ლუკას სახარება 16:1—31

  • იგავი ორგული სახლთუხუცესის შესახებ (1—13).

    • „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია“ (10).

  • კანონი და ღვთის სამეფო (14—18).

  • იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ (19—31).

16  შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ერთ მდიდარ კაცს სახლთუხუცესი ჰყავდა, რომელზეც ამბავი მიუტანეს, შენს ქონებას ანიავებსო.  მან დაიბარა იგი და უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში; ამიერიდან აღარ იქნები სახლთუხუცესი“.  სახლთუხუცესმა გულში გაიფიქრა: „რა ვიღონო? ჩემი ბატონი სახლთუხუცესობას ჩამომართმევს. ბარვის თავი მე არა მაქვს და მათხოვრობისაც მრცხვენია.  ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ სახლთუხუცესობის ჩამორთმევის შემდეგ ხალხმა თავ-თავის სახლში მიმიღოს“.  სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის მოვალეები; პირველს ჰკითხა: „რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?“  „100 ბათი* ზეითუნის ზეთი“, — მიუგო მოვალემ. მან უთხრა: „აიღე შენი თამასუქი, დაჯექი და სასწრაფოდ დაწერე 50“.  შემდეგ მეორეს ჰკითხა: „შენ რამდენი გმართებს?“ მან მიუგო: „100 ქორი* ხორბალი“, მან კი უთხრა: „აიღე შენი თამასუქი და დაწერე 80“.  ბატონმა შეაქო ორგული სახლთუხუცესი, რადგან გონივრულად მოიქცა. ქვეყნიერების* ძეები უფრო გონივრულად იქცევიან თავიანთი თაობის ხალხთან, ვიდრე სინათლის ძეები.+  გეუბნებით: შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით,+ რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში+ მიგიღონ. 10  მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში ორგული კი ბევრშიც ორგულია. 11  ამიტომ, თუ უმართლო სიმდიდრეში არ ხართ ერთგული, ჭეშმარიტ სიმდიდრეს ვინ მოგანდობთ?! 12  და, თუ სხვისაში არა ხართ ერთგული, თქვენთვის განკუთვნილს ვინ მოგცემთ?+ 13  ვერცერთი მსახური ვერ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს გადაჰყვება თან და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც».+ 14  ისმენდნენ ამ ყველაფერს ფულის მოყვარული ფარისევლები და დასცინოდნენ მას.+ 15  იესომ უთხრა მათ: «თქვენ ადამიანთა წინაშე მართლებად მოგაქვთ თავი,+ მაგრამ თქვენს გულებს ღმერთი ხედავს;+ რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა.+ 16  კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იოანემდე იყო. მას შემდეგ კი სასიხარულო ცნობა ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ და მისკენ ყველანაირი ადამიანი ისწრაფვის.+ 17  ცა და დედამიწა რომც მოისპოს, კანონიდან ასოს უმცირესი ნაწილაკიც არ დარჩება შეუსრულებელი.+ 18  ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს, და ვინც განქორწინებულ ქალს ირთავს, მრუშობს.+ 19  იყო ერთი მდიდარი კაცი; ის იისფერი ტანსაცმლითა და ძვირფასი სელის სამოსით იმოსებოდა და ყოველდღე განცხრომაში იყო. 20  მის ჭიშკართან მიჰყავდათ ხოლმე თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული ერთი მათხოვარი, სახელად ლაზარე. 21  მას უნდოდა, მდიდრის ნასუფრალით დანაყრებულიყო. მიდიოდნენ ლაზარესთან ძაღლები და წყლულებს ულოკავდნენ. 22  გავიდა დრო, მოკვდა მათხოვარი და ანგელოზებმა აბრაამთან* მიიყვანეს. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. 23  სამარეში* ტანჯვაში მყოფმა მდიდარმა თვალები გაახილა და შორიდან დაინახა აბრაამი და მის გვერდით ლაზარე. 24  დაუძახა: „მამა აბრაამ, შემიწყალე და გამოგზავნე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვიტანჯები ამ მოგიზგიზე ცეცხლში“. 25  აბრაამმა მიუგო: „შვილო, გახსოვს, როცა ცოცხალი იყავი, ყველაფერი გქონდა, ლაზარეს კი არაფერი გააჩნდა?! ახლა ის ნუგეშცემულია აქ, შენ კი იტანჯები. 26  ჩვენ შორის დიდი უფსკრულია; ასე რომ, ვერც აქედან შეძლებს თქვენთან ვინმე გადმოსვლას და ვერც მანდედან — ჩვენთან“. 27  მან უთხრა: „მამა, მაშინ გთხოვ, გაგზავნე ლაზარე მამაჩემის სახლში, 28  რათა გულმოდგინედ უქადაგოს ჩემს ხუთ ძმას, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველში“. 29  აბრაამმა მიუგო: „მათ მოსე და წინასწარმეტყველები ჰყავთ და იმათ უსმინონ“.+ 30  მან კი უთხრა: „არა, მამა აბრაამ; ისინი იმ შემთხვევაში მოინანიებენ, თუ მკვდართაგან ვინმე მივა მათთან“. 31  აბრაამმა უთხრა მას: „თუ მოსესა+ და წინასწარმეტყველებს არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც იმას მოუსმენენ“».

სქოლიოები

ბათი უდრიდა 22 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
ქორი იყო იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „აბრაამის მკერდთან“.
ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).