გამოსვლა 17:1—16
17 დაიძრა მთელი ისრაელი სინის უდაბნოდან+ და, იეჰოვას მითითებისამებრ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა.+ დაბანაკდნენ ისინი რეფიდიმში,+ მაგრამ იქ წყალი არ იყო, რომ დაელიათ.
2 ხალხმა მოსეს დავა დაუწყო:+ „მოგვეცი წყალი, რომ დავლიოთ“. მოსემ მიუგო: „რატომ მედავებით? რატომ სცდით იეჰოვას?“+
3 ძალიან სწყუროდა ხალხს და საყვედურობდნენ მოსეს:+ „იმიტომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, რომ ჩვენ, ჩვენი შვილები და ჩვენი ცხვარ-ძროხა წყურვილით დაგვხოცო?!“
4 ბოლოს მოსემ იეჰოვას შეღაღადა: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ!“
5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გაუძეხი ხალხს, წაიყვანე ისრაელის რამდენიმე უხუცესი და თან წაიღე შენი ჯოხიც, რომელიც მდინარე ნილოსს დაჰკარი;+ დაიჭირე ხელში და წადი.
6 შენ წინ ვიდგები კლდეზე, ხორებში. დაჰკარი კლდეს, წყალი წამოვა და დალევს ხალხი“.+ ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესების თვალწინ.
7 უწოდა იმ ადგილს მასა*+ და მერიბა*,+ რადგან დავობდნენ ისრაელები და სცდიდნენ იეჰოვას,+ ამბობდნენ, არის თუ არა იეჰოვა ჩვენ შორისო.
8 მოვიდნენ ამალეკელები+ და შეებრძოლნენ ისრაელს რეფიდიმში.+
9 მოსემ იესო ნავეს ძეს+ უთხრა: „ამოარჩიე კაცები და წადი, შეებრძოლე ამალეკელებს. ხვალ გორაზე ვიდგები და ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი მეჭირება“.
10 სწორედ ისე მოიქცა იესო ნავეს ძე, როგორც მოსემ უთხრა,+ და შეებრძოლა ამალეკელებს. მოსე, აარონი და ხური+ კი გორაზე ავიდნენ.
11 ვიდრე მოსეს ხელები მაღლა ჰქონდა აწეული, ისრაელები იმარჯვებდნენ, ხოლო როგორც კი დაუშვებდა, ამალეკელები იმარჯვებდნენ.
12 ხელები რომ დაუმძიმდა მოსეს, მოიტანეს მათ ქვა, დადეს და ზედ დაჯდა იგი. აარონსა და ხურს კი მისი ხელები ეჭირათ, ერთს — ერთი ხელი, მეორეს — მეორე ხელი. აწვდილი ჰქონდა მას ხელები მზის ჩასვლამდე.
13 ასე დაამარცხა მახვილით იესო ნავეს ძემ ამალეკელები და მათი თანამებრძოლნი.+
14 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩაწერე ეს წიგნში სამახსოვროდ და უთხარი იესო ნავეს ძეს, რომ მოვსპობ ამალეკელთა სახსენებელს ცისქვეშეთში“.+
15 შემდეგ მოსემ სამსხვერპლო ააგო და მას იეჰოვა-ნისი* უწოდა,
16 თქვა: „ვინაიდან ამალეკელები იაჰის*+ ტახტის წინააღმდეგ ილაშქრებენ, შეებრძოლება იეჰოვა მათ მომავალ თაობებს“.+
სქოლიოები
^ ნიშნავს „გამოცდას“, „შემოწმებას“.
^ ნიშნავს „დავას“.
^ ნიშნავს: „იეჰოვაა ჩემი ნიშანსვეტი“.
^ ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.