დაბადება 9:1—29
9 აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ვაჟები და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა.+
2 კვლავაც თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს ყველა ცოცხალ არსებას დედამიწაზე, ყველა ფრინველს, ყველაფერს, რაც მიწაზე მოძრაობს, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი.+
3 საჭმელად გაძლევთ ყველა ცხოველს,+ როგორც მწვანე მცენარეულობა მოგეცით,+
4 ოღონდ ხორცი მის სულთან* — სისხლთან+ — ერთად არ ჭამოთ.+
5 ნებისმიერს, ვინც თქვენს სისხლს დაღვრის, პასუხს მოვთხოვ. პასუხს მოვთხოვ ყველა ცოცხალ არსებას; ყველა ადამიანს, ვინც თავისი მოძმის სიცოცხლეს ხელყოფს, პასუხს მოვთხოვ.+
6 ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი,+ რადგან ღვთის მსგავსებადაა შექმნილი იგი.+
7 ინაყოფიერეთ და გამრავლდით, აავსეთ დედამიწა!“+
8 შემდეგ ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს უთხრა:
9 „შეთანხმებას გიდებთ+ თქვენ და თქვენს შთამომავლობას,
10 ყველა ცოცხალ არსებას*, რაც კი თქვენთან არის: ფრინველებს, ცხოველებს, დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას, კიდობნიდან გამოსულებს — დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას.+
11 შეთანხმებას გიდებთ: წარღვნით აღარ მოისპობა არცერთი ცოცხალი არსება და აღარ გაპარტახდება დედამიწა წარღვნით“.+
12 ღმერთმა განაგრძო: „ეს იქნება ნიშანი შეთანხმებისა, რომელსაც თქვენ და თქვენთან მყოფ ყველა ცოცხალ არსებას ვუდებ, თაობიდან თაობაში.
13 გამოვაჩენ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში და ის იქნება ნიშანი შეთანხმებისა, რომელსაც დედამიწას ვუდებ.
14 როცა ღრუბლებს მოვავლენ დედამიწაზე, ცისარტყელა გამოჩნდება ღრუბლებში.
15 მაშინ გავიხსენებ თქვენთან და ყველა ცოცხალ არსებასთან დადებულ ჩემს შეთანხმებას; წარღვნით აღარ განადგურდება აღარც ადამიანი და აღარც ცხოველი.+
16 გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, შევხედავ მას და გავიხსენებ დედამიწის ყველა ცოცხალ არსებასთან დადებულ მარადიულ შეთანხმებას“.
17 ღმერთმა ნოეს გაუმეორა: „ეს არის ნიშანი შეთანხმებისა, რომელსაც დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას ვუდებ“.+
18 ნოეს ვაჟებს, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ, ერქვათ სემი, ქამი და იაფეთი.+ ქამს შეეძინა ქანაანი.+
19 ეს სამი ვაჟი ჰყავდა ნოეს. მათგან გამრავლდა დედამიწის მთელი მოსახლეობა.+
20 დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება. გააშენა ვენახი.
21 დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა კარავში.
22 დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, მამის სიშიშვლე და ორივე ძმას შეატყობინა.
23 აიღეს სემმა და იაფეთმა მოსასხამი, მხრებზე მოისხეს და უკუსვლით შევიდნენ. სახეშებრუნებულებმა დაუფარეს სიშიშვლე მამას და არ დაუნახავთ მისი სიშიშვლე.
24 ბოლოს გამოფხიზლდა ნოე. როცა გაიგო, როგორ მოექცა მას უმცროსი ვაჟი*,
25 თქვა:
„წყეული იყოს ქანაანი.+
თავისი ძმების ყველაზე მდაბიო მონა გახდეს“.+
26 შემდეგ დასძინა:
„დიდება იეჰოვას, სემის ღმერთს,დაე სემის მონა გახდეს ქანაანი.+
27 მისცეს ღმერთმა იაფეთს ვრცელი ადგილიდა დამკვიდრდეს იგი სემის კარვებში.
იაფეთის მონაც გახდეს ქანაანი!“
28 წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა.+
29 ნოემ სულ 950 წელი იცოცხლა და მოკვდა.
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „სიცოცხლე“.
^ ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვა „ვაჟში“ ზოგჯერ შვილიშვილიც იგულისხმება.