იეჰოვას მოწმეთა შვიდ ბინაში მოაწყვეს რეიდი. შედეგად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ძმების, დიმიტრი გოლიკისა და ალექსეი ბერჩუკის, წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ ე. წ. ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზება.

ალექსეისთვის მაშინვე არ უთქვამთ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2019 წლის 21 იანვარს ის მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში დააკავეს საპასპორტო კონტროლის დროს. ფედერალური უსაფრთხოების გამომძიებელმა ალექსეი თავის ქალაქში დააბრუნა. მას დღემდე ეკრძალება ქალაქიდან გასვლა.

ორივე ძმა ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარი მომზადება. დიმიტრი ამბობს: „მართალია, კარგის მოლოდინით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ამავე, დროს ყველაზე ცუდისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. დევნისთვის წინასწარ შევამზადე გონება, რაც ძალიან დამეხმარა. თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მუდმივად ვცდილობდი რწმენის განმტკიცებას. დევნების დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენად ჭკვიანები ვართ ან რამდენად კარგად შეგვიძლია დავემალოთ მდევნელებს, არამედ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება. იესოსაც შეეძლო დამალვოდა მტრებს და ამას შესანიშნავად მოახერხებდა, მაგრამ ეს არ იყო მისი მიზანი. ჩვენ იესოს მოწაფეები ვართ და ჩვენი მიზანი სირთულეებისთვის თავის არიდება კი არა, ამ განსაცდელების ღირსეულად ატანაა“.

ალექსეი აღნიშნავს: „არასოდეს არ უნდა თქვა, ეს მე არ დამემართებაო. აშკარაა, რომ იეჰოვა უშვებს დევნებს. თუ ამას წინასწარვე გააცნობიერებ და ყურადღებას დადებითზე გადაიტან, როცა ეს მოხდება, გაცილებით ადვილად გაუსწორებ რეალობას თვალს და შეძლებ მოთმინების გამოვლენას და იეჰოვაზე მინდობას“.

ვიცით, რომ რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამორწმუნეებს, მათ შორის ალექსეის, დიმიტრისა და მათ მეუღლეებს, ისეთივე განწყობა აქვთ, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა. ის ამბობდა: „აი, ღმერთია ჩემი შემწე; იეჰოვა მათთან არის, ვინც მხარში მიდგას“ (ფსალმუნი 54:3, 4).