ლუკას სახარება 24:1—53

  • იესოს აღდგომა (1—12).

  • ემაუსის გზაზე (13—35).

  • იესო მოწაფეებს ეცხადება (36—49).

  • იესოს ზეცად ასვლა (50—53).

24  ისინი კვირის პირველ დღეს დილაადრიან მივიდნენ სამარხთან და სურნელოვანი ნაზავიც მიიტანეს.+  სამარხიდან ლოდი გადაგორებული დახვდათ+  და შიგნით რომ შევიდნენ, უფალ იესოს ცხედარი ვერ ნახეს.+  ამის გამო საგონებელში ჩაცვივდნენ. უცებ მათ წინაშე ელვარე სამოსით შემოსილი ორი მამაკაცი გაჩნდა.  შეშინებულმა ქალებმა მათ თვალი მოარიდეს. კაცებმა ჰკითხეს: „რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?+  ის აქ აღარ არის, აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:  კაცის ძე ცოდვილებს გადაეცემა, ძელზე გააკრავენ, მესამე დღეს კი აღდგებაო“.+  მაშინღა გაახსენდათ მისი სიტყვები,+  დაბრუნდნენ სამარხიდან და ეს ამბავი თერთმეტ მოციქულს და დანარჩენ მოწაფეებს შეატყობინეს.+ 10  ეს ქალები იყვნენ: მაგდალელი მარიამი, იოანა და იაკობის დედა მარიამი. ამ ამბის შესახებ მოციქულებს მათთან მყოფი სხვა ქალებიც უყვებოდნენ. 11  მათ კი ეს სიტყვები უაზრობად ეჩვენებოდათ და არ უჯერებდნენ ქალებს. 12  ადგა პეტრე და სამარხისკენ გაიქცა. როცა მივიდა, დაიხარა და სახვევების მეტი რომ ვერაფერი დაინახა, გაკვირვებული გამობრუნდა. 13  იმავე დღეს ორი მათგანი სოფელ ემაუსში წავიდა, რომელიც იერუსალიმიდან 11 კილომეტრით* იყო დაშორებული; 14  ისინი მომხდარის შესახებ ერთმანეთში საუბრობდნენ. 15  როცა ამაზე ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ, იესო მიუახლოვდა მათ და დაემგზავრა, 16  მაგრამ ვერ იცნეს იგი.+ 17  იესომ ჰკითხა მათ: „რაზე კამათობთ?“ ისინი შეჩერდნენ; დაღვრემილები იყვნენ. 18  ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო: „შენ რა, აქაური არა ხარ? არ იცი, რა მოხდა ამ დღეებში იერუსალიმში?“ 19  მან ჰკითხა: „რა მოხდა?“ მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელზე+ ვლაპარაკობთ, წინასწარმეტყველი რომ იყო, ღვთისა და კაცთა წინაშე დიდებულ საქმეებს რომ იქმოდა და მის სიტყვას უდიდესი ძალა ჰქონდა,+ 20  ჩვენმა უფროსმა მღვდლებმა და მმართველებმა სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს+ და ძელზე გააკრეს. 21  ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ ისრაელს ის დაიხსნიდა.+ აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. 22  მეტიც, განგვაცვიფრა ზოგიერთმა ქალმა, რომლებიც უფლის მოწაფეები არიან. ისინი დილაადრიან მივიდნენ სამარხთან,+ 23  მაგრამ მისი ცხედარი ვერ ნახეს; მერე მოვიდნენ და გვითხრეს, ანგელოზები ვიხილეთო, რომელთაც მასზე უთქვამთ, ცოცხალიაო. 24  შემდეგ ჩვენგან ზოგი წავიდა სამარხთან+ და, ქალების ნათქვამისამებრ, ის ცარიელი დახვდათ, უფალი კი ვერ ნახეს“. 25  მაშინ იესომ მათ უთხრა: „ოჰ, უგუნურნო და მცირე რწმენისანო! წინასწარმეტყველთა ნათქვამი არ გწამთ! 26  განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე,+ დიდება რომ მიეღო?!“+ 27  მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის+ წიგნიდან განუმარტა მათ მთელ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი. 28  ბოლოს მიადგნენ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. 29  ისინი არ უშვებდნენ, ეუბნებოდნენ, დარჩი ჩვენთან, უკვე საღამოა, დღე იწურებაო. ისიც შევიდა და მათთან დარჩა. 30  სუფრასთან მათ გვერდით რომ იჯდა*, აიღო პური, ილოცა, დატეხა და მიაწოდა მათ.+ 31  მაშინღა იცნეს იგი, ის კი გაუჩინარდა.+ 32  მათ ერთმანეთს უთხრეს: „გზაში რომ გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა, როგორი აღფრთოვანებულები ვიყავით, არა?!“ 33  მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში დაბრუნდნენ, მონახეს თერთმეტი მოციქული და მათთან ერთად შეკრებილები, 34  რომლებიც ამბობდნენ, უფალი მართლა აღდგა და სიმონს ეჩვენაო,+ 35  და უამბეს, რაც გზაში შეემთხვათ და ისიც, თუ როგორ იცნეს იგი პურის დატეხვით.+ 36  ამას რომ ყვებოდნენ, იესო მათ შორის ჩადგა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“+ 37  მათ კი ელდა ეცათ, შეშინდნენ, მოჩვენება ეგონათ. 38  მან ჰკითხა: „რატომ აფორიაქდით? რამ დაგაეჭვათ? 39  შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს, მე ვარ. შემეხეთ და ნახეთ; სულს ხორცი და ძვალი არა აქვს, მე კი, როგორც ხედავთ, მაქვს“. 40  ეს თქვა და ხელები და ფეხები აჩვენა. 41  მაგრამ იმდენად გახარებულნი და გაკვირვებულნი იყვნენ, რომ ვერ იჯერებდნენ; იესომ ჰკითხა: „გაქვთ რამე საჭმელი?“ 42  მათ შემწვარი თევზის ნაჭერი მიაწოდეს. 43  მანაც აიღო და მათ თვალწინ შეჭამა. 44  მაშინ უთხრა მათ: „ხომ გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი,+ ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ წერია, უნდა შესრულდეს-მეთქი“.+ 45  მაშინ სრულად გაუხსნა გონება, რომ ჩასწვდომოდნენ წმინდა წერილების მნიშვნელობას,+ 46  და უთხრა: „აი, რა წერია: ქრისტეს უნდა ეტანჯა და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო,+ 47  იერუსალიმიდან დაწყებული+ ყველა ხალხისთვის უნდა ექადაგათ+ მისი სახელით, რომ ცოდვების მისატევებლად მოენანიებინათ;+ 48  თქვენ ამ ყველაფრის შესახებ უნდა დაამოწმოთ.+ 49  აი, გიგზავნით მამაჩემის მიერ დაპირებულს. ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებით, ქალაქში დარჩით“.+ 50  შემდეგ იესომ ბეთანიაში წაიყვანა ისინი, ხელები აღაპყრო და აკურთხა. 51  როცა აკურთხებდა, გაშორდა მათ და ზეცად იქნა აყვანილი.+ 52  ისინი პირქვე დაემხვნენ და შემდეგ გახარებულნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.+ 53  მუდამ ტაძარში იყვნენ და ღმერთს ადიდებდნენ.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „60 სტადიონით“. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „ინახად იჯდა“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.