დანიელი 8:1—27
8 მეფე ბელშაცარის+ მეფობის მე-3 წელს მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ კიდევ ერთი ხილვა მქონდა.+
2 ვიხილე ხილვა; იმ დროს შუშანის*+ ციხე-დარბაზში ვიყავი, რომელიც ელამის+ სამთავროშია; ხილვაში ულაის წყლის ნაკადთან ვიდექი.
3 გავიხედე და დავინახე, რომ წყლის ნაკადთან ორრქიანი ვერძი+ იდგა. ორივე რქა+ გრძელი ჰქონდა, თუმცა ერთი მეორეზე გრძელი იყო. უფრო გრძელი რქა მოგვიანებით ამოსულიყო.+
4 ვერძი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ ირქინებოდა და წინ ვერცერთი მხეცი ვერ უდგებოდა; მისგან თავდახსნას ვერავინ ახერხებდა.+ თვითნებურად მოქმედებდა და მედიდურობდა.
5 დავინახე, რომ მოდიოდა ვაცი+ დასავლეთიდან და ისე გადმოსერა მთელი დედამიწა, რომ მიწაზე ფეხი არ დაუკარებია. ვაცს თვალებს შორის ადვილად შესამჩნევი რქა ჰქონდა.+
6 იგი პირდაპირ იმ ორრქიანი ვერძისკენ მიემართებოდა, წყლის ნაკადთან რომ ვიხილე; გამძვინვარებული მიექანებოდა მისკენ.
7 დავინახე, რომ მიუახლოვდა ვერძს, გამწარებული ეძგერა და ორივე რქა მოსტეხა; ვერძს მასთან გამკლავების ძალა არ ეყო. ვაცმა ის მიწაზე დაანარცხა და ზედ შესდგა; არავინ იყო ვერძის მშველელი.
8 ვაცი მეტისმეტად გამედიდურდა, მაგრამ როგორც კი გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა და მის ნაცვლად ადვილად შესამჩნევი ოთხი რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.+
9 ერთ-ერთი მათგანიდან კიდევ ერთი, მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.+
10 ისე გაიზარდა, რომ ზეციერ ლაშქარს მისწვდა, დედამიწაზე ჩამოყარა ლაშქრისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა.
11 ის თვით ლაშქართა მთავარს გაუმედიდურდა. წაერთვა მთავარს ყოველდღიურად შესაწირავი მსხვერპლი და დაემხო მისი წმინდა ადგილი.+
12 ლაშქარი ყოველდღიურად შესაწირავ მსხვერპლთან ერთად რქას გადაეცა ცოდვის გამო. ის ჭეშმარიტებას დედამიწაზე ანარცხებდა; მოქმედებდა და წარმატებასაც აღწევდა.
13 გავიგონე ერთი წმინდის ლაპარაკი, რომელსაც მეორე წმინდამ ჰკითხა: „რამდენ ხანს გასტანს ხილვა ყოველდღიურად შესაწირავი მსხვერპლისა და გამაპარტახებელი ცოდვის შესახებ და რამდენ ხანს გაგრძელდება+ წმინდა ადგილისა და ლაშქრის გათელვა?“
14 მან მითხრა: „სანამ არ გავა 2 300 საღამო და დილა; შემდეგ კი წმინდა ადგილი თავის თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდება“.
15 როცა მე, დანიელი, ხილვას ვხედავდი და მის გაგებას ვცდილობდი, უცებ შევნიშნე, რომ ჩემ წინ ვიღაც, კაცის მსგავსი, იდგა.
16 შემდეგ გავიგონე ადამიანის ხმა შუა ულაიდან.+ მან დაიძახა: „გაბრიელ,+ აუხსენი ნანახი!“+
17 მოვიდა იგი იმ ადგილას, სადაც ვიდექი. ისე შემაშინა მისმა მოსვლამ, რომ პირქვე დავემხვე. მან მითხრა: „იცოდე, კაცის ძეო, რომ ეს ხილვა უკანასკნელ დროს შესრულდება“.+
18 როცა მელაპარაკებოდა, ღრმად ჩამეძინა პირქვე დამხობილს. ის შემეხო და წამომაყენა.+
19 შემდეგ მითხრა: „გეტყვი, რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან უკანასკნელი დროისთვისაა ეს, დანიშნული დროისთვის.+
20 ორრქიანი ვერძი, რომელიც იხილე, მიდიისა და სპარსეთის მეფეებს განასახიერებს.+
21 ბალნიანი ვაცი საბერძნეთის მეფეა;+ მისი დიდი რქა, რომელიც თვალებს შორის ჰქონდა, პირველი მეფეა.+
22 მოტეხილი რქის ნაცვლად ამოსული ოთხი რქა+ მისი ერიდან აღმდგარი ოთხი სამეფოა, რომლებსაც მისნაირი ძლევამოსილება არ ექნებათ.
23 მათი სამეფოების უკანასკნელ დღეებში, როცა შემცოდველები ზღვარს გადავლენ, გამოჩნდება მრისხანე შესახედაობის მეფე, მზაკვრობაში გაწაფული.
24 გაძლიერდება, მაგრამ არა თავისით. არნახულ უბედურებას მოიტანს; იმოქმედებს და წარმატებასაც მიაღწევს. მოსპობს ძლიერებსაც და წმინდებსაც.+
25 თავისი ცბიერებითა და მზაკვრობით სხვების მოტყუებას შეეცდება. გამედიდურდება და მშვიდობიანობის დროს* მრავალს გაანადგურებს. მთავართა მთავარს დაუპირისპირდება, მაგრამ შეიმუსრება, ოღონდ არა ადამიანის ხელით.
26 საღამოსა და დილის შესახებ თქმული ჭეშმარიტია. საიდუმლოდ შეინახე ეს ხილვა, რადგან ის შორეულ მომავალს ეხება“.+
27 მე, დანიელს, ძალა გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი.+ შემდეგ ავდექი და მეფის სამსახურს შევუდექი;+ გაოგნებული ვიყავი ნანახით, არავინ იყო მისი გამგები.+