2021 წლის 23 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ოლგა განუშას კონკრეტული ლოცვები ეხმარება, აიტანოს დევნა
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ოლგა განუშას საჩივარს
2021 წლის 30 სექტემბერს როსტოვის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ოლგას საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი. ამჟამად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.
2021 წლის 13 ივლისს დონის როსტოვში მდებარე ვოროშილოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლგას ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
ზოგადი ინფორმაცია
ოლგა განუშა
დაბადების წელი: 1961 (დონის როსტოვი)
ბიოგრაფია: ამჟამად პენსიონერია. მარტომ აღზარდა ერთი ვაჟიშვილი. უყვარს ხელსაქმე, კლასიკური მუსიკის მოსმენა და წიგნების კითხვა.
ბიბლიის შესწავლის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაიგო, რომ ღვთის დაპირების თანახმად ადამიანები სამოთხეში იცხოვრებდნენ მკვდრეთით აღდგენილ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. მოინათლა 1995 წელს.
სასამართლო საქმე
2019 წლის დასაწყისში რუსმა სამართალდამცავებმა და ოლგა განუშას ბინაში მალულად დაამონტაჟეს აუდიო და ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობა. ამ, თითქოსდა, სამხილის საფუძველზე მათ 2019 წლის ივნისში მის ბინაში რეიდი მოაწყვეს. სამართალდამცავებმა აგრეთვე გაჩხრიკეს მისი პირადი ბლოკნოტები, წერილები და ბუკლეტები. 2020 წლის 17 აგვისტოს ოლგას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი; მის საქმეზე სასამართლო მოსმენა 2021 წლის 4 მარტიდან დაიწყო. მას ბრალად ედება საკუთარი ბინის გამოყოფა რელიგიური შეხვედრებისთვის, მათში მონაწილეობა და თავის რწმენაზე სხვებთან საუბარი. დასაწყისში მის საქმესთან ერთად განიხილებოდა დების, ლუდმილა პონომარენკოსა და გალინა პარკოვას საქმეებიც, მაგრამ ახლა მათზე ცალ-ცალკე საქმეა აღძრული.
თითქმის ორი წელია, რაც და ოლგას საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში მას ძალას კონკრეტული და დაჟინებული ლოცვები აძლევს. ოლგა ამბობს: „ყოველდღე განსაკუთრებულად ვლოცულობ ღვთის სახელის განწმენდაზე. ვლოცულობ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ციხეებში თუ შინაპატიმრობაში მყოფი და-ძმებისთვის, რომ მათ შეძლონ კარგად დამოწმება და მხნეობის შენარჩუნება. იმისთვისაც ვლოცულობ, რომ მათ ბოლომდე შეინარჩუნონ რწმენა და მტკიცედ სჯეროდეთ, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებს გასაჭირში მყოფთ“. თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოლგა დასძენს: «იეჰოვას ლოცვაში ვთხოვ, დამეხმაროს შიშის დაძლევასა და მისადმი ნდობის გაღრმავებაში; იმასაც ვთხოვ, რომ იერემიასავით „რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად“ მაქციოს. მინდა, რომ სამი ებრაელის მსგავსად შევძლო ცეცხლოვანი განსაცდელების ატანა. ვლოცულობ, რომ ყოველთვის ისე ღირსეულად მოვიქცე, როგორც ქრისტე იქცეოდა მტრების წინაშე».
გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც თავისი „სიმართლის მარჯვენას ჩასჭიდებს“ ოლგას და იმ და-ძმებს, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან (ესაია 41:10).