არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 30 მაისი
უზბეკეთი

უზბეკეთში იეჰოვას მოწმეებმა ღიად აღნიშნეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

უზბეკეთში იეჰოვას მოწმეებმა ღიად აღნიშნეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

იეჰოვას მოწმეებმა ამ ბოლო წლებში პირველად 2019 წლის 19 აპრილს აღნიშნეს ღიად ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უზბეკეთში იეჰოვას მოწმეების კრება მხოლოდ ტაშკენტთან ახლოს მდებარე ქალაქ ჩირჩიკშია რეგისტრაციაში გატარებული. გასულ წლებში სხვა ქალაქებში ჩვენი და-ძმები ფარულად აღნიშნავდნენ გახსენების საღამოს, პოლიციას რომ არ ჩაეშალა ეს შეხვედრა. წელს კი მათ თავად შეატყობინეს პოლიციას გახსენების საღამოს ჩატარების თაობაზე და დაპატიჟეს კიდეც. პოლიცია მეგობრულად იყო განწყობილი მოწმეების მიმართ. მათ გარკვეულ ზომებსაც კი მიმართეს, რათა ეს ღონისძიება მშვიდობიანად ჩატარებულიყო. ზოგან პოლიციელები დაესწრნენ კიდეც ამ შეხვედრას.

ქალაქ ჩირჩიკში, სამეფო დარბაზების კომპლექსში, გახსენების საღამოს მოხსენება წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, როგორც ეს პირველი სურათიდან ჩანს. მოხსენება რუსულ ენაზე ითარგმნა. მთლიანობაში ამ შეხვედრას 781 ადამიანი დაესწრო. პროგრამის დასრულების შემდეგ იმავე კომპლექსში კიდევ ორჯერ ჩატარდა გახსენების საღამო.

მთავარი სამმართველოდან ძმა მარკ სანდერსონს თან ახლდა პოლ გილიესი და აგრეთვე ორი ძმა ცენტრალური აზიიდან. ამ ვიზიტის დროს ისინი შეხვდნენ იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს. ძმებს შესაძლებლობა მიეცათ, სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ ჩვენი მრწამსისა და ორგანიზაციის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ სწორად ინფორმირებული ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ იეჰოვას მოწმეთა კრებების რეგისტრაციაში გატარებას სხვა ქალაქებშიც, რათა და-ძმებს ჰქონდეთ თაყვანისმცემლობისთვის შესაფერისი ადგილები.

ძმა მარკ სანდერსონი დელეგაციის წევრებთან ერთად უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ

უზბეკეთში გახსენების საღამოს ღიად აღნიშვნა და უფლებამოსილ პირებთან გამართული შეხვედრები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბოლო ექვსი თვეა, რაც ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს არ აჯარიმებენ, არ აპატიმრებენ და არც მათი სახლების ჩხრეკას ატარებენ. დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის 14 მაისს, ჯავლონ ვახაბოვმა, უზბეკეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, განაცხადა, რომ პარლამენტი ცვლილებებს შეიტანდა კანონმდებლობაში, რათა იეჰოვას მოწმეთა კრებებისთვის გაეადვილებინათ რეგისტრაციაში გატარება.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს უზბეკეთში ჩვენი და-ძმების ძალისხმევა, რომელთაც სურთ, კვლავაც წყნარად და მშვიდად იცხოვრონ „ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმოთე 2:2).