იერემია 38:1—28

  • იერემია ჭაში ჩააგდეს (1—6).

  • ებედ-მელექს იერემია ჭიდან ამოჰყავს (7—13).

  • იერემია ციდკიას მოუწოდებს, რომ მტერს დანებდეს (14—28).

38  მათანის ძე შეფატიამ, ფაშხურის ძე გედალიამ, შელემიას ძე იუქალმა+ და მალქიას ძე ფაშხურმა+ მოისმინეს ხალხის გასაგონად წარმოთქმული იერემიას სიტყვა:  «აი, რას ამბობს იეჰოვა: „ვინც ამ ქალაქში დარჩება, მახვილი, შიმშილი და ჭირი მოუღებს ბოლოს,+ ხოლო ვინც ქალდეველებს ჩაჰბარდება, იცოცხლებს; ნადავლად სიცოცხლე დარჩებათ“.+  იეჰოვა ამბობს: „ამ ქალაქს ბაბილონის მეფის ჯარი ჩაიგდებს ხელში და დაიპყრობს“».+  მთავრებმა მეფეს უთხრეს: „მოაკვლევინე ეს კაცი,+ რადგან ამ სიტყვებით ის ქალაქში დარჩენილ მებრძოლებს და მთელ ხალხს გულს უტეხს. მას ამ ხალხისთვის მშვიდობა კი არა, უბედურება სურს“.  მეფე ციდკიამ მიუგო: „თქვენს ხელშია ის; რას გააწყობს თქვენთან მეფე?!“  წაიყვანეს მათ იერემია და მეფის ძის, მალქიას, ჭაში ჩააგდეს, რომელიც მცველთა ეზოში+ იყო. იერემია ჭაში თოკით ჩაუშვეს. ჭაში წყალი არ იდგა, მარტო ტალახი იყო; იერემია ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში.  გაიგო მეფის სასახლეში მყოფმა ეთიოპმა დიდებულმა*, ებედ-მელექმა,+ რომ იერემია ჭაში ჩაეგდოთ. მეფე ბენიამინის კარიბჭესთან+ იჯდა.  გამოვიდა ებედ-მელექი მეფის სასახლიდან და მეფეს უთხრა:  „მეფე–ბატონო, ეს კაცები იერემია წინასწარმეტყველს ბოროტად მოექცნენ და ჭაში ჩააგდეს, იქ ის შიმშილით მოკვდება, ქალაქში ხომ პურის მარაგი აღარ არის“.+ 10  მაშინ მეფემ ეთიოპ ებედ-მელექს უბრძანა: „წაიყვანე 30 კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, სანამ მომკვდარა“. 11  ებედ-მელექმაც წაიყვანა კაცები; ჩავიდნენ ისინი მეფის სასახლის საგანძურის+ ქვემოთ, აიღეს ძონძები და ძველმანები და თოკებით ჩაუშვეს იერემიასთან ჭაში. 12  ეთიოპმა ებედ-მელექმა იერემიას უთხრა: „ჯერ ეს ძონძები და ძველმანები ამოიდე იღლიებში და მერე — თოკები“. იერემიაც ასე მოიქცა. 13  იერემია თოკებით ამოსწიეს ჭიდან და ამოიყვანეს. ცხოვრობდა იერემია მცველთა ეზოში.+ 14  მოაყვანინა მეფე ციდკიამ იერემია წინასწარმეტყველი იეჰოვას ტაძრის მესამე შესასვლელთან, და უთხრა: „რაღაც უნდა გკითხო და არაფერი დამიმალო“. 15  იერემიამ ციდკიას მიუგო: „რომ გითხრა, მომკლავ, რჩევა რომც მოგცე, მაინც არ მომისმენ“. 16  მაშინ მეფე ციდკიამ იერემიას ფარულად შეჰფიცა: „ვფიცავ ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელმაც სიცოცხლე გვიბოძა, არ მოგკლავ და არც იმ კაცებს გადაგცემ, რომელნიც შენს მოკვლას ლამობენ“. 17  იერემიამ ციდკიას მიუგო: «აი, რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: „თუ ბაბილონის მეფის მთავრებს ჩაჰბარდები, იცოცხლებ; ეს ქალაქი არ გადაიწვება და შენ და შენი სახლეულობაც გადარჩებით.+ 18  მაგრამ, თუ ბაბილონის მეფის მთავრებს არ ჩაჰბარდები, ამ ქალაქს ქალდეველები დაიპყრობენ და გადაწვავენ;+ მათ ვერც შენ დააღწევ თავს“».+ 19  მაშინ მეფე ციდკიამ იერემიას მიუგო: „ქალდეველების მხარეს გადასული იუდეველების მეშინია; ხელში რომ ჩამიგდონ, არ დამინდობენ“. 20  იერემიამ უთხრა: «არ ჩავარდები მათ ხელში. გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას, გააკეთე, რასაც მე გეუბნები და მოგემართება ხელი; არ მოკვდები. 21  მაგრამ, თუ არ დანებდები, იეჰოვამ გამიმჟღავნა, 22  რომ ბაბილონის მეფის მთავრებს+ მიჰგვრიან იუდას მეფის სასახლეში დარჩენილ ქალებს; ისინი იტყვიან:„გაცდუნეს და გძლიეს იმ კაცებმა, რომლებსაც ენდობოდი;+ ლაფში ჩაგძირეს, ზურგი გაქციეს და გაგეცალნენ“. 23  ყველა შენს ცოლსა და ვაჟს ქალდეველებს მიჰგვრიან და ვერც შენ დააღწევ თავს მათ. ხელში ჩაგიგდებს ბაბილონის მეფე+ და შენ გამო გადაიწვება ეს ქალაქი».+ 24  მაშინ ციდკიამ იერემიას უთხრა: „ეს ამბავი კაციშვილმა არ გაიგოს, თორემ შეიძლება მოგკლან. 25  თუ მთავრები გაიგებენ, რომ გელაპარაკე, მოვლენ და გეტყვიან, გვითხარი, მეფეს რაზე ელაპარაკე, არაფერი დაგვიმალო და არ მოგკლავთ,+ ოღონდ გვითხარი მეფემ რა გითხრაო, 26  შენ უთხარი, მეფეს ვთხოვდი, რომ იეჰონათანის სახლში არ დავებრუნებინე და იქ არ მოვმკვდარიყავი-თქო“.+ 27  მივიდნენ მთავრები იერემიასთან და დაჰკითხეს. მანაც უთხრა მათ ის, რაც მეფემ უბრძანა. მათ აღარაფერი უთქვამთ, რადგან თავად არ ჰქონიათ მოსმენილი მეფისა და იერემიას საუბარი. 28  იერუსალიმის დაპყრობის დღემდე იერემია მცველთა ეზოში+ ცხოვრობდა. როცა იერუსალიმი დაიპყრეს,+ იერემია ისევ იქ იყო.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „საჭურისმა“. იხ. („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).