ლუკას სახარება 22:1—71
-
მღვდელმთავრები იესოს მოსაკლავად შეითქვნენ (1—6).
-
მზადება უკანასკნელი პასექის აღსანიშნავად (7—13).
-
უფლის ვახშმის დაწესება (14—20).
-
„ჩემი გამცემი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე“ (21—23).
-
გაცხარებული დავა იმის თაობაზე, თუ ვინაა უდიდესი (24—27).
-
იესოს მიერ სამეფოსთვის დადებული შეთანხმება (28—30).
-
წინასწარმეტყველება პეტრეს მიერ იესოს უარყოფის შესახებ (31—34).
-
აუცილებელია მომზადება; ორი მახვილი (35—38).
-
იესოს ლოცვა ზეთისხილის მთაზე (39—46).
-
იესოს დაპატიმრება (47—53).
-
პეტრეს მიერ იესოს უარყოფა (54—62).
-
იესოს მასხრად აგდება (63—65).
-
გასამართლება სინედრიონის დარბაზში (66—71).
22 ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც პასექი+ ეწოდება.+
2 უფროსი მღვდლები და მწიგნობრები იესოს თავიდან მოსაშორებლად ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ,+ რადგან ხალხისა ეშინოდათ.+
3 შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელს უწოდებდნენ და რომელიც თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი იყო.+
4 წავიდა ის და უფროს მღვდლებსა და ტაძრის მცველთა უფროსებს მოელაპარაკა, თუ როგორ ჩაუგდებდა იესოს მათ ხელში.+
5 მათ გაუხარდათ და ვერცხლის ფულს დაჰპირდნენ.+
6 იუდა დათანხმდა; იგი ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, რათა ისე გადაეცა იესო მათთვის, რომ ახლომახლო ხალხი არ ყოფილიყო.
7 უფუარობის დღეც დადგა, როცა საპასექო მსხვერპლი უნდა შეწირულიყო.+
8 გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით და მოგვიმზადეთ საპასექო ვახშამი“.+
9 მათ ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ?“
10 მან მიუგო: „ქალაქში რომ შეხვალთ, შემოგხვდებათ კაცი თიხის ჭურჭლით. შეჰყევით მას იმ სახლში, სადაც შევა,+
11 და სახლის პატრონს უთხარით, მოძღვარმა შემოგითვალა, რომელ ოთახში შეიძლება ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო პასექიო.
12 ის კაცი გაჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, გაწყობილს, და იქ მოამზადეთ“.
13 წავიდნენ და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იესომ უთხრა მათ, და საპასექო სამზადისს შეუდგნენ.
14 ვახშმის დროს იესო და მისი მოციქულები სუფრასთან დასხდნენ*.+
15 მან უთხრა: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი წამების წინ,
16 რადგან გეუბნებით: აღარ შევჭამ მას, სანამ ყველაფერი არ შესრულდება ღვთის სამეფოში“.
17 აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა შესწირა და თქვა: „აიღეთ და გადააწოდეთ ერთმანეთს,
18 რადგან გეუბნებით: ამიერიდან აღარ დავლევ ვაზის ნაჟურს, სანამ ღვთის სამეფო არ მოვა“.
19 აიღო პურიც,+ ღმერთს მადლობა შესწირა, დაამტვრია, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემს სხეულს განასახიერებს*,+ რომელიც თქვენთვის უნდა გავიღო.+ ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“.+
20 ასევე მოიქცა ვახშმის შემდეგ, როცა სასმისი აიღო, და თქვა: „ეს სასმისი ახალ შეთანხმებას+ განასახიერებს; ის ძალაში შევა ჩემი სისხლის საფუძველზე,+ რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს.+
21 ჩემი გამცემი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.+
22 კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე,+ მაგრამ ვაი მას, ვინც მას გასცემს!“+
23 მოციქულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რომელი ჩვენგანი იზამსო ამას.+
24 მერე მათ შორის გაცხარებული დავა ატყდა, ჩვენ შორის რომელია უდიდესიო.+
25 იესომ უთხრა მათ: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ხელისუფალთ კეთილისმყოფელებს* უწოდებენ.+
26 თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ.+ თქვენ შორის უდიდესი უმცირესი იყოს,+ და ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, მსახური იყოს.
27 ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრასთანაა თუ ვინც სუფრას ემსახურება? განა ის არა, ვინც სუფრასთანაა? მაგრამ მე მსახური ვარ თქვენ შორის.+
28 თქვენ განსაცდელში+ გვერდიდან არ მომცილებიხართ,+
29 ამიტომ შეთანხმებას გიდებთ, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება, რომ იმეფოთ სამეფოში;+
30 ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში+ და დასხდეთ ტახტებზე+ ისრაელის 12 ტომის გასასამართლებლად.+
31 სიმონ, სიმონ! სატანას უნდა, რომ ყველანი ხორბალივით გაგცხრილოთ.+
32 მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ დაკარგო,+ და როცა მობრუნდები, განამტკიცო ძმები“.+
33 მან უთხრა: „უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და მოვკვდე კიდეც შენთან ერთად!“+
34 იესომ მიუგო: „პეტრე, გეუბნები, დღეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფ, რომ მიცნობ“.+
35 შემდეგ უთხრა მათ: „როცა გაგგზავნეთ და გითხარით, არ წაიღოთ-მეთქი ქისა, საგზლის აბგა და სანდლები,+ გაკლდათ რამე? „არა!“ — უპასუხეს მათ.
36 მაშინ უთხრა: «ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აბგაც აიღოს, და ვისაც მახვილი არა აქვს, მის შესაძენად მოსასხამი გაყიდოს.
37 გეუბნებით, ჩემზე უნდა შესრულდეს ის, რაც დაწერილია: „უკანონობის მოქმედად ჩაითვალა“,+ ვინაიდან, რაც მე მეხება, სრულდება».+
38 მაშინ მათ უთხრეს: „უფალო, აქ ორი მახვილია“. „საკმარისია“, — მიუგო მან.
39 იქიდან, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთისკენ გაემართა და მოწაფეებიც გაჰყვნენ.+
40 იქ რომ მივიდა, უთხრა მათ: „ილოცეთ, რათა არ ცდუნდეთ“,+
41 თვითონ კი ქვის სასროლ მანძილზე წავიდა, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო:
42 „მამა, თუ გსურს, ამარიდე ეს სასმისი, თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“.+
43 მაშინ ანგელოზი მოევლინა ციდან და გაამხნევა იგი.+
44 მძიმე განცდებში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა.+ მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა.
45 ლოცვა რომ დაასრულა, წამოდგა, მოწაფეებთან მივიდა, რომელთაც მწუხარებისგან ძალაგამოცლილთ ჩასძინებოდათ,+
46 და უთხრა: „რატომ გძინავთ? წამოდექით და ილოცეთ, რათა არ ცდუნდეთ“.+
47 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა იუდა, თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი. ის იესოსთან საკოცნელად მივიდა.+
48 იესომ ჰკითხა: „იუდა, კოცნით გასცემ კაცის ძეს?“
49 მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, ჰკითხეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“
50 ერთ-ერთმა მათგანმა დაჰკრა კიდეც მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.+
51 მაშინ იესომ უთხრა: „გაჩერდით!“ ყურზე შეეხო მონას და გაუმთელა.
52 შემდეგ იესომ მის შესაპყრობად მისულ უფროს მღვდლებს, ტაძრის მცველთა უფროსებსა და უხუცესებს უთხრა: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ შესაპყრობად?!+
53 ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში+ და ხელი არ დაგიკარებიათ,+ მაგრამ ახლა თქვენი და სიბნელის მმართველობის დროა“.+
54 შეიპყრეს იგი+ და მღვდელმთავრის სახლში წაიყვანეს, პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.+
55 როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.+
56 ერთმა მოახლემ აგიზგიზებულ ცეცხლთან მჯდომი რომ დაინახა, დააკვირდა მას და თქვა: „ესეც იმასთან იყო“.
57 მან კი უარყო: „მე მაგას არ ვიცნობ, ქალო“.
58 ცოტა ხანში სხვამ დაინახა იგი და უთხრა: „შენც ერთი იმათგანი ხარ“. პეტრემ მიუგო: „არა ვარ, კაცო“.+
59 დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი კაცი ირწმუნებოდა: „ესეც ნამდვილად მასთან იყო, რადგან გალილეელია!“
60 პეტრემ კი მიუგო: „არ ვიცი, კაცო, რას ამბობ“. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მამალმა იყივლა.
61 უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა. გაახსენდა პეტრეს უფლის ნათქვამი, დღეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო,+
62 გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა.
63 კაცები, რომლებიც იესოს მეთვალყურეობდნენ, მასხრად იგდებდნენ+ და ურტყამდნენ მას.+
64 სახეს უფარავდნენ და ეუბნებოდნენ, თუ წინასწარმეტყველი ხარ, აბა გვითხარი, ვინ დაგარტყაო.
65 მის წინააღმდეგ ბევრ სხვა რამესაც ამბობდნენ და მკრეხელობდნენ.
66 როცა გათენდა, უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები შეიკრიბნენ+ და იესო სინედრიონის დარბაზში წაიყვანეს. მათ უთხრეს:
67 „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი“.+ მან კი მიუგო: „რომც გითხრათ, არ ირწმუნებთ,
68 და კითხვა რომ დაგისვათ, არ მიპასუხებთ.
69 ამიერიდან კაცის ძე+ ღვთის ძლიერ მარჯვენასთან იჯდება“.+
70 ამაზე ჰკითხეს: „ესე იგი, ღვთის ძე ხარ?“ მან მიუგო: „თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ვარ“.
71 მათ თქვეს: „მეტი რა მტკიცებულება გვჭირდება? თავისი პირით თქვა“.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „ინახად დასხდნენ“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ სიტყვასიტყვით — „ჩემი სხეულია“.
^ იგივე ევერგეტი — ტიტული, რომელიც ენიჭებოდათ მმართველებს ელინისტურ ეპოქაში.