არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 16 ნოემბერი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №13 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

კარდაკარ მსახურების განახლება

განახლებული ინფორმაცია №13 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

2022 წლის აგვისტოში გამოცხადდა, რომ უკრაინაში, იქ სადაც ეს უსაფრთხო იქნებოდა, განახლდებოდა კარდაკარ მსახურება. ჩვენს და-ძმებს ერთი სული ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმეში. ისინი ბევრ ისეთ ადამიანს შეხვდნენ, ვინც დადებითად გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. ერთი მათგანი, ვინც ბიბლიის შესწავლა დაიწყო, აღნიშნავს: „იმ საზარელი მოვლენების შემხედვარე, რაც ომმა მოიტანა, მივხვდი, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანების პრობლემების გადაჭრა“. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ჩვენს და-ძმებს მსახურების დროს გადახდა თავს.

რუსლანი, რომელიც ლანივცის კრებაში მსახურობს, თავიდან ცოტა ღელავდა, როცა კარდაკარ მიდიოდა. ის და მისი ცოლი ლოცულობდნენ, რომ იეჰოვას გაბედულება მიეცა მათთვის და ისეთი ადამიანების პოვნაში დახმარებოდა, რომელთაც მომავლის იმედი ანუგეშებდა. ცოლ-ქმარი გაოგნდა, როცა ორსაათიანი მსახურების პერიოდში რვა ადამიანს ესაუბრნენ და ყველა მათგანი ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა.

ოლჰას, რომელიც კრემენეცის კრებაში მსახურობს, ქადაგებისას საინტერესო შემთხვევა ჰქონდა. მასთან და მის პარტნიორთან ერთმა მამაკაცმა მიირბინა და ჰკითხა, ღვთის სიტყვაზე ხომ არ საუბრობდნენ. შემდეგ კი თქვა: „ჩემი პრობლემა ის არის, რომ სიგარეტსა და ალკოჰოლს ვერ ვეშვები. მესმის, რომ მალე ღვთის სამსჯავროს წინაშე წარვდგები და არ მინდა, მაშინაც ასეთი ვიყო, როგორიც ახლა ვარ“. დებმა ძმებს გადასცეს ამ კაცის მისამართი, რომ მასთან ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ.

ვასილი, რომელიც ლვივ-რიასნე-სხიდნიის კრებაში მსახურობს, თავის სამქადაგებლო ჯგუფთან ერთად ერთ სოფელში ქადაგებდა. ის მიადგა სახლს, სადაც წლების წინ ჰქონდა ნაქადაგები. გაახსენდა, რომ იქ მცხოვრებმა ქალმა ჩხუბით გამოისტუმრა. ვასილმა გადაწყვიტა, მაინც დაეკაკუნებინა ამ კარზე და ბიბლიის შესწავლა შეეთავაზებინა. სწორედ იმ ქალმა გააღო კარი და, ვასილის გასაკვირად, ქალი ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა.

სერჰი, რომელიც ილინცის კრებაში მსახურობს, 2021 წელს მოინათლა და კარდაკარ არასდროს უმსახურია. ამიტომ ის ძალიან ნერვიულობდა და ცდილობდა, კარგად მომზადებულიყო. სერჰი ამბობს: „არაერთხელ ვუყურე საუბრის ნიმუშებს. ერთადერთი, რაც მჭირდებოდა, გაბედულება იყო“. მისი თქმით, დაძაბულობა მაშინვე მოეხსნა, როგორც კი სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყო. ის შინ ძალიან გახარებული დაბრუნდა.

ნიკოლი, რომელიც როზდილის კრებაში მსახურობს, 2022 წლის აგვისტოში გახდა მოუნათლავი მაუწყებელი. ის გვიყვება: „ძალიან ვნერვიულობდი და მაშინებდა ადამიანებთან პირისპირ საუბარი, თუმცა დავრწმუნდი, რამდენად სასიამოვნოა ადამიანებთან იეჰოვას შესახებ საუბარი“.

დები კარდაკარ მსახურობენ

ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 11 ნოემბრის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 46 და-ძმა.

  • დაშავდა 97 მაუწყებელი.

  • 12 569 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 590 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 645 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 722 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 6 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 19 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 63 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 53 948 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყანა დატოვა 25 983-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.