2022 წლის 22 დეკემბერი
საბერძნეთი
100 წელი ომის გარეშე
საბერძნეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის 2022 წელი საიუბილეო წელია ორი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო. 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მოწმეებმა სინდისის გამო პირველად თქვეს უარი სამხედრო სამსახურზე. გარდა ამისა, 25 წელი გავიდა საბერძნეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის ამოქმედებიდან.
მე-20 საუკუნის დასაწყისში საბერძნეთი სამხედრო დაპირისპირებებში ჩაება. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენს ძმებს არაერთხელ მოუწევდათ ნეიტრალური პოზიციის დაცვა. ნიკოს აბაცისი და ნიკოლაოს რებებოსი პირველი იეჰოვას მოწმეები (იმ დროს „ბიბლიის მკვლევრები“) იყვნენ საბერძნეთში, რომელთაც ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე მტკიცედ დაიცვეს ნეიტრალური პოზიცია.
ნიკოს აბაცისმა უარი განაცხადა თურქეთ-საბერძნეთის ომში მონაწილეობაზე (1919-1922 წწ.). მან იმ პერიოდის შესახებ საუბრისას აღნიშნა: „სამხედრო ბარაკებში გამგზავნეს [მცირე აზიაში] … იქ გაბედულება მოვიკრიბე და ჯარისკაცებს ვუქადაგე; ვეუბნებოდი, რომ სახარება არ იწონებდა ომს. პირიქით, ის მოგვიწოდებს, რომ ჩვენი მტრებიც გვიყვარდეს-მეთქი“. ომის დასრულების შემდეგ ნიკოსმა სასიხარულო ცნობის ქადაგება საბერძნეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე განაგრძო.
ნიკოლაოს რებებოსი თურქეთ-საბერძნეთის ომში იბრძოდა. მას ბიბლიის მკვლევრებმა ბუკლეტი მისცეს, რომლის წაკითხვის შემდეგაც ომზე შეხედულება შეეცვალა. გარკვეული ხნის შემდეგ მან თავის მეთაურებს უთხრა, რომ ბრძოლაზე უარს ამბობდა, თუმცა იცოდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა სიკვდილითაც კი დაესაჯათ. მან გაბედულად განაცხადა, რომ მისი თავიდან თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდებოდა, თუ ღმერთი არ დაუშვებდა ამას. ომის დასრულების შემდეგ ნიკოლაოსმა მოძებნა ბიბლიის მკვლევრები და 1925 წელს თავადაც მოინათლა.
ნიკოსისა და ნიკოლაოსის შემდეგ, მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, უამრავმა ძმამ შეინარჩუნა ნეიტრალური პოზიცია. მეორე მსოფლიო ომის და საბერძნეთის სამოქალაქო ომის (1946-1949) დროს ჩვენი ძმები მტკიცედ ამბობდნენ უარს სამხედრო ძალებსა და პარტიზანულ რაზმებში გაერთიანებაზე, რის გამოც ზოგს სიკვდილითაც კი სჯიდნენ. დევნის მიუხედავად ჩვენი და-ძმები შეუპოვრად ქადაგებდნენ მშვიდობის შესახებ ცნობას. შედეგად, 1940—1949 წლებში მათი რიცხვი 178-დან 2 808-მდე გაიზარდა.
წლების განმავლობაში არაერთ ძმას აპატიმრებდნენ რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით. მთლიანობაში 3 788 ძმას მოუწია სასჯელის საპატიმროში მოხდა ნეიტრალური პოზიციის გამო. ბოლოს, 1997 წელს, საბერძნეთის მთავრობამ მიიღო კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე. ამჟამად, დაახლოებით 100 ძმა ასრულებს ამგვარ სამოქალაქო სამსახურს.
2022 სამსახურებრივი წლის განმავლობაში საბერძნეთში მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 27 995-ს მიაღწია. მოინათლა 420 ადამიანი.
გასულმა საუკუნემ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ როგორ უჭერს იეჰოვა მხარს თავის ერთგულ მსახურებს, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ ჩაებან ომში (ესაია 2:4).