არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა დიმიტრი ბარმაკინი მეუღლესთან, ელენასთან, ერთად პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

2019 წლის 19 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო ძმა დიმიტრი ბარმაკინს 447-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ათავისუფლებს

რუსეთის სასამართლო ძმა დიმიტრი ბარმაკინს 447-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ათავისუფლებს

447-დღიანი პატიმრობის შემდეგ 2019 წლის 18 ოქტომბერს ძმა დიმიტრი ბარმაკინს წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ის დაუბრუნდა თავის მეუღლეს, ელენას; ისინი 13 წელია დაქორწინებულები არიან.

ძმა დიმიტრი 2018 წლის 28 ივლისს შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პოლიციელებმა იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც 90 წლის სიდედრის სანახავად იყო მისული. მას ბრალად წაუყენეს იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობა. ვლადივოსტოკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ბარმაკინი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს 2 თვის ვადით. მაგრამ სასამართლომ მას 8-ჯერ გაუხანგრძლივა პატიმრობის ვადა.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, რომელიც ძმა დიმიტრის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს გაიმართა, სასამართლომ ძმა დიმიტრი ბარმაკინის მშვიდობიანი თაყვანისმცემლობა შეაფასა, როგორც „სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაული“. ეს უსაფუძვლო ბრალდება ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 28-ე მუხლს, სადაც წერია, რომ ყველა მოქალაქეს „აქვს უფლება, აირჩიოს რომელ რელიგიურ მიმდინარეობას მიჰყვეს, იმოქმედოს ამ რელიგიური შეხედულებების თანახმად და სხვებთან თავისუფლად ისაუბროს მის შესახებ“.

გვიხარია, რომ ვლადივოსტოკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, სტანისლავ სალნიკოვმა, დიმიტრი ბარმაკინი ციხიდან გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ დახურულა.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს ჩვენს და-ძმებს რუსეთში, განსაკუთრებით მათ, ვინც ციხეებსა და შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ძმა დიმიტრის მსგავსი ძმები გაბედულების და ერთგულების უბადლო მაგალითს აძლევენ მსოფლიო საძმოს (ფილიპელები 1:13, 14).