არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ჯოზეფ რუტერფორდი ძმებს ესაუბრება პართენონში (საბერძნეთი, 1920 წ.); წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილას განთავსებული ფილიალის შენობები: ათენი (ზემოთ), მაროუსი (შუაში) და დრაპეცონა (ქვემოთ).

2022 წლის 29 სექტემბერი
საბერძნეთი

საბერძნეთში ფილიალის გახსნიდან 100 წლის შემდეგ

საბერძნეთში ფილიალის გახსნიდან 100 წლის შემდეგ

ამა წლის 6 ოქტომბერს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ფილიალმა დაიწყო ფუნქციონირება.

1922 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული ჯოზეფ რუტერფორდის გადაწყვეტილება საბერძნეთში ფილიალის გახსნის შესახებ.

სასიხარულო ცნობის ქადაგება თანამედროვე საბერძნეთში 1905 წელს დაიწყო. იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ქადაგებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. 1922 წელს ძმა ჯოზეფ რუტერფორდის ხელმძღვანელობით, ათენში პირველი ფილიალი დაარსდა. ფილიალის ზედამხედველად ძმა ათანასიოს კარანასიოსი დაინიშნა. მოგვიანებით, 1936 წელს ამავე ფილიალში დაიწყო ბერძნულ ენაზე პუბლიკაციების ბეჭდვა. ორი წლის შემდეგ ხელისუფლებამ კანონი მიიღო პროზელიტიზმის წინააღმდეგ. ამის გამო, 1939 წელს, ძმა ათანასიოსი დააპატიმრეს. დაიხურა სტამბა და რამდენიმე თვით მოხდა ორგანიზაციის საკუთრების კონფისკაცია. როცა საბერძნეთი მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, ქვეყანაში გამოცხადდა საბრძოლო მდგომარეობა, აიკრძალა ჩვენი პუბლიკაციები და დაიხურა ფილიალი.

ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, აკრძალვა მოიხსნა და ძმებმა კვლავ განაახლეს სამქადაგებლო საქმე. ორი წლის შემდეგ ძმა ნეითან ნორი ეწვია საბერძნეთს და ორგანიზება გაუწია ახალი ფილიალის გახსნას ტენედუს ქუჩაზე (ათენი). აშკარა იყო, იეჰოვა უჭერდა მხარს ამ წამოწყებას. 1951 წელს ქვეყანაში მაუწყებელთა რიცხვი 3 368-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 26 პროცენტით მეტი იყო.

გაფართოების მიზნით, 1954 წელს ფილიალი კარტალის ქუჩაზე (ათენი) გადავიდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, სამქადაგებლო საქმე წინ მიიწევდა. 1967 წელს საბერძნეთში სამხედრო დიქტატურა დამყარდა, რის გამოც კვლავაც აიკრძალა კრების შეხვედრები და სამქადაგებლო საქმიანობა.

აკრძალვის დროს ბეთელში მსახურობდა ერთი წყვილი, მიხალის და ელეფტერია კამინარისები. მიხალისი აღნიშნავს: «აკრძალვის პერიოდში ბეთელში ტიპოგრაფიის ფუნქციონირება შეჩერებული იყო. ჩვენ ათენის გარეუბანში ვცხოვრობდით და ჩვენი სახლი ერთგვარ ტიპოგრაფიად ვაქციეთ. მძიმე საბეჭდი მანქანის საშუალებით ელეფტერია „საგუშაგო კოშკის“ სტატიების ეგზემპლარებს ბეჭდავდა. საბეჭდ მანქანაში ერთდროულად ათ ფურცელს დებდა და კლავიშებს ისე მაგრად აჭერდა, რომ ასოები ყველა ფურცელზე დაბეჭდილიყო. მე ფურცლებს ვაგროვებდი და ერთად ვკინძავდი. ეს ყოველ საღამოს შუაღამემდე გრძელდებოდა. ერთი სართულით დაბლა პოლიციელი ცხოვრობდა. დღემდე გვიკვირს, რომ ის ერთხელაც არ დაეჭვებულა».

აკრძალვის მიუხედავად, იზრდებოდა მაუწყებლების რიცხვი. ამიტომ, როცა 1974 წელს აკრძალვა მოიხსნა, კიდევ ერთხელ გახდა ფილიალის გაფართოება საჭირო. მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც არ შეჩერებულა მაუწყებლების რიცხობრივი ზრდა და შესაბამისად, ფილიალიც სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა. ამიტომ 2018 წლის 18 ნოემბერს ახალი ფილიალის მიძღვნა მოხდა, რომელიც მდებარეობს დრაპეცონაში (ქ. პირეოსი). დღეს საბერძნეთში 27 752 მაუწყებელი მსახურობს.

იეჰოვას მოწმეების ასწლიანი ისტორია საბერძნეთში იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას ვერაფერი უშლის ხელს, დააჩქაროს სამქადაგებლო საქმე (ესაია 60:22).