ლუკას სახარება 17:1—37
17 შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დამაბრკოლებელი მიზეზები აუცილებლად იქნება, მაგრამ ვაი მას, ვინც სხვას დააბრკოლებს!
2 მისთვის უმჯობესი იქნება, კისერზე დოლაბი* დაჰკიდონ და ზღვაში ჩააგდონ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი დააბრკოლოს.+
3 დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაკიცხე,+ და, თუ მოინანიებს, აპატიე.+
4 დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე გითხრას, ვინანიებო, აპატიე“.+
5 მოციქულებმა უფალს უთხრეს: „რწმენა გაგვიძლიერე“.+
6 უფალმა მიუგო: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და ამ შავი თუთის ხეს უთხრათ, ზღვაში გადაირგეო, დაგემორჩილებათ.+
7 რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს, მხვნელი ან მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებულს რომელი ეტყვით, მოდი სუფრას მოუჯექიო?!
8 განა არ ეტყვით, ვახშამი მომიმზადე, წინსაფარი გაიკეთე და მომემსახურე, სანამ ჭამა-სმას არ დავამთავრებ, შენ კი მერე ჭამე და სვიო?!
9 განა მადლობას ეტყვით მონას დავალების შესრულებისთვის?!
10 თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით, უსარგებლო მონები ვართ, ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინაო“.+
11 იერუსალიმში რომ მიდიოდა, მან სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.
12 როცა ერთ სოფელში შევიდა, მას თვალი მოჰკრა ათმა კეთროვანმა, რომლებიც მოშორებით იდგნენ.+
13 მათ ხმამაღლა უთხრეს იესოს: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“
14 იესომ შეხედა მათ და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ“.+ ისინიც წავიდნენ და გზაში განიწმინდნენ.+
15 ერთ-ერთი განკურნებული დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.
16 იგი იესოს ფეხებთან დაემხო და მადლობას უხდიდა; ის კაცი სამარიელი+ იყო.
17 იესომ იკითხა: „ათივენი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა?
18 ნუთუ ამ უცხოტომელის გარდა არცერთი არ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“
19 შემდეგ მას უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ განგკურნა!“+
20 როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, ღვთის სამეფო როდის მოვაო,+ მან უპასუხა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა;
21 არ იტყვის ხალხი, აი აქ არისო ან იქ არისო, რადგან ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“.+
22 შემდეგ მოწაფეებს უთხრა: „მოვა დრო, როცა კაცის ძის ერთი დღის ხილვას მოისურვებთ, მაგრამ ვერ იხილავთ.
23 ხალხი გეტყვით: აი იქ არისო ან აი აქ არისო; ნუ წახვალთ და ნუ გაჰყვებით,+
24 ვინაიდან როგორც ელვა ანათებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძის+ მოსვლაც.+
25 ოღონდ ჯერ მრავალ სატანჯველს გადაიტანს და შემდეგ ეს თაობა უარყოფს მას.+
26 როგორც ნოეს დროს იყო,+ ისევე იქნება კაცის ძის დროსაც:+
27 ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა.+ მერე მოვიდა წარღვნა და ყველანი დაიხოცნენ.+
28 ლოტის+ დროსაც ასე იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
29 მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველანი განადგურდნენ.+
30 ასევე იქნება მაშინაც, როცა კაცის ძე გამოცხადდება.+
31 იმ დღეს ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა სახლიდან თავისი ნივთების ასაღებად, ნურც ყანაში მყოფი დაბრუნდება სახლში რაიმეს წასაღებად.
32 გახსოვდეთ ლოტის ცოლი!+
33 ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც დაკარგავს, დაიბრუნებს მას.+
34 გეუბნებით: იმ ღამეს ერთ საწოლში ორნი იწვებიან; ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ.+
35 ორი ქალი დაფქვავს ერთი ხელსაფქვავით; ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ“.
36 *——
37 მათ ჰკითხეს: „სად, უფალო?“ მან მიუგო: „სადაც ლეშია, არწივებიც იქ მოგროვდებიან“.+
სქოლიოები
^ იგულისხმება ისეთი დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებდა.
^ ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. დანართი ა3.