არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 14 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის საბაჟოს თანამშრომლები იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის შეტანის უფლებას არ აძლევენ

რუსეთის საბაჟოს თანამშრომლები იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის შეტანის უფლებას არ აძლევენ

გასულ წელს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაილაშქრეს რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ. იეჰოვას მოწმეებს უფლება არ მისცეს, ქვეყანაში მათ მიერ გამოცემული ბიბლიები შეეტანათ. მოწმეები აღაშფოთა ვიბორგის საბაჟოს თანამშრომლების განაცხადმა, რომ მათ მიერ ნათარგმნი ბიბლია შეიძლებოდა ექსტრემისტული მასალის შემცველი ყოფილიყო. ეს ფაქტი დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებზე, არამედ რუსეთის სხვა მოქალაქეებზეც, ვინც ბიბლიას წმინდა წიგნად და რწმენის საყრდენად მიიჩნევს.

აბსურდული მტკიცებულებები ბიბლიის წინააღმდეგ

2015 წლის 13 ივლისს რუსეთის საბაჟოს თანამშრომლებმა ვიბორგის საზღვარზე იეჰოვას მოწმეებს უფლება არ მისცეს, ქვეყანაში შეეტანათ რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2 013 ეგზემპლარი. a მათ მოახდინეს სამი ბიბლიის კონფისკაცია და გაგზავნეს „ექსპერტიზაზე“, რათა დაედგინათ, შეიცავდა თუ არა ექსტრემისტული შინაარსის მასალას; ხოლო დანარჩენი ტვირთი საზღვარზე გააჩერეს. აგვისტოში საბაჟოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული დავა წამოიწყეს ფინეთში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის წინააღმდეგ, რადგან ამ ფილიალის მეშვეობით ხდებოდა რუსეთში იეჰოვას მოწმეების ლიტერატურის შეტანა.

2015 წლის 5 მაისს საბაჟოს თანამშრომლებმა საზღვარზე გააჩერეს იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიტერატურა, რომელთა შორის მოწმეების მიერ ოსურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიებიც იყო. ეს ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთში ოსურ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანებზე, რადგან დღემდე ამ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარდა სხვა სრული თარგმანი არ არსებობს.

რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა არასწორად გამოიყენეს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ რუსეთის ფედერალური კანონი, როცა იეჰოვას მოწმეების ზოგი ბიბლიური პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოაცხადეს; თუმცა ბიბლიასთან დაკავშირებით ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მთავრობა იმის მტკიცებას მოჰყვა, რომ შეიძლებოდა ეს წიგნიც ექსტრემისტული შინაარსის ყოფილიყო. b თუ სასამართლო ამ ბიბლიას ექსტრემისტულად ცნობს, მათი გავრცელება მთელ რუსეთში აიკრძალება.

რუსეთში რელიგიური ლიტერატურის შეტანის უკანონოდ აკრძალვა

საზღვარზე გაჩერებული ლიტერატურა

საბაჟოს თანამშრომლებმა ქვეყანაში არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიების იმპორტი აკრძალეს, არამედ 2015 წლის მარტიდან მოყოლებული არაერთხელ გააჩერეს საზღვართან უკანონოდ იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიტერატურა და მოწმეებს მათი ქვეყანაში შეტანის უფლება არ მისცეს. საბაჟოს თანამშრომლები ყოველ ჯერზე ერთი და იმავე პროცედურებს იმეორებენ. აწარმოებენ უკანონო ჩხრეკას და შემდეგ რამდენიმე პუბლიკაციას „ექსპერტიზაზე“ აგზავნიან; c მოგვიანებით კი პროკურატურა საქმეს აღძრავს იმ მიზნით, რომ ლიტერატურა ექსტრემისტულად გამოცხადდეს. მოწმეები გვერდს ვერ აუვლიან სასამართლო პროცესებს, ვინაიდან ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა შეუძლებელი გახდება სასამართლო პროცესების გარეშე, რომლებიც ადმინისტრაციულ თუ საარბიტრაჟო სასამართლოებში გაიმართება.

იყო შემთხვევა, როცა იეჰოვას მოწმეებმა მათ მიერ გამოცემული ლიტერატურის ქვეყანაში შეტანის უფლების მოსაპოვებლად, საბაჟოს თანამშრომლებს წარუდგინეს მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც ამტკიცებდა, რომ მთავრობა ამ პუბლიკაციებს ექსტრემისტულად არ მიიჩნევდა. თუმცა საბაჟოს წარმომადგენლებმა უგულებელყვეს ეს ფაქტები და მაინც არ მისცეს მოწმეებს ქვეყანაში ლიტერატურის შეტანის უფლება.

იეჰოვას მოწმეების ბეჭდური პუბლიკაციების ქვეყანაში შეტანის აკრძალვასთან ერთად შეიზღუდა ელექტრონულ პუბლიკაციებზე წვდომაც. 2015 წლის 21 ივლისს რუსეთმა აკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი jw.org; ის ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ეს ვებგვერდი აკრძალა. ვებგვერდზე წვდომა მთელი რუსეთის მასშტაბით დაიბლოკა. უფრო მეტიც, ის, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე რეკლამას გაუწევს ვებგვერდს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.

ამ აკრძალვის გამო იეჰოვას მოწმეებს ხელი აღარ მიუწვდებათ ელექტრონულ პუბლიკაციებზე, რამაც განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია იმ იეჰოვას მოწმეებზე, რომლებსაც სმენა და მხედველობა აქვთ დაქვეითებული. ბიბლიური განათლების მიღება იეჰოვას მოწმეების რელიგიური მსახურების ძირითადი ნაწილია, ამიტომ ვებ-გვერდის დაბლოკვის გამო ისინი სრულად ვეღარ მონაწილეობენ თავიანთ თაყვანისცემაში.

იეჰოვას მოწმეები ითხოვენ სამართლიანობას

რუსეთის სასამართლოებმა მხარი არ დაუჭირეს ზოგი ისეთი წიგნის აკრძალვას, რომლებიც წმინდად არის მიჩნეული. მაგალითად, 2011 წელს ტომსკის (რუსეთი) სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ინდუსების წმინდა წიგნის, „ბჰაგავად-გიტას“ აკრძალვის თაობაზე. 2013 წელს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსულ ენაზე ნათარგმნი ყურანი ექსტრემისტულად იყო მიჩნეული.

იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ რუსეთის სასამართლოები მხარს არ დაუჭერენ საბაჟოს თანამშრომლების განაცხადს, რომლის თანახმადაც მათ მიერ ნათარგმნი ბიბლია ექსტრემისტულია. გარდა ამისა, ისინი მოელიან, რომ სასამართლო ბრძანებას გასცემს და მათ უფლება მიეცემათ, ქვეყანაში შეიტანონ ბიბლიები და რელიგიური ლიტერატურა.

ტვირთის დაკავების შემთხვევები

  1. 2015 წლის 1 მარტი

    საბაჟოს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ლიტერატურის შეტანის უფლება არ მისცეს და რამდენიმე პუბლიკაციის კონფისკაცია მოახდინეს.

  2. 2015 წლის 4 მაისი

    საბაჟოს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ლიტერატურის შეტანის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით მათ გაჩხრიკეს ტვირთი და რამდენიმე პუბლიკაციის კონფისკაცია მოახდინეს, მათ შორის ოსურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის, რათა დაედგინათ, ექსტრემისტული იყო თუ არა.

  3. 2015 წლის 28 მაისი

    სასამართლომ პეტერბურგში შექმნა ჯგუფი, რომელსაც 2015 წლის 1 მარტს ჩამორთმეულ პუბლიკაციებზე „ექსპერტიზის“ ჩატარება დაევალა.

  4. 2015 წლის ივნისი

    ვიბორგის საზღვარზე საბაჟოს თანამშრომლებმა ორჯერ დააკავეს ტვირთი.

  5. 2015 წლის 13 ივლისი

    საბაჟოს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეებს უფლება არ მისცეს, ქვეყანაში შეეტანათ რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიები.

  6. 2015 წლის 13 აგვისტო

    ვიბორგის საბაჟოს თანამშრომლებმა 13 ივლისს საზღვარზე გაჩერებული 2 013 ბიბლიის კონფისკაცია მოახდინეს, რადგან ამტკიცებდნენ, რომ ისინი შეიძლებოდა ექსტრემისტული შინაარსის ყოფილიყო. თანამშრომლებმა ადმინისტრაციული დავა წამოიწყეს ფინეთში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის წინააღმდეგ.

  7. 2015 წლის 1 სექტემბერი

    მოსამართლემ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების საჩივარი იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ოსურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიებისა და სხვა ლიტერატურის შეტანის უფლება მიეღოთ, რომლებიც საბაჟოს თანამშრომლებმა 4 მაისს საზღვართან გააჩერეს. მოსამართლემ იეჰოვას მოწმეების ადვოკატებს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მისცა.

  8. 2015 წლის 30 ოქტომბერი

    ქალაქ ვიბორგის სასამართლომ განაცხადა, რომ საბაჟოს თანამშრომლებმა 4 მაისს უკანონოდ გაჩხრიკეს მოწმეების ლიტერატურა.

  9. 2015 წლის 17 ნოემბერი

    სასამართლომ მოისმინა საქმე 13 ივლისს საზღვარზე გაჩერებული ბიბლიების თაობაზე და გადადო სასამართლო პროცესი.

a ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ იეჰოვას მოწმეების მიერ თანამედროვე ენაზე შესრულებული თარგმანია. ის 120-ზე მეტ ენაზე გამოიცემა და მას მოწმეები უფასოდ ავრცელებენ.

b 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რუსეთის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეების 82 პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოაცხადეს. მოწმეები ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას როგორც ადგილობრივ სასამართლოებში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

c 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, ვიბორგის საბაჟოს თანამშრომლებმა შვიდჯერ გააჩერეს იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა საზღვარზე და მოწმეებს მათი ქვეყანაში შეტანის უფლება არ მისცეს.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად ჩხრეკისა და ნივთების კონფისკაციისთვის საჭიროა სასამართლო ბრძანებულება; ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს ორივე მხარის წარმომადგენლის თანდასწრებით. საბაჟოს თანამშრომლებმა არც ერთ შემთხვევაში არ დაიცვეს აღნიშნული მოთხოვნები.