არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 11 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს აძლევს უფლებამოსილ პირებს, მოახდინონ იეჰოვას მოწმეების ფილიალის კონფისკაცია

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს აძლევს უფლებამოსილ პირებს, მოახდინონ იეჰოვას მოწმეების ფილიალის კონფისკაცია

2017 წლის 7 დეკემბერს სესტრორეცკის საოლქო სასამართლომ პროკურორის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა რუსეთში მდებარე იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის მფლობელთან დადებული მრავალწლიანი ხელშეკრულება. თუ სასამართლო სააპელაციო განხილვის შემდეგაც დაუჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, რუსეთის ხელისუფლებას „კანონიერი“ უფლება მიეცემა, მოახდინოს იეჰოვას მოწმეების საკუთრების კონფისკაცია, რომელიც სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, სოლნეჩნოეში, მდებარეობს.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 17 წლის წინ გაფორმდა, რომლის თანახმადაც რუსეთში იეჰოვას მოწმეების საკუთრება აშშ-ს იურიდიულ პირს (პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება) გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულების კანონიერება რუსეთის უფლებამოსილ პირებს ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებიათ. აშშ-ს იურიდიულმა პირმა უფლება მიანიჭა რუსეთში იეჰოვას მოწმეებს, ესარგებლათ ამ საკუთრებით, რათა ხელმძღვანელობა გაეწიათ იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს იურიდიული პირი ყოველთვის იხდიდა ქონების გადასახადს.

2017 წლის 20 აპრილს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთში ლიკვიდირებულ იქნას იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირები, აიკრძალოს მათი საქმიანობა და მოხდეს მოწმეების ქონების კონფისკაცია. ახლა კი პროკურორი 17-წლიანი ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს, რაც ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, რადგან ქონების გადაცემის გასაჩივრების ვადა წლების წინ ამოიწურა. 4-საათიანი სასამართლო განხილვის დროს იეჰოვას მოწმეებმა წარმოადგინეს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ქონების გადაცემა კანონიერად მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, მოსამართლე ბოგდანოვამ პროკურორის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

იეჰოვას მოწმეებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ.