დაბადება 4:1—26
4 დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და დაორსულდა ევა.+ შეეძინა მას კაენი+ და თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“.
2 შემდეგ შეეძინა აბელი,+ კაენის ძმა.
აბელი მეცხვარე გახდა, კაენი — მიწათმოქმედი.
3 გავიდა ხანი და კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა იეჰოვასთვის შესაწირავად,
4 აბელმა კი თავისი ფარის პირველმოგებული ბატკნები შესწირა+ ქონთან ერთად. იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი,+
5 კაენი და მისი შესაწირავი კი არ მოიწონა. გაბრაზდა კაენი და სახე მოეღუშა.
6 მაშინ იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „რატომ გაბრაზდი და რატომ მოგეღუშა სახე?
7 თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ, თუ არ გააკეთებ კარგს, იცოდე, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?“
8 ამის შემდეგ კაენმა თავის ძმას, აბელს, უთხრა: „წამო, მინდორში წავიდეთ“. მინდორში კაენი თავს დაესხა აბელს და მოკლა.+
9 მოგვიანებით იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „სად არის შენი ძმა აბელი?“ მან მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“
10 მაშინ ღმერთმა უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.+
11 დაწყევლილი ხარ; გაძევებ ამ მიწიდან, რომელზეც შენი ძმის სისხლი დაღვარე.+
12 მიწას რომ დაამუშავებ, ნაყოფს არ მოგცემს. დედამიწაზე იხეტიალებ და დევნილი იქნები“.
13 მაშინ კაენმა იეჰოვას უთხრა: „ჩემი სასჯელი მეტისმეტად მძიმეა.
14 მაძევებ დღეს ამ მიწიდან და ზურგს შემაქცევ. დედამიწაზე ვიხეტიალებ, დევნილი ვიქნები და ნებისმიერი შემხვედრი მომკლავს“.
15 იეჰოვამ მას უთხრა: „ნებისმიერს, ვინც კაენს მოკლავს, შვიდმაგად მიეზღვება“.
ამგვარად იეჰოვამ ნიშანი* მისცა მათ, ვინც კაენს შეხვდებოდა, რომ არ მოეკლათ იგი.
16 გაეცალა კაენი იეჰოვას და დასახლდა ნოდის* ქვეყანაში, ედემის+ აღმოსავლეთით.
17 ამის შემდეგ დაწვა კაენი თავის ცოლთან,+ დაორსულდა ის და შეეძინა ენოქი. კაენმა ქალაქის მშენებლობა დაიწყო და ამ ქალაქს თავისი ვაჟის, ენოქის, სახელი უწოდა.
18 მოგვიანებით ენოქს შეეძინა ირადი. ირადს შეეძინა მეხუალელი, მეხუალელს — მეთუშაელი, მეთუშაელს — ლამექი.
19 ლამექმა ორი ცოლი შეირთო; ერთს ადა ერქვა, მეორეს — ცილა.
20 ადას ეყოლა იაბალი. მისგან წამოვიდნენ კარვებში მცხოვრებნი და მესაქონლეები.
21 მის ძმას ერქვა იუბალი. მისგან წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე.
22 ცილას კი ეყოლა თუბალ-კაენი, სპილენძისა და რკინის იარაღების მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაამა.
23 ლამექმა ლექსი შეთხზა და თავის ცოლებს, ადასა და ცილას, უთხრა:
„მომისმინეთ, ლამექის ცოლებო,ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:
კაცი მოვკალი, რომელმაც დამჭრა,ახალგაზრდა, რომელმაც დამკრა.
24 თუ კაენისთვის შვიდჯერ მიეზღვებათ,+
ლამექისთვის — სამოცდაჩვიდმეტჯერ“.
25 კვლავ დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც შეთი*+ დაარქვა; თქვა, აბელის ნაცვლად ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა, რადგან იგი კაენმა მოკლაო.+
26 შეთსაც შეეძინა ვაჟი და მას ენოში+ დაარქვა. იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება.
სქოლიოები
^ შესაძლოა იგულისხმებოდეს ერთგვარი გაფრთხილება.
^ ნიშნავს „დევნილობას“.
^ ნიშნავს „სხვის ნაცვლად დაყენებულს“.