2015 წლის 28 აგვისტო
უკრაინა
უკრაინის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს მათ უფლებას, ვინც მობილიზაციის დროს რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, უფლება აქვთ, ალტერნატიული სამსახური შეასრულონ მაშინაც კი, როცა ქვეყანაში სამოქალაქო არეულობა და საომარი ვითარებაა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებათა დაცვას როგორც უკრაინაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ვიტალი შალაიკო, რომელიც იეჰოვას მოწმეა, მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს. მიზეზი ის იყო, რომ როდესაც მას მოწვევა მიუვიდა და კომისარიატში გამოცხადდა, რწმენის გამო უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე, თუმცა არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის შესრულება მოითხოვა. როგორც რაიონულმა სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ ვიტალი შალაიკო უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ პროკურორმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უკრაინის სპეციალიზებულ უზენაეს სასამართლოში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ საქმეებს. 2015 წლის 23 ივნისს უზენაესმა სასამართლომ საჩივრის ანულირება მოახდინა და ამგვარად საბოლოოდ დაადასტურა ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რაიონულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებების თანახმად მიიღო გადაწყვეტილება“. უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება აგრეთვე დააფუძნა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხებოდა საქმეს „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 2011 წლის 7 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო. ამ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების წყალობით, ხაზი გაესვა იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი იცავს მათ უფლებებს, ვინც მტკიცე რელიგიური შეხედულების გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ვიტალი შალაიკოს საქმის თაობაზე უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი უფლებები, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე მაშინაც კი დაცულია, თუ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული და არა მხოლოდ მაშინ, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულება მოითხოვება. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
ამ გადაწყვეტილებამ ვიტალი შალაიკოს მძიმე ტვირთი ჩამოხსნა. ის ამბობს: „მესმის, რომ როცა ჩემი ქვეყანა სამხედრო მობილიზაციას აცხადებს, თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მართალია, ჩემი სინდისი სამხედრო სამსახურში მონაწილეობის ნებას არ მრთავს, მაგრამ მე მზად ვარ, შევასრულო ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. მადლიერი ვარ, რომ უკრაინის სასამართლოებმა ერთხმად აღიარეს, რომ სამხედრო სამსახურის შესრულებაზე უარი ჩემი მტკიცე რელიგიური მოსაზრების გამო განვაცხადე“.
გადაწყვეტილება, რომელიც მრავალს მოუტანს სიკეთეს
მთელ უკრაინაში ათასობით იეჰოვას მოწმე დგება საყოველთაო მობილიზაციის დროს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული საკითხის წინაშე. ვიტალი შალაიკოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კარგ პრეცედენტს ქმნის მათთვის, ვისაც ბრალად ედება სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება.
ვიტალი შალაიკოს ადვოკატი, ვადიმ კარპოვი, აღნიშნავს: „მარტივად რომ ვთქვათ, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ბატონი შალაიკო, რომელიც იეჰოვას მოწმეა, არ უნდა გახდეს სამართლებრივი დევნის ობიექტი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა უკრაინა, რომელშიც საომარი ვითარება და არასტაბილურობაა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის თაობაზე“.
უკრაინა კარგ პრეცედენტს ქმნის
უკრაინის სასამართლოებმა ერთხმად დაადგინეს, რომ რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ადამიანის ძირითადი უფლებაა და ეს უფლება დაცული უნდა იქნას მაშინაც კი, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა. ეს არც სამხედრო ვალდებულებისგან განზრახ თავის არიდებაა და არც ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაზე უარის თქმა. უზენაესმა სასამართლომ ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებს დაუჭირა მხარი, რითაც დაიცვა ყველა უკრაინელის უფლება. უკრაინამ კარგი მაგალითი მისცა იმ ქვეყნებს, სადაც კანონით სჯიან მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.