გალატელების მიმართ 5:1—26
5 ქრისტემ ასეთი თავისუფლება გვიბოძა. ამიტომ მყარად იდექით+ და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.+
2 მე, პავლე, გეუბნებით: თუ წინადაიცვეთთ, ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებთ ქრისტესგან.+
3 კვლავ ვუმეორებ ყველა მამაკაცს: თუ წინადაიცვეთს, ვალდებულია, მთელი კანონი დაიცვას.+
4 თქვენ, ვინც ცდილობთ, კანონის მეშვეობით ჩაითვალოთ მართლად,+ შორდებით ქრისტეს და მის წყალობას.
5 ჩვენ კი სულით ველით ნანატრ სიმართლეს, რაც რწმენით მიიღწევა,
6 რადგან ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთათვის არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთელობას,+ არამედ რწმენას, სიყვარულით მოქმედს.
7 სწორ გზას ადექით*.+ მაშ, ვინ შეგიშალათ ხელი, რომ აღარ დგახართ ჭეშმარიტების გზაზე?
8 ეს აზრი მას არ ჩაუგონებია თქვენთვის, ვინც მოგიწოდათ.
9 ცოტა საფუარიც კი მთელ ცომს აფუებს.+
10 მჯერა, რომ თქვენ, ვინც უფალთან ერთობაში ხართ,+ სხვაგვარად არ იფიქრებთ, ხოლო თქვენში არეულობის შემომტანთ,+ ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სასჯელი არ ასცდებათ.
11 მე კი, ძმებო, რატომღა მდევნიან, თუ კვლავინდებურად წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ აღარ ყოფილა დაბრკოლება წამების ძელი*.+
12 ნეტავ თავს დაისაჭურისებდნენ* თქვენში არეულობის შემომტანნი!
13 თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო! ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის სურვილების დასაკმაყოფილებლად კი ნუ გამოიყენებთ,+ არამედ სიყვარულით, მონებივით მოემსახურეთ ერთმანეთს,+
14 რადგან მთელი კანონი ერთ მცნებაშია თავმოყრილი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“,+
15 მაგრამ, თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს,+ ფრთხილად იყავით, რომ ერთმანეთი არ ამოწყვიტოთ.+
16 გეუბნებით: იარეთ სულით+ და მეტად აღარ შეასრულებთ ხორცის სურვილებს,+
17 რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი — ხორცის საწინააღმდეგო; ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ვეღარ აკეთებთ იმას, რაც გსურთ.+
18 ამასთანავე, თუ სული მიგიძღვით, კანონს არ ექვემდებარებით.
19 ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება*,+ უწმინდურება, თავაშვებულობა*,+
20 კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი,+ მტრობა, დავა, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა,
21 შური, სიმთვრალე,+ ღრეობა და მსგავსი საქმეები.+ გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ამ საქმეების ჩამდენნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ.+
22 ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე,+ რწმენა,
23 რბილი ხასიათი და თავშეკავება.+ არ არსებობს კანონი ასეთი თვისებების წინააღმდეგ.
24 მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ძელზე გააკრეს თავიანთი ხორცი მის ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.+
25 თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.+
26 ნუ გავხდებით პატივმოყვარენი,+ ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს+ და ნურც შეგვშურდება.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „კარგად მირბოდით“.
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ დასაჭურისებულნი ვეღარ შეასრულებდნენ იმ კანონს, რომლის თავგამოდებული დამცველებიც იყვნენ.
^ ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.