2017 წლის 1 ნოემბერი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს ბრუკლინში განთავსებული ისტორიული შენობა
ნიუ-იორკი — 31 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, რომელიც ბრუკლინ-ჰაიტსის ისტორიულ უბანში, კლარკის 21-ში მდებარეობს. 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე ყოფილი სასტუმროს ეს შენობა, რომელიც რომანულ სტილშია აგებული, იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნოდა.
თავდაპირველად ეს შენობა „ლევერიჩ ტაუერის“ სახელით იყო ცნობილი, რომელიც 1928 წელს გაიხსნა. მოგვიანებით ამ შენობას სასტუმრო „ტაუერი“ ეწოდა. მან საუკეთესო სასტუმროს სახელი მოიპოვა და წლების მანძილზე მასპინძლობდა მაღალი წრის საზოგადოებას. თუმცა 1970-იანი წლებისთვის შენობა სერიოზულ რესტავრაციას საჭიროებდა.
1975 წლამდე, ვიდრე იეჰოვას მოწმეები სასტუმრო „ტაუერს“ შეისყიდდნენ, მათ იჯარით ჰქონდათ აღებული შენობის რამდენიმე სართული, სადაც ბეთელის ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. იეჰოვას მოწმეებმა ამ შენობას ორჯერ გაუკეთეს რესტავრაცია — პირველად 1978 წელს, ხოლო მეორედ 1998 წელს.
დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანი, აღნიშნავს: „თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც „ბრუკლინ-ჰაიტსში“ ვცხოვრობდით, ეს შენობა მხოლოდ ისტორიული ნაგებობა როდია. ის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც ლამაზი და კომფორტული სახლი. ამ შენობის გაყიდვით იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ბრუკლინში ისტორიულ მემკვიდრეობად დარჩება“.
2016 წელს იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარმა სამმართველომ ბრუკლინიდან უორიკში (ნიუ-იორკი) გადაინაცვლა.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000