დაბადება 14:1—24
14 შინარში+ ამრაფელი მეფობდა, ელასარში — არიოქი, ელამში+ — ქედარლაომერი,+ გოიიმში კი — თიდალი.
2 ბრძოლა გაუმართეს მათ სოდომის+ მეფე ბერას, გომორის+ მეფე ბირშას, ადმის მეფე შინაბს, ცებოიმის+ მეფე შემებერს და ცოარის ანუ ბელის მეფეს.
3 ყველა ეს მოკავშირე სიდიმის ველისკენ,+ მარილოვანი ზღვისკენ*+ გაემართა.
4 12 წელი ემსახურებოდნენ ქედარლაომერს და მე-13 წელს აუჯანყდნენ.
5 მე-14 წელს მოვიდა ქედარლაომერი სხვა მეფეებთან ერთად და დაამარცხეს რეფაიმები აშთეროთ-კარნაიმში, ზუზიმები — ჰამში, ემიმები+ — შავე-კირიათაიმში,
6 ხორიელები+ — სეირის მთიდან+ მოყოლებული ელ-ფარანამდე, რომელიც უდაბნოსთანაა.
7 მერე შემობრუნდნენ, მიადგნენ ენ-მიშფატს ანუ კადეშს,+ დაიპყრეს ამალეკელთა+ მთელი მხარე და ხაცაცონ-თამარში+ მცხოვრები ამორეველები.+
8 გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმის მეფე, ცებოიმის მეფე, ბელის ანუ ცოარის მეფე და სიდიმის ველზე დაირაზმნენ, რომ შებრძოლებოდნენ
9 ელამის მეფე ქედარლაომერს, გოიიმის მეფე თიდალს, შინარის მეფე ამრაფელსა და ელასარის+ მეფე არიოქს, ხუთი მეფე ოთხის წინააღმდეგ.
10 სიდიმის ველი ფისიანი ორმოებით იყო სავსე. როცა სოდომისა და გომორის მეფეები უკუიქცნენ, შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.
11 წაიღეს გამარჯვებულებმა სოდომისა და გომორის მთელი ქონება და საკვები.+
12 წაიყვანეს ლოტიც, აბრამის ძმისშვილი, რომელიც სოდომში+ ცხოვრობდა, წაიღეს მისი ქონებაც და წავიდნენ.
13 მივიდა ერთ-ერთი გადარჩენილი ებრაელ აბრამთან და უამბო ეს ამბავი. მაშინ აბრამი კარვებში ცხოვრობდა დიდ ხეებს შორის, რომლებიც ამორეველ მამრეს,+ ეშქოლისა და ანერის ძმას,+ ეკუთვნოდა. ისინი აბრამის მოკავშირეები იყვნენ.
14 გაიგო აბრამმა, რომ დაეტყვევებინათ მისი ძმისშვილი*.+ შეკრიბა ბრძოლაში გამოცდილი კაცები, თავის სახლეულობაში დაბადებული 318 მსახური, დაედევნა და დანამდე+ სდია მტერს.
15 ღამით აბრამმა თავისი მსახურები ჯგუფებად დაყო, მან და მისმა მსახურებმა შეუტიეს მტერს და დაამარცხეს; ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთითაა.
16 დაიხსნა მან მთელი ქონება. დაიხსნა ლოტი, თავისი ძმისშვილი, მისი ქონებაც, ქალებიცა და სხვებიც.
17 დაბრუნდა აბრამი ქედარლაომერისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ. წავიდა სოდომის მეფე, რომ მას შავეს ველზე ანუ მეფის ველზე+ შეხვედროდა.
18 სალემის მეფე+ მელქისედეკმა+ პური და ღვინო გამოიტანა; ის უზენაესი ღვთის მღვდელი იყო.+
19 დალოცა იგი და უთხრა:
„აბრამ, გაკურთხოს უზენაესმა ღმერთმა,ზეცისა და დედამიწის შემქმნელმა!
20 დიდება უზენაეს ღმერთს,რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მჩაგვრელნი!“
მაშინ აბრამმა ყველაფრის მეათედი მისცა მას.+
21 სოდომის მეფემ აბრამს უთხრა: „ხალხი დამიტოვე, ქონება კი შენ წაიღე“.
22 აბრამმა მიუგო სოდომის მეფეს: „ვფიცავ უზენაესი ღვთის, იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემქმნელის წინაშე,
23 რომ ძაფიდან სანდლის თასმამდე შენსას არაფერს წავიღებ, რათა არა თქვა, აბრამი მე გავამდიდრეო.
24 მე არაფერი მინდა, გარდა იმისა, რაც მსახურებმა ჭამეს და რაც ჩემთან წამოსულებს, ანერს, ეშქოლსა და მამრეს+ ერგოთ წილად; მათ წაიღონ თავიანთი წილი“.