დაბადება 32:1—32

  • იაკობს გზად ანგელოზები ხვდებიან (1, 2).

  • იაკობი ესავთან შესახვედრად ემზადება (3—23).

  • იაკობი ანგელოზს ერკინება (24—32).

    • იაკობს ღმერთი ისრაელს არქმევს (28).

32  იაკობი თავის გზას დაადგა. მას ღვთის ანგელოზები შემოხვდნენ.  მათ დანახვაზე იაკობმა თქვა: „ეს ღვთის ბანაკია!“ ამიტომ იმ ადგილს მახანაიმი* უწოდა.  გაუგზავნა იაკობმა თავის ძმას, ესავს, მაცნეები სეირის+ მიწაზე, ედომის+ ველზე,  და უბრძანა მათ: «უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე დაგვაბარა-თქო იაკობმა, შენმა მსახურმა: „ლაბანთან ვიყავი შეხიზნული და დიდხანს ვცხოვრობდი მასთან.+  მყავს ხარები, ვირები, ცხვარი, მსახურები.+ მინდა, მოგახსენო ეს, ჩემო ბატონო, და წყალობა ვპოვო შენს თვალში“».  დაბრუნდნენ მაცნეები იაკობთან და უთხრეს: „ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც 400 კაცით მოდის შენთან შესახვედრად“.+  ძალიან შეეშინდა იაკობს, აფორიაქდა.+ ორ ბანაკად გაყო თავისი ხალხი, ცხვარ-ძროხა და აქლემები,  ამბობდა, თუ ესავი ერთ ბანაკს დაესხმება თავს, მეორე ბანაკი ხომ მაინც გადარჩებაო.  შემდეგ იაკობმა ილოცა: „მამაჩემის, აბრაამის, ღმერთო, და მამაჩემის, ისაკის, ღმერთო, იეჰოვა, კი მეუბნები, დაბრუნდი შენსა და შენი სანათესავოს მიწაზე და სიკეთეს გაგიკეთებო,+ 10  მაგრამ არა ვარ ღირსი იმ სიკეთისა* და ერთგულებისა, რომელიც შენი მსახურისადმი გამოავლინე.+ ჯოხის ამარამ გადავკვეთე იორდანე და ახლა ორ ბანაკად ვბრუნდები.+ 11  გევედრები, მიხსენი+ ჩემი ძმის, ესავის, ხელიდან; მეშინია, არ მოვიდეს და თავს არ დაგვესხას მე,+ ქალებს და ბავშვებს. 12  შენ ხომ მითხარი, სიკეთეს გაგიკეთებ, შენს შთამომავალს ზღვის ქვიშასავით ვაქცევ და სიმრავლის გამო ვერ დაითვლებაო“.+ 13  იქ გაათია ღამე იაკობმა. შემდეგ თავისი ძმისთვის, ესავისთვის, ძღვნის მისართმევად თავისი ქონებიდან გამოარჩია:+ 14  200 დედალი თხა, 20 ვაცი, 200 დედალი ცხვარი, 20 ვერძი, 15  30 მაწოვარი აქლემი თავისი ნაშიერებით, 40 ძროხა, 10 ხარი, 20 ჭაკი ვირი და 10 მამალი ვირი.+ 16  ჩააბარა თავის მსახურებს ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა, ჩემ წინ იარეთ და ჯოგებს შორის მანძილი დატოვეთო. 17  პირველს უბრძანა: «თუ შეგხვდება ჩემი ძმა ესავი და გკითხავს, ვისი მსახური ხარ, სად მიდიხარ და ეს ჯოგი ვიღასიაო, 18  უთხარი: „შენი მსახური იაკობისა. ეს ჩემი ბატონისთვის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია,+ თვითონ კი უკან მოგვყვება“». 19  უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს მიჰყვებოდა: „აი, ასე უთხარით ესავს, როცა შეგხვდებათ. 20  ისიც უთხარით, შენი მსახური იაკობი ჩვენ მოგვყვება-თქო“. ამბობდა, იქნებ გული მოვულბო გაგზავნილი ძღვნით+ და, როცა შევხვდები, კარგად მიმიღოსო. 21  გაატანა ძღვენი მსახურებს, თვითონ კი იმ ღამით ბანაკში დარჩა. 22  ადგა იაკობი ღამიანად და წაიყვანა თავისი ორი ცოლი,+ ორი მოახლე+ და თერთმეტი ვაჟი; გავიდა მდინარე იაბოკის+ ფონს, 23  გადაიყვანა ისინიც და გადაიტანა ყველაფერი, რაც ჰქონდა. 24  ბოლოს, როცა იაკობი მარტო დარჩა, დაეჭიდა მას ვიღაც კაცი და განთიადამდე ეჭიდავებოდა.+ 25  როცა დაინახა, რომ ვერ ერეოდა იაკობს, თეძოს სახსარზე შეეხო და ამოუგდო.+ 26  მან უთხრა: „გამიშვი, თენდება“. იაკობმა კი მიუგო: „სანამ არ მაკურთხებ, არ გაგიშვებ“.+ 27  მან ჰკითხა: „რა გქვია?“ მან მიუგო: „იაკობი“. 28  მაშინ უთხრა: „ამიერიდან ისრაელი*+ გერქმევა და არა იაკობი, რადგან ღმერთსა და ადამიანებს დაეჭიდე+ და სძლიე“. 29  იაკობმა ჰკითხა: „რა გქვია?“ მან მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები?“,+ და აკურთხა იგი. 30  ამიტომ იმ ადგილს იაკობმა ფენიელი*+ უწოდა; ამბობდა, ღმერთი პირისპირ ვიხილე, მაგრამ გადავრჩიო.+ 31  წამოვიდა ფენუელიდან* და მზეც ამოვიდა. იაკობს ბარძაყი სტკიოდა და კოჭლობდა.+ 32  ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელები ბარძაყის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო იგი იაკობს თეძოს სახსარზე, სადაც ბარძაყის ძარღვია.

სქოლიოები

ნიშნავს „ორ ბანაკს“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ნიშნავს: „ღმერთს ეჭიდება“ ან „ღმერთი ეჭიდება“.
ნიშნავს „ღვთის სახეს“.
იგივე ფენიელი.