2021 წლის 18 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ორ ძმას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება რწმენის გამო
2022 წლის 18 ოქტომბერს საერთო იურისდიქციის მეცხრე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იური ბელოსლუდცევისა და სერგეი სერგეევის მეორე საჩივარი. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 21 აპრილს პრიმორიეს მხარის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იურისა და სერგეის საჩივარი.
2022 წლის 31 იანვარს პოჟარსკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავეებად ცნო იური და სერგეი და ორივე მათგანს ექვსწლიანი ვადით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
ზოგადი ინფორმაცია
იური ბელოსლუდცევი
დაბადების წელი: 1964 (სმიდოვიჩი, ებრაელთა ავტონომიური ოლქი).
ბიოგრაფია: აღზარდა ბებიამ ერთ პატარა სოფელში. მუშაობდა ინჟინრად ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიაში. უყვარს თევზაობა და თხილამურებზე სრიალი.
1985 წელს დაქორწინდა ელენაზე. ცოლ-ქმარზე ძალიან იმოქმედა ღვთის დანაპირებმა, რომ ის მოსპობს ბოროტებას და ტანჯვას. ორივე მათგანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, თუ როგორ სრულდებოდა და სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. შედეგად, ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და 1994 წელს მოინათლნენ.
სერგეი სერგეევი
დაბადების წელი: 1955 (დუხოვნიცკოე, სარატოვის ოლქი)
ბიოგრაფია: მუშაობდა მაღაროში პენსიაში გასვლამდე. 1991 წელს დაქორწინდა ნელიზე. ჰყავთ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. სერგეის და ნელის ძალიან უყვართ ძაღლები.
დაქორწინებიდან მალევე ორივემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით სრულდებოდა. აგრეთვე მოიხიბლნენ ბიბლიაში ჩაწერილი გონივრული რჩევებით. ისინი 1996 წელს მოინათლნენ.
სასამართლო საქმე
2019 წლის 17 მარტს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მასობრივი რეიდები მოაწყვეს ლუჩეგორსკში, პრიმორიეს მხარეში. და-ძმებს ჩვენებები ჩამოართვეს. ზოგი მათგანი შვიდი საათი ჰყავდათ დაკითხვაზე. იური და სერგეი დააკავეს.
ორი დღის შემდეგ იური და სერგეი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 6 თვეზე მეტხანს ამყოფეს. 2019 წლის სექტემბრიდან ძმებს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს. მათ დაახლოებით 5 თვე მოუწიათ შინაპატიმრობაში ყოფნა.
ორივე მათგანი ამბობს, რომ ლოცვა დაეხმარათ, აეტანათ წინასწარი დაკავების იზოლატორში არსებული სირთულეები. სერგეი ამბობს, რომ დადებითი განწყობის შენარჩუნებაში ბიბლიაც დაეხმარა. ის გვიზიარებს: «გამახსენდა იესოს სიტყვები: „თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20). ჩემთვის გავიფიქრე: „ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ხდება, გადახდა იესო ქრისტეს, მის მოციქულებსა და მოწაფეებს. აშკარაა, იეჰოვას სჯერა ჩემი, რომ აქ შემიძლია კარგად დავამოწმო“. ამაზე ფიქრი და ლოცვებზე პასუხი მაძლიერებდა და კარგ განწყობაზე მაყენებდა».
იური გვიყვება, რომ ერთ დროს უჭირდა ბიბლიის რეგულარული კითხვა, მაგრამ ერთი ძმის დახმარებით დასძლია ეს პრობლემა, რაც ძალიან წაადგა იზოლატორში ყოფნის დროს. ის ამბობს: „ყოველთვის ვიხსენებდი მაგალითებს ბიბლიიდან და ჩვენი პუბლიკაციებიდან, რომლებიც მანამდე მქონდა გამოკვლეული. ეს ძალებს მმატებდა, მეხმარებოდა სიხარულის შენარჩუნებაში და იმაში, რომ ზედმეტად არ მენერვიულა“.
ვლოცულობთ და გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც იქნება „თავშესაფარი და ძალა“ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის „გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 46:1).