იერემია 32:1—44
32 იუდას მეფე ციდკიას მეფობის მე-10 წელს და ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-18 წელს იერემიას იეჰოვას სიტყვა ეუწყა.+
2 იმ დროს ბაბილონის მეფის ჯარს იერუსალიმი ალყაში ჰყავდა მოქცეული, იერემია წინასწარმეტყველი კი იუდას მეფის სასახლეში, მცველთა ეზოში+ იყო დამწყვდეული;
3 იუდას მეფე ციდკიას დაემწყვდია იგი.+ მას ნათქვამი ჰქონდა: «რატომ წინასწარმეტყველებ: „იეჰოვა ამბობს, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და ის დაიპყრობს მას.+
4 თავს ვერ დაიძვრენს იუდას მეფე ციდკია ქალდეველთა ხელიდან, რადგან ბაბილონის მეფე უსათუოდ ჩაიგდებს მას ხელში; ციდკია საკუთარი თვალით იხილავს მას და პირისპირ მოუწევს ლაპარაკი.+
5 ის ციდკიას ბაბილონში წაიყვანს და იქ მოუწევს დარჩენა, სანამ არ მოვიკითხავ, — ამბობს იეჰოვა. — ქალდეველებთან ბრძოლაში ხელი არ მოგემართებათ“».+
6 იერემიამ თქვა: «იეჰოვას სიტყვა მეუწყა:
7 „მოვა შენთან ხანამელი, მამაშენის ძმის, შალუმის, ძე, და გეტყვის, იყიდე ჩემი მინდორი, ანათოთში+ რომ მაქვს, რადგან შენა გაქვს გამოსყიდვის უფლებაო“».+
8 მოვიდა ჩემთან მცველთა ეზოში ხანამელი, მამაჩემის ძმისშვილი, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი, და მთხოვა: „იყიდე ჩემი მინდორი, ანათოთში რომ მაქვს, ბენიამინის მიწაზე, რადგან შენა გაქვს მემკვიდრეობისა და გამოსყიდვის უფლება; იყიდე“. მივხვდი, რომ ეს იეჰოვას ნება იყო.
9 მეც ვიყიდე ხანამელისგან, მამაჩემის ძმისშვილისგან, მინდორი, ანათოთში რომ იყო. მივუწონე ფული+ — 7 შეკელი* და 10 ვერცხლი.
10 შევადგინე საბუთი,+ დავასვი ბეჭედი, მოვიყვანე მოწმეები+ და ფული სასწორზე ავწონე.
11 ავიღე ნასყიდობის საბუთი; ერთი წესისამებრ შედგენილი და ბეჭედდასმული იყო, ხოლო მეორე — ბეჭედდაუსმელი.
12 მივეცი ნასყიდობის საბუთი ბარუქს,+ მახსეიას ძის, ნერიას, ძეს,+ მამაჩემის ძმისშვილის, ხანამელის, და მოწმეების თვალწინ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის საბუთს, აგრეთვე ყველა იუდეველის თვალწინ, რომლებიც მცველთა ეზოში ისხდნენ.+
13 მათი თანდასწრებით ბარუქს ვუბრძანე:
14 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აიღე ეს საბუთები — როგორც ბეჭედდასმული ნასყიდობის საბუთი, ისე ბეჭედდაუსმელი, და ჩადე თიხის ჭურჭელში, დიდხანს რომ გაძლოს“.
15 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ამ ქვეყანაში კვლავაც იყიდიან სახლებს, მინდვრებსა და ვენახებს“».+
16 მას შემდეგ, რაც ბარუქს, ნერიას ძეს, ნასყიდობის საბუთი მივეცი, ლოცვით მივმართე იეჰოვას:
17 „უზენაესო უფალო, იეჰოვა! შენ დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით შექმენი ცა და დედამიწა.+ შენთვის შეუძლებელი არაფერია!
18 შენ ათასობით ადამიანის მიმართ იჩენ ურყევ სიყვარულს*, მამების დანაშაულზე შვილებს აგებინებ პასუხს,+ ჭეშმარიტო ღმერთო, დიდებულო და ძლევამოსილო; ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა შენი სახელი!
19 დიდებულო მრჩეველო*, ყოვლისშემძლევ,+ შენ აკვირდები კაცთა გზებს,+ რათა თითოეულს თავისი საქმისა და ნამოქმედარისამებრ მიაგო;+
20 შენ მოახდინე სასწაულები ეგვიპტის მიწაზე, რაც დღემდე ყველას ახსოვს, და სახელი გაითქვი ისრაელსა თუ სხვა ერებში,+ რაც დღესაც ასეა.
21 შენ გამოიყვანე შენი ხალხი, ისრაელი, ეგვიპტის მიწიდან სასწაულებით, ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და შიშის მომგვრელი საქმეებით.+
22 შენ დაამკვიდრებინე მათ ეს მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას შეჰფიცე,+ მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება;+
23 მოვიდნენ და დაეპატრონნენ მას, მაგრამ არ გემორჩილებოდნენ, არ იცავდნენ შენს კანონს და არ ასრულებდნენ შენს ბრძანებებს; ამიტომაც დაატეხე მათ მთელი ეს უბედურება.+
24 მოვიდა მტერი და მიწაყრილი გააკეთა ქალაქის დასაპყრობად;+ მას ხელში ჩაიგდებენ საბრძოლველად გამოსული ქალდეველები; ხალხს ბოლოს მოუღებს მახვილი,+ შიმშილი და ჭირი.+ რაც თქვი, ყველაფერი შესრულდა, რასაც თავადაც ხედავ.
25 უზენაესო უფალო, იეჰოვა, კი მითხარი, მინდორი იყიდე და მოწმეები მოიყვანეო, მაგრამ ამ ქალაქს ხომ ქალდეველები ჩაიგდებენ ხელში!“
26 მაშინ იეჰოვას სიტყვა ეუწყა იერემიას:
27 «მე ვარ იეჰოვა, კაცთა მოდგმის ღმერთი! არის კი რამე ჩემთვის შეუძლებელი?!
28 ამიტომ ასე ამბობს იეჰოვა: ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებსა და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ის დაიპყრობს მას.+
29 საბრძოლველად გამოსული ქალდეველები შეიჭრებიან ქალაქში და ცეცხლს მისცემენ მას;+ გადაბუგავენ სახლებს, რომელთა ბანებზეც ბაალს სწირავდნენ მსხვერპლს და დასაღვრელ შესაწირავს უღვრიდნენ სხვა ღმერთებს, შეურაცხყოფა რომ მოეყენებინათ ჩემთვის.+
30 ისრაელისა და იუდას მკვიდრნი ახალგაზრდობიდანვე ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში;+ ისრაელები დღემდე თავიანთი ნახელავით შეურაცხმყოფენ, — ამბობს იეჰოვა. —
31 ეს ქალაქი მისი აშენების დღიდან დღემდე მაჯავრებს და მარისხებს,+ ამიტომ თავიდან მოვიშორებ მას,+
32 რადგან ისრაელისა და იუდას მცხოვრებნი, მათი მეფეები,+ მთავრები,+ მღვდლები და წინასწარმეტყველები,+ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი, დიდ ბოროტებას სჩადიოდნენ, რათა შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩემთვის.
33 ზურგს მაქცევდნენ, არ მენდობოდნენ;+ ვასწავლიდი, დილაადრიან ვდგებოდი და ვასწავლიდი, მაგრამ არავის არ უნდოდა მოსმენა და ჭკუის სწავლა.+
34 თავიანთ საძულველ კერპებს დებდნენ იმ ტაძარში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაებილწათ.+
35 ჰინომის* ძის ველზე+ ბაალის სათაყვანო მაღლობები მოაწყვეს, რათა მოლექისთვის ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ვაჟები და ასულები;+ არ მიბრძანებია მათთვის+ და გულშიც კი არ გამივლია, რომ ასეთი სისაძაგლე ჩაედინათ და ამით ცოდვაში გახვეულიყო იუდა.
36 აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ქალაქზე, რომელზეც ამბობთ, ბაბილონის მეფე ჩაიგდებსო ხელში და ხალხს მახვილი, შიმშილი და ჭირი მოუღებსო ბოლოს:
37 „გამოვკრებ მათ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტე იმის გამო, რომ გამაჯავრეს, განმარისხეს და აღმაშფოთეს;+ დავაბრუნებ მათ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ.+
38 ისინი ჩემი ხალხი იქნებიან, მე კი მათი ღმერთი ვიქნები.+
39 ერთი გზით ვატარებ და ერთი აზრი ექნებათ,+ რათა ყოველთვის ეშინოდეთ ჩემი და ხელი მოემართოთ მათაც და მათ ვაჟებსაც.+
40 სამარადისო შეთანხმებას+ დავუდებ მათ; აღარ შევაქცევ ზურგს და სიკეთეს არ მოვაკლებ.+ ჩემდამი შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ.+
41 გავიხარებ მათით,+ გავუკეთებ სიკეთეს მთელი სულითა და გულით, და დავაფუძნებ ამ მიწაზე“.+
42 აი, რას ამბობს იეჰოვა: „მთელი ეს უბედურება კი დავატეხე ამ ხალხს, მაგრამ არც სიკეთეს დავუკავებ, რასაც დავპირდი.+
43 კვლავ იყიდიან მინდვრებს ამ მიწაზე,+ რომელზეც ამბობთ, ამ გაპარტახებულ მიწაზე, ქალდეველებმა რომ ჩაიგდეს ხელში, არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო.
44 იყიდიან მინდვრებს, შეადგენენ ნასყიდობის საბუთებს, დაასვამენ ბეჭდებს და მოწმეებს მოუხმობენ ბენიამინის მიწაზე,+ იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში,+ მთისა და ბარის ქალაქებში+ და სამხრეთის ქალაქებში, რადგან დავაბრუნებ ტყვედ წაყვანილთ,+ — ამბობს იეჰოვა“».
სქოლიოები
^ შეკელი უდრიდა 11,4 გრ–ს. იხ. დანართი ბ14.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „განმზრახველო“.
^ იხ. „გეენა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).