არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა დიმიტრი ვინოგრადოვი, მისი მეუღლე ჟანარგული და ქალიშვილები, არინა (მარცხნივ) და ოლესია (მარჯვნივ)

2021 წლის 18 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა დიმიტრი ვინოგრადოვი იეჰოვას მხარდაჭერით იტანს დევნას

ძმა დიმიტრი ვინოგრადოვი იეჰოვას მხარდაჭერით იტანს დევნას

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს დიმიტრი ვინოგრადოვის საჩივარს

2021 წლის 28 ოქტომბერს ჩელიაბინსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა დიმიტრი ვინოგრადოვის საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 7 ივნისს ჩელიაბინსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიმიტრი ვინოგრადოვი და ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

დიმიტრი ვინოგრადოვი

  • დაბადების წელი: 1963 (ჩელიაბინსკი)

  • ბიოგრაფია: მშობლების განქორწინების შემდეგ დედამ მარტომ გაზარდა. საყვარელი საქმე, ჭადრაკის თამაში, პროფესიად იქცია და ჭადრაკის მწვრთნელი გახდა. ასწავლის ჭადრაკს კერძო სკოლაში. 1990 წელს დაქორწინდა ჟანარგულზე. ჰყავთ ოთხი შვილი, რომელთაგან ორი უმცროსი კვლავ მშობლებთან ცხოვრობს.

    ყოველთვის აღელვებდა, რატომ აბინძურებდნენ გარემოს ადამიანები და რატომ აყენებდნენ ერთმანეთს ზიანს. თავის კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ბიბლიიდან მიიღო. 2014 წელს გახდა იეჰოვას მოწმე.

სასამართლო საქმე

2018 წლის ბოლოს მთავრობის რამდენიმე აგენტს დაევალა, დიმიტრის გამოლაპარაკებოდა და თავი ისე მოეჩვენებინა, რომ ბიბლიური საკითხები აინტერესებდა. 2020 წლის იანვრისთვის სამართალდამცავებმა შეაგროვეს ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები, რომ საქმე აღეძრათ დიმიტრის წინააღმდეგ. ორი თვის შემდეგ პოლიციელები შევიდნენ მის ბინაში და ჩხრეკა ჩაატარეს. ამ დროს დიმიტრი სახლში არ იმყოფებოდა.

დიმიტრის სუსტი მხედველობა აქვს და მაღალი არტერიული წნევა აწუხებს. „იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა ჩემს ჯანმრთელობაზე არაა დამოკიდებული“, — ამბობს ის, — „მიხარია და მეამაყება, რომ სასამართლოში დამოწმება შემიძლია“.

დიმიტრისა და მის ოჯახს კარგი თეოკრატიული განრიგი აქვთ შემუშავებული. ისინი კითხულობენ ბიბლიას, ფიქრობენ წაკითხულზე, ემზადებიან კრების შეხვედრებისთვის და მონაწილეობენ მათში. ამგვარი განრიგი წლებია ეხმარება დიმიტრის ოჯახს იეჰოვასთან და ერთმანეთთან დაახლოებაში; აგრეთვე ამზადებს მათ დევნების ასატანად. დიმიტრი აღნიშნავს: „და-ძმების ლოცვები არის ჩვენი გაძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო. იეჰოვა ისმენს მართალთა ლოცვებს, რის შედეგადაც ჩვენს ოჯახს ზღვა კურთხევები აქვს“.

ჩვენ ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთგული და-ძმებისგან, რომლებიც უშიშრად იტანენ დევნებს და სიხარულს არ კარგავენ. ჩვენც ისეთივე განცდები გვეუფლება მათ მიმართ, როგორიც 2 თესალონიკელების 1:4-შია აღწერილი: „ვამაყობთ თქვენით ღვთის კრებებში და ვყვებით, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს“.