დაბადება 20:1—18
-
ღმერთმა სარა აბიმელექისგან დაიხსნა (1—18).
20 დაიძრა აბრაამი იქიდან,+ გადავიდა ნეგების მიწაზე და კადეშსა+ და შურს+ შორის დასახლდა. გერარში+ ხიზნობის დროს
2 აბრაამმა კვლავ თქვა თავის ცოლზე, ჩემი დააო.+ გერარის მეფე აბიმელექმა გაგზავნა კაცები და მოაყვანინა სარა.+
3 გამოეცხადა ღმერთი აბიმელექს ღამით სიზმარში და უთხრა: „იცოდე, მოკვდები მაგ ქალის გამო, რომელიც წამოიყვანე,+ რადგან სხვისი ცოლია იგი“.+
4 აბიმელექი ჯერ არ გაჰკარებოდა მას, ამიტომ ღმერთს უთხრა: „იეჰოვა, ნუთუ გაანადგურებ უდანაშაულო ერს?!
5 მან ხომ მითხრა, ჩემი დააო, და ქალმაც — ჩემი ძმააო იგი?! ეს პატიოსანი გულით გავაკეთე, ცუდი განზრახვა არ მქონია“.
6 ამაზე ღმერთმა მას სიზმარში მიუგო: „ვიცი, რომ ეს პატიოსანი გულით გააკეთე. ამიტომ შეგაკავე ჩემ წინააღმდეგ შეცოდებისგან და არ დავუშვი, რომ მას გაჰკარებოდი.
7 ახლა კი დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია;+ ის ილოცებს შენთვის+ და იცოცხლებ. მაგრამ, თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენც და ყველა შენიანიც დაიხოცებით“.
8 ადგა დილით ადრე აბიმელექი, მოუხმო თავის მსახურებს და ყველაფერი უამბო. მათ ძალიან შეეშინდათ.
9 შემდეგ მოუხმო აბიმელექმა აბრაამს და უთხრა: „ეს რა გვიყავი, რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში გვხვევდი მე და ჩემს სამეფოს?! ეს არ უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის“.
10 კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რატომ გააკეთე ეს?“+
11 აბრაამმა მიუგო: „ვიფიქრე, აქ ხალხს ღვთის შიში არა აქვს და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი; ამიტომ მოვიქეცი ასე.+
12 თანაც, მართლა ჩემი დაა იგი; მამით ერთნი ვართ, დედით — სხვადასხვა, და ცოლად შევირთე.+
13 როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან წამომიყვანა,+ მას ვუთხარი, სიკეთეს* გამიკეთებ, თუ, სადაც მივალთ, იტყვი, ჩემი ძმააო“.+
14 მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, მსახურები და დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი.
15 უთხრა მას აბიმელექმა: „აი ჩემი მიწა. სადაც გინდა, იქ დასახლდი“.
16 შემდეგ სარას უთხრა: „1 000 ვერცხლს ვაძლევ შენს ძმას.+ ეს იქნება ნიშანი შენთან მყოფთათვის და ყველასთვის, რომ არ ხარ შეურაცხყოფილი“.
17 ლოცვით მიმართა აბრაამმა ღმერთს; განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი, მისი მხევლები და ეყოლათ მათ შვილები.
18 აბრაამის ცოლის, სარას გამო იეჰოვას აბიმელექის სახლში ყველა ქალისთვის წაერთმია შვილიერების უნარი.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).