2020 წლის 28 დეკემბერი
უკრაინა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს ძმა ალექსანდრე ტრეტიაკის სასარგებლოდ
2020 წლის 17 დეკემბერს, ხუთშაბათს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმა ალექსანდრე ტრეტიაკის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, „ტრეტიაკი უკრაინის წინააღმდეგ“. 2013 წლის 26 ნოემბერს, როცა ძმა ალექსანდრე სამქადაგებლო მსახურებიდან სახლში ბრუნდებოდა, მას თავს დაესხა სამი პირი, რომლებმაც ის სასტიკად სცემეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადოდ არ გამოიძიეს აღნიშნული დანაშაული, რის გამოც სასამართლომ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა 7 500 ევროს (9 100 აშშ დოლარი) ოდენობით.
ძმა ალექსანდრე ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ მას თითქმის ერთი თვე მოუწია საავადმყოფოში ყოფნა. პოლიციამ საქმის გამოძიება ინციდენტიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაიწყო. სამართალდამცავები უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ თავდასხმა რელიგიური სიძულვილის მოტივით მოხდა და არც იმას აღიარებდნენ, რომ ალექსანდრემ სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო. მოგვიანებით პოლიციამ ბრალი შეამსუბუქა და თავდასხმის ფაქტი მსუბუქ დანაშაულად შერაცხა. გარდა ამისა, სამი თავდამსხმელიდან მათ მარტო ერთს დასდეს ბრალი, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ქვეყნიდან გაიქცა. დანარჩენი ორი თავდამსხმელი კი, რომელთაგან ერთი პოლიციის თანამშრომელი იყო, უბრალოდ დანაშაულის თვითმხილველებად გააფორმეს. არცერთი დამნაშავე არ დასჯილა. ამ და სხვა უსამართლო ფაქტების მხედველობაში მიღებით ძმა ალექსანდრემ საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2015 წელს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნაში აღნიშნულია: „[უკრაინის] სასამართლომ სათანადოდ არ გამოიძია განმცხადებლის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი და-ძმების რელიგიის თავისუფლების უფლების განმტკიცებას. უპირველეს ყოვლისა კი, იეჰოვას ვემადლიერებით, რომელიც მალე სამართალს გაგვიჩენს (გოდება 3:59).