2017 წლის 16 ოქტომბერი
სომხეთი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს მათ უფლებებს, ვინც სომხეთში რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე
2017 წლის 12 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმ ოთხი სომეხი იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე, რომლებმაც უარი განაცხადეს ისეთი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულებაზე, რომელიც სამხედრო ძალების მიერ კონტროლირდებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ ამ მიზეზით მათი დაპატიმრება უსამართლობა იყო და დაადგინა, რომ ეს ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი უკანონოდ გაასამართლეს, რადგან სომხეთის მთავრობამ მათ არ შესთავაზა ისეთი ალტერნატიული სამსახური, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო ხასიათის იქნებოდა.
საქმე „ადიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“ ეხებოდა ოთხ იეჰოვას მოწმეს, არტურ ადიანს, ვაჰაგნ მარგარიანს, არუთიუნ ხაჩატრიანს და გარეგინ ავეტისიანს, რომლებსაც 2011 წლის ზაფხულში ორწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებით დაირღვა მათი სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით. სასამართლომ სომხეთს დააკისრა, რომ მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისთვის თითოეულ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით 12 000 ევრო (14 200 აშშ დოლარი) გადაუხადოს.
ეს ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი მას შემდეგ ცნეს დამნაშავედ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ბაიათიანის საქმის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ევროპული კონვენცია იცავს ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. a ამიტომ სომხეთის მთავრობას დაეკისრა ვალდებულება, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეეთავაზებინა მათთვის, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. მაგრამ იმ დროისთვის სომხეთში ხელმისაწვდომი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან ის სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში იყო. ამ ოთხმა მამაკაცმა უარი თქვა ასეთი ალტერნატიული სამსახურის შესრულებაზე, რის შედეგადაც სხვა მრავალი იეჰოვას მოწმის მსგავსად, ისინიც დააპატიმრეს. ადიანის საქმის თაობაზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სომხეთის მთავრობას მათთვის, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ხასიათის ალტერნატიული სამსახური უნდა შეეთავაზებინა, რომლის შესრულების დროსაც მათზე არავინ მოახდენდა ზეწოლას, და რომელიც სადამსჯელო ხასიათის არ იქნებოდა.
2013 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ციხიდან გაათავისუფლეს, სომხეთის მთავრობამ დანერგა ისეთი ალტერნატიული სამსახური, რომელიც მეტად აღარ იქნებოდა სამხედრო სამსახურის დაქვემდებარებაში. შედეგად, სომხეთში მცხოვრებ მოწმეებს, რომლებიც ბიბლიით განსწავლული სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, აღარ აპატიმრებენ. ისინი მოხარულები არიან, რომ შეუძლიათ მათთვის მისაღები ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეასრულონ.
a „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ [GC], № 23459/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება.