იესო ნავეს ძე 7:1—26

  • ისრაელი აისთან ბრძოლაში მარცხდება (1—5).

  • იესო ნავეს ძის ლოცვა (6—9).

  • ისრაელის მარცხის მიზეზი (10—15).

  • აქანის მხილება და ჩაქოლვა (16—26).

7  ორგულად მოიქცნენ ისრაელები, რადგან იუდასტომელმა აქანმა,+ ქარმის ვაჟმა, ზაბდის ვაჟმა, ზერახის ვაჟმა, აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო.+ განრისხდა იეჰოვა ისრაელებზე.+  გაგზავნა იესო ნავეს ძემ კაცები იერიხონიდან აიში,+ რომელიც ბეთ-ავენის მახლობლად, ბეთელის+ აღმოსავლეთითაა, და უთხრა მათ: „ადით და დაზვერეთ ის მიწა“. ისინიც ავიდნენ და დაზვერეს აი.  დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან და უთხრეს: „ნუ ავა ყველა. აის დასამარცხებლად ორი ან სამი ათასი კაციც საკმარისი იქნება. არ ღირს მთელი ხალხის დაქანცვა, რადგან ცოტანი არიან ისინი“.  ავიდა იქ 3 000-მდე კაცი, მაგრამ უკუაქციეს აიელებმა.+  მათ 36 კაცი დაუხოცეს, შემდეგ დაედევნენ, ქალაქის კარიბჭიდან შებარიმამდე* სდიეს და ფერდობზეც ხოცეს. ხალხს გული შეუდრკა და აღარ შერჩა მხნეობა.  შემოიხია იესო ნავეს ძემ ტანსაცმელი; საღამომდე პირქვე იყვნენ დამხობილნი იეჰოვას კიდობნის წინაშე ის და ისრაელის უხუცესები და მტვერს იყრიდნენ თავზე.  იესო ნავეს ძემ თქვა: „ვაი, უზენაესო უფალო, იეჰოვა, იმიტომ გადმოგვიყვანე მთელი ხალხი იორდანეზე, რომ ამორეველების ხელში ჩავცვენილიყავით და გავნადგურებულიყავით?! ნეტავ იორდანის გაღმა დავრჩენილიყავით!  მომიტევე, იეჰოვა, მაგრამ სხვა რაღა ვთქვა, როცა უკუიქცა ისრაელი მტრისგან?!  გაიგებენ ქანაანელები და იმ მიწის მკვიდრნი, გარს შემოგვერტყმიან და მიწის პირიდან აღგვიან ჩვენს სახელს. რას გააკეთებ შენი დიდებული სახელის დასაცავად?!“+ 10  მიუგო იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: «ადექი! რას დამხობილხარ?! 11  შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი შეთანხმება,+ რომლის დაცვაც ვუბრძანე; აიღეს ის, რაც გასანადგურებელი იყო,+ მოიპარეს+ და თავიანთ ნივთებში დამალეს.+ 12  ამიტომ წინ ვერ აღუდგებიან ისრაელები მტერს; უკუიქცევიან, რადგან გასანადგურებლად არიან განწირულნი. აღარ ვიქნები თქვენთან, სანამ არ მოსპობთ იმას, რაც გასანადგურებელია.+ 13  ადექი, განწმინდე ხალხი+ და უთხარი, ხვალისთვის განიწმინდეთ, რადგან ასე თქვა-თქო იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „ისრაელო, შენ გაქვს ის, რაც გასანადგურებელია. წინ ვერ აღუდგები მტერს, სანამ გასანადგურებელს არ მოიშორებ. 14  ტომებად წარდექით დილით და ის ტომი გამოვიდეს, რომელზეც იეჰოვა მიგითითებთ;+ მერე შტოებად წარდექით და ის შტო გამოვიდეს, რომელზეც იეჰოვა მიგითითებთ; მერე სახლეულობების მიხედვით წარდექით და იმ სახლეულობიდან, რომელზეც იეჰოვა მიგითითებთ, ყველა მამაკაცი გამოვიდეს. 15  ის, ვისაც აღმოაჩნდება რაიმე გასანადგურებელი, ცეცხლში უნდა დაიწვას.+ აგრეთვე უნდა დაწვან ყველაფერი, რაც მისია, რადგან მან დაარღვია იეჰოვას შეთანხმება+ და სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში!“» 16  ადგა იესო ნავეს ძე დილაადრიან და გამოიყვანა ისრაელი ტომებად. ხელი იუდას ტომს დაედო. 17  გამოიყვანა იუდას ტომის შტოები და ხელი ზერახელებს+ დაედო, რის შემდეგაც ზერახელთა შტოს მამაკაცები გამოიყვანა და ხელი ზაბდის დაედო. 18  გამოიყვანა მამაკაცები ზაბდის სახლეულობიდან და დაედო ხელი აქანს, ქარმის ვაჟს, ზაბდის ვაჟს, ზერახის ვაჟს იუდას ტომიდან.+ 19  უთხრა იესო ნავეს ძემ აქანს: „შვილო, პატივი მიაგე იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, აღიარე მის წინაშე დანაშაული და მითხარი, რა ჩაიდინე, არ დამიმალო!“ 20  მიუგო აქანმა იესო ნავეს ძეს: „შევცოდე იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, და აი, რა ჩავიდინე: 21  შევნიშნე ნადავლში ერთი ლამაზი, მდიდრული შინარული+ მოსასხამი, 200 შეკელი* ვერცხლი და ერთი 50-შეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და წამოვიღე. ყველაფერი აი იქ, ჩემს კარავშია დამარხული, ფული კი მოსასხამის ქვეშაა“. 22  გაგზავნა იესო ნავეს ძემ კაცები; გაიქცნენ ისინი კარვისკენ და ნახეს, რომ მოსასხამი კარავში იყო დამალული, ფული კი მის ქვეშ იყო. 23  ყველაფერი გამოიტანეს კარვიდან, მიუტანეს იესო ნავეს ძესა და მთელ ისრაელს და იეჰოვას წინაშე დააწყვეს. 24  წაიყვანეს ზერახის ვაჟი აქანი+ იესო ნავეს ძემ და მთელმა ისრაელმა, წაიღეს ვერცხლი, მოსასხამი, ოქროს ზოდი,+ წაიყვანეს მისი ვაჟები, ასულები, ხარები, ვირები და ფარა, წაიღეს კარავი და ყველაფერი, რაც მისი იყო, და აქორის ველზე+ მივიდნენ. 25  უთხრა იესო ნავეს ძემ: „რატომ დაგვატეხე თავს ეს უბედურება?!+ უბედურებას დაგატეხს თავს დღეს იეჰოვა!“ მთელმა ისრაელმა ჩაქოლა+ იგი ოჯახთან ერთად და მერე ცეცხლში დაწვეს ისინი;+ ყველანი ქვებით ჩაქოლეს. 26  აღმართეს მასზე ქვების დიდი გროვა, რომელიც დღემდე იქაა. დაცხრა იეჰოვას რისხვა.+ ამიტომ იმ ადგილს დღემდე აქორის* ველი ჰქვია.

სქოლიოები

ნიშნავს „სამტეხლოებს“.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
ნიშნავს „უბედურებას“.