2018 წლის 7 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას
2018 წლის 3 მაისს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოწმეები ცდილობდნენ, არ დაეშვათ სახელმწიფოს მხრიდან სოლნეჩნოეში არსებული ადმინისტრაციული ცენტრის ჩამორთმევის ფაქტი. სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული და სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს ჩამოართვას მოწმეებს საკუთრება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ამყარებს სესტრორეცკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბათილად ცნო სოლნეჩნოეში არსებული საკუთრების „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებისთვის“ გადაცემის ხელშეკრულება, რომელიც 17 წლის წინ დაიდო. ხელშეკრულების ბათილად ცნობამ სასამართლოს იმის მტკიცების საშუალება მისცა, რომ რუსეთში არსებული იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი ყოველთვის რუსეთში მცხოვრები მოწმეების საკუთრება იყო. ეს კი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, მოახდინოს არსებული საკუთრების კონფისკაცია, რადგან 2017 წლის აპრილში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაცია. ამგვარი უსამართლო „არგუმენტებით“ ხელისუფლებამ კანონი შესანიშნავად მოირგო და ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს, თვითნებურად მიისაკუთროს მოწმეების საკუთრება.
ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს: „ეს გადაწყვეტილება კანონის აშკარა დარღვევაა. აღნიშნული საკუთრება ღვთისთვის იყო მიძღვნილი და განკუთვნილი იყო იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი რელიგიური საქმიანობის მხარდასაჭერად რუსეთში. მთავრობა კი, შეიძლება ითქვას, იპარავს ღვთის საკუთრებას. ამ უსამართლო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“.