დაბადება 3:1—24
3 გველი+ ყველაზე ფრთხილი* იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა. გველმა ქალს უთხრა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“+
2 ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხეთა ნაყოფი შეგვიძლია ვჭამოთ,+
3 მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას,+ ღმერთმა გვითხრა, არ შეჭამოთ, არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო“.
4 გველმა ქალს უთხრა: „არა, არ მოკვდებით.+
5 იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“.+
6 მაშინ დაინახა ქალმა, რომ იმ ხეს კარგი და მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც ლამაზი იყო. მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა.+ ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა.+
7 აეხილათ თვალი და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. გადააბეს ლეღვის ფოთლები და წელზე შემოირტყეს.+
8 მოგვიანებით, როცა ნიავი უბერავდა და იეჰოვა ღმერთი ბაღში მიმოდიოდა, მისი ხმა შემოესმათ. დაემალნენ იეჰოვა ღმერთს კაცი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის.
9 ეძახდა იეჰოვა ღმერთი კაცს: „სადა ხარ?“
10 ბოლოს მან უპასუხა: „შენი ხმა შემომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვიყავი, და დავიმალე“.
11 მაშინ ღმერთმა უთხრა: „ვინ გითხრა, რომ შიშველი+ იყავი? იმ ხის ნაყოფი ხომ არ ჭამე, მე რომ გიბრძანე, არ ჭამო-მეთქი?“+
12 კაცმა მიუგო: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე“.
13 მაშინ იეჰოვა ღმერთმა ქალს უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?!“ ქალმა მიუგო: „გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე“.+
14 შემდეგ იეჰოვა ღმერთმა გველს+ უთხრა: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი იქნები ყველა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე.
15 მტრობას+ ჩამოვაგდებ შენსა+ და ქალს+ შორის, შენს შთამომავალსა*+ და მის შთამომავალს+ შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს,+ შენ კი ქუსლს დაუგესლავ!“+
16 ქალს კი უთხრა: „გაგიძნელებ ორსულობას და ტკივილით გააჩენ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე!“
17 შემდეგ ადამს* უთხრა: „რადგან მოუსმინე შენს ცოლს და შეჭამე იმ ხის ნაყოფი, რომელზეც გიბრძანე,+ არ ჭამო-მეთქი, დაწყევლილი იყოს მიწა შენ გამო.+ ტანჯვით შეჭამ მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე.+
18 ნარსა და ეკალს აღმოგიცენებს მიწა და მიწის ნაყოფს შეჭამ;
19 პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ შექმნილი.+ მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი!“+
20 ამის შემდეგ ადამმა თავის ცოლს ევა* უწოდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა.+
21 იეჰოვა ღმერთმა ტყავის გრძელი სამოსელი დაუმზადა ადამსა და მის ცოლს და შემოსა ისინი.+
22 შემდეგ იეჰოვა ღმერთმა თქვა: „აი, ადამიანი გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე.+ ახლა, ხელი რომ არ გაიწოდოს, სიცოცხლის ხის+ ნაყოფიც არ მოწყვიტოს, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს...“
23 მაშინ გააძევა იეჰოვა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან,+ რათა დაემუშავებინა მიწა, რომლისგანაც იყო შექმნილი.+
24 გააძევა კაცი ედემის ბაღიდან; მის აღმოსავლეთით ქერუბიმები+ დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა დაეცვა.
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „მოხერხებული“.
^ სიტყვასიტყვით — „თესლს“. ებრ. „ზერა“. ამ სიტყვას კრებითი სახელის, „შთამომავლობის“, მნიშვნელობაც აქვს.
^ ნიშნავს „კაცს“, „კაცობრიობას“. ენათესავება ებრაულ სიტყვას, რომლის მნიშვნელობაცაა „მიწა“.
^ ნიშნავს „ცოცხალს“.