2015 წლის 15 აპრილი
საქართველო
სპეციალური საინფორმაციო კამპანია
2015 წლის 1 აპრილს იეჰოვას მოწმეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით სპეციალური საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს, რათა პოლიციის ყველა დეპარტამენტს, პროკურატურასა და თვითმმართველობის ორგანოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ახლახან მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გააცნონ. აღნიშნული საქმე ეხება საქართველოში იეჰოვას მოწმეების უფლებების დარღვევის ფაქტებს. ეს სპეციალური კამპანია მიზნად ისახავს ამ ფაქტებისა და მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
რელიგიური შეუწყნარებლობა წარსულში
1999—2003 წლებში მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ერთი მღვდელი თავის მრევლთან ერთად გამუდმებით ესხმოდა თავს იეჰოვას მოწმეებს და სასტიკად უსწორდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა მსგავსი თავდასხმების თაობაზე, საერთო ჯამში, 784 საჩივარი შეიტანეს, სამართალდამცავები თვალს ხუჭავდნენ მომხდარზე და, უფრო მეტიც, დროდადრო თავად ახორციელებდნენ ასეთ თავდასხმებს. იეჰოვას მოწმეების მიერ შეტანილი არც ერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული. საქართველოს მთავრობის უმოქმედობამ თავდამსხმელები უფრო მეტად წააქეზა — ისინი თავს ესხმოდნენ მოწმეებს მათ დიდ შეკრებებზე, ქუჩებსა თუ სასამართლო დარბაზებში.
უმნიშვნელოვანესი სასამართლო გადაწყვეტილება
იეჰოვას მოწმეების მიერ ზემოაღნიშნულ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრებიდან გადაწყვეტილება ორ საქმეზე იქნა მიღებული. პირველ საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება 2007 წლის მაისში მიიღო a, ხოლო მეორე საჩივრის თაობაზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ — 2014 წლის ოქტომბერში. b თავის ორივე გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა, რომ მოწმეებზე თავდასხმების განხორციელებაში მონაწილეობდა. ზემოაღნიშნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ფაქტების ზრდა მთავრობის მხრიდან უმოქმედობამ გამოიწვია. როგორც საქმეზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, „საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გაბატონებას, რის შედეგადაც მოწმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით თავდასხმები ხორციელდებოდა“.
მისასალმებელია, რომ მას შემდეგ მალევე, რაც ცნობილი გახდა საქმეზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს მთავრობამ შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:
„საქართველო მტკიცედ იცავს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას, ისევე როგორც ადამიანთა უფლებებს ზოგადად. ქვეყანაში განისაზღვრება ყოველი ადამიანის თანასწორობა და ანგარიშვალდებულება კანონის წინაშე ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, ის აღარასოდეს დაუშვებს დაუსჯელობას და შემწყნარებლობას მსგავსი ფაქტების მიმართ“.
მდგომარეობა უმჯობესდება
ბოლო დროს საქართველოში სიტუაცია იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ შეიცვალა. დღეს მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ, მშვიდობიან პირობებში შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. ისინი მადლიერნი არიან, რომ სამართალდამცავები ხშირ შემთხვევაში იცავენ მათ უფლებებს. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებს საშუალება მიეცათ, თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობები აეშენებინათ და თავიანთი ადმინისტრაციული ცენტრი გაეფართოებინათ.
თუმცა დროდადრო კვლავ აქვს ადგილი რელიგიური ნიშნით იეჰოვას მოწმეების დევნის ფაქტებს, რომლებზეც არ ხდება სათანადო რეაგირება. ამასთან დაკავშირებით მოწმეებმა კიდევ ერთი საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. c 2014 წელს მოწმეებზე ძალადობრივი თავდასხმის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგმა ხელისუფლების წარმომადგენელმა ცოტა რამ თუ იცის იეჰოვას მოწმეების ან მათი მრწამსის შესახებ. შესაძლოა მათთვის ისიც უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპის სასამართლომ საქმეზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ან რა განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ვიმედოვნებთ, რომ აპრილის თვეში წამოწყებული ეს სპეციალური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმირებას, ხელს შეუწყობს მთელ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას. იეჰოვას მოწმეები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, აღარასდროს დაუშვას, ქვეყანაში კვლავ მოიკიდოს ფეხი დაუსჯელობის სინდრომმა. მოწმეებს იმედი აქვთ, რომ მთავრობა დაუსჯელს არ დატოვებს მათ, ვინც რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე სჩადის დანაშაულს.
a საქმეზე „გლდანის კრების იეჰოვას მოწმეები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №71156/01, გადაწყვეტილება მიღებულია 2007 წლის 3 მაისს.
b საქმეზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №28490/02, § 145, გადაწყვეტილება მიღებულია 2014 წლის 7 ოქტომბერს.
c საქმე „ცარციძე საქართველოს წინააღმდეგ“, №18766/04, შეტანილია 2004 წლის 26 მაისს. აღნიშნული საქმე ეხება იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და სხვების მხრიდან დევნის მსხვერპლი გახდნენ, რაზეც მთავრობის მოხელეები არ რეაგირებდნენ. საქმე „ბიბლაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №37276/05, შეტანილია 2005 წლის 10 სექტემბერს. აღნიშნული საქმე ეხება იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და სხვების მხრიდან დევნის მსხვერპლი გახდნენ, რაზეც მთავრობის მოხელეები არ რეაგირებდნენ. საქმე „წულუკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №14797/11, შეტანილია 2001 წლის 27 იანვარს. ეს საქმე ეხება რელიგიური შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ნიადაგზე განხორციელებულ 9 თავდასხმას, რომლებიც თავის დროზე არ იქნა სათანადოდ გამოძიებული.