2021 წლის 6 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო ძმა ალექსანდრე შჩერბინას სამწლიან პატიმრობას უფარდებს
განაჩენი
2021 წლის 6 აპრილს კრასნოდარის მხარეში მდებარე აბინსკის რაიონულმა სასამართლომ ძმა ალექსანდრე შჩერბინა დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დარბაზიდან ის პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს. ალექსანდრე გაასაჩივრებს აღნიშნულ განაჩენს.
ზოგადი ინფორმაცია
ალექსანდრე შჩერბინა
დაიბადა: 1976 წელს ხოლმსკაიაში (კრასნოდარის მხარე).
ბიოგრაფია: ორივე მშობელი დაღუპული ჰყავს. მუშაობდა ტრაილერის მძღოლად, მანქანების მექანიკოსად და კარ-ფანჯრებისა და ავეჯის დამონტაჟებაზე.
ახალგაზრდობაში უყვარდა კალათბურთისა და ფეხბურთის თამაში. დაახლოებით 20 წლის იყო, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევის შემდეგ დარწმუნდა ბიბლიის სანდოობაში. მოინათლა 1999 წელს.
სასამართლო საქმე
კრასნოდარში სამართალდამცავებმა 2020 წელს ორჯერ გაჩხრიკეს ძმა ალექსანდრე შჩერბინას ბინა, პირველად აპრილში, მეორედ — დეკემბერში. ალექსანდრე ორივეჯერ დაკითხეს, რის შემდეგაც მას ბიბლია და ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს.
ალექსანდრეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2021 წლის 17 მარტს აღიძრა აბინსკის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნული სასამართლოს მიერ, ჩვენი ძმების წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეების მსგავსად, ალექსანდრეს საქმის განხილვაც სწრაფად მოხდა.
სასამართლო დარბაზში ალექსანდრემ გაბედულად განაცხადა: „ფაქტობრივად, მე დღეს იმიტომ მასამართლებენ, რომ მწამს ღმერთი და ვარ იეჰოვას მოწმე, ანუ იმის გამო, რომ ვსარგებლობ რუსეთის კონსტიტუციის 28-ე მუხლით მონიჭებული უფლებებით. ჩემი რელიგიური შეხედულებები ბიბლიას ეფუძნება, ამიტომ ისინი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ექსტრემიზმი ჰქვია“.
იეჰოვას ვემადლიერებით იმისთვის, რომ, მისი მხარდაჭერით, რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები გაბედულებისა და რწმენის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. ვიცით, რომ მათ მოთმინებას იეჰოვა უხვი კურთხევებით დააჯილდოებს (ებრაელები 10:36).