მსაჯულები 20:1—48
-
ომი ბენიამინელებთან (1—48).
20 გამოვიდა მთელი ისრაელი დანიდან+ ბეერ-შებამდე, გალაადის+ ჩათვლით. მთელი ხალხი ერთსულოვნად შეიკრიბა იეჰოვას წინაშე მიცფაში.+
2 ხალხის თავკაცებმა, რომლებიც ისრაელის ტომთა თავკაცებიც იყვნენ, თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს ღვთის ხალხს შორის, რომელიც 400 000 ქვეითისგან შედგებოდა.+
3 გაიგეს ბენიამინელებმა, რომ ისრაელები მიცფაში ასულიყვნენ.
იკითხეს ისრაელებმა: „თქვით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?“+
4 ამაზე ლევიანმა,+ მოკლული ქალის ქმარმა, მიუგო: „ღამის გასათევად ბენიამინის გიბაში მივედი+ ჩემს ხარჭასთან ერთად.
5 ჩემ წინააღმდეგ გამოვიდნენ გიბის მკვიდრნი*, ღამით გარს შემოერტყნენ სახლს და მოკვლა დამიპირეს. ბოლოს გააუპატიურეს ჩემი ხარჭა და მოკვდა იგი.+
6 ავიყვანე ჩემი ხარჭა, დავჭერი და ისრაელის სამკვიდროს ყველა კუთხეში დავგზავნე,+ რადგან სამარცხვინო და საძრახისი საქციელი ჩაიდინეს ისრაელში.
7 ახლა კი, ისრაელებო, თავად განსაჯეთ,+ როგორ მოვიქცეთ!“
8 ყველა ერთად წამოდგა, და თქვეს: „არცერთი ჩვენგანი არ წავა თავის კარავში და თავის სახლში.
9 აი, როგორ მოვექცევით გიბას: წილისყრით გავილაშქრებთ მასზე.+
10 შევარჩიოთ ისრაელის თითოეულ ტომში 100-დან 10 კაცი, 1000-დან — 100, 10 000-დან — 1000, რათა საგზალი მოვატანინოთ ჯარისთვის, რომელიც ბენიამინის გიბაზე გაილაშქრებს იმ სამარცხვინო საქციელის გამო, რაც გიბელებმა ისრაელში ჩაიდინეს“.
11 როგორც ერთი კაცი, ისე გაერთიანდა მთელი ისრაელი ამ ქალაქის წინააღმდეგ.
12 კაცები გაუგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის ტომს და შეუთვალეს: „ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში?!
13 გადმოგვეცით უვარგისი გიბელები,+ რომ დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან!“+ მაგრამ არ მოუსმინეს ბენიამინელებმა თავიანთ მოძმე ისრაელებს.
14 გიბაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან ისრაელებთან საბრძოლველად.
15 შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, 26 000 მებრძოლი, მათ გარდა 700 რჩეული გიბელი ვაჟკაციც.
16 მთელ ლაშქარში 700 რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო; ისე ისროდნენ ქვებს, რომ თმის ღერს არ აცილებდნენ.
17 ისრაელთაგან, ბენიამინელთა გამოკლებით, 400 000 მებრძოლი აღირიცხა;+ ყველანი გამოცდილი მეომრები იყვნენ.
18 ადგნენ და ბეთელში ჩავიდნენ, რომ ღმერთს დაჰკითხვოდნენ;+ იკითხეს ისრაელებმა: „რომელი ჩვენგანი უნდა გავიდეს პირველი ბენიამინელებთან საბრძოლველად?“ იეჰოვამ მიუგო: „პირველი იუდა გავიდეს!“
19 ადგნენ დილით ისრაელები და გიბასთან დაბანაკდნენ საბრძოლველად.
20 გავიდნენ ისრაელები ბენიამინთან საბრძოლველად და გიბასთან დაირაზმნენ.
21 გამოვიდნენ ბენიამინელები გიბიდან და იმ დღეს 22 000 ისრაელი მოკლეს.
22 მოიკრიბა გამბედაობა ისრაელის ჯარმა და კვლავ იმ ადგილას დაირაზმა, სადაც პირველ დღეს.
23 წავიდნენ ისრაელები, საღამომდე შესტიროდნენ იეჰოვას და ეკითხებოდნენ იეჰოვას: „კიდევ გავიდეთ ჩვენს მოძმე ბენიამინელებთან საბრძოლველად?“+ იეჰოვამ მიუგო: „გადით!“
24 მეორე დღესაც მიადგნენ ისრაელები ბენიამინელებს.
25 ბენიამინელებიც გავიდნენ მათ დასახვედრად მეორე დღეს გიბიდან და იმ დღეს კიდევ 18 000 ისრაელი მებრძოლი მოკლეს.+
26 მაშინ ჩავიდნენ ისრაელები ბეთელში. ტიროდნენ, იეჰოვას წინაშე+ ისხდნენ და საღამომდე მარხულობდნენ.+ შესწირეს იეჰოვას დასაწვავი+ და სამშვიდობო მსხვერპლი.+
27 დაეკითხნენ იეჰოვას ისრაელები,+ რადგან იმ დროს იქ იყო ღვთის შეთანხმების კიდობანი.
28 იმ დროს მის წინ ფინხასი,+ აარონის ვაჟის, ელეაზარის, ვაჟი მსახურობდა. მათ იკითხეს: „კვლავ გავიდეთ ჩვენი მოძმე ბენიამინელების წინააღმდეგ საბრძოლველად თუ აღარ გავიდეთ?“+ იეჰოვამ მიუგო: „გადით, რადგან ხვალ ჩაგიგდებთ მათ ხელში!“
29 ხალხი ჩაასაფრეს+ ისრაელებმა გიბის ირგვლივ.
30 მესამე დღესაც გავიდნენ ისრაელები ბენიამინელებთან საბრძოლველად და უწინდებურად გიბასთან დაირაზმნენ.+
31 გავიდნენ ბენიამინელები მათ დასახვედრად და ქალაქს დიდი მანძილით გასცდნენ.+ უწინდებურად თავს ესხმოდნენ ხალხს და ხოცავდნენ გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელისკენ მიდის, მეორე კი — გიბისკენ. ისრაელთაგან დაახლოებით 30 კაცი დახოცეს მინდორში.+
32 ამბობდნენ ბენიამინელები, უწინდებურად ვამარცხებთო მათ.+ ისრაელებმა კი თქვეს, უკან დავიხიოთ და ამ გზებზე გამოვიტყუოთ, რომ დავაშოროთო ქალაქს.
33 აიშალნენ ისრაელები იქიდან და ბაალ-თამართან დაირაზმნენ, გიბის სიახლოვეს ჩასაფრებული ისრაელები კი გამოვიდნენ თავ-თავიანთი სამალავებიდან.
34 მიადგა გიბას 10 000 რჩეული ისრაელი ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა; არ იცოდნენ ბენიამინელებმა, რა უბედურება ელოდათ.
35 დაამარცხებინა იეჰოვამ ბენიამინი+ ისრაელს; იმ დღეს 25 100 ბენიამინელი მებრძოლი მოკლეს ისრაელებმა.+
36 ბენიამინელებს ეგონათ, რომ მარცხდებოდნენ ისრაელები, რადგან უკან დაიხიეს,+ ისრაელებს კი გიბასთან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ.+
37 წამოიშალნენ ჩასაფრებულები და ეკვეთნენ გიბას, მოედვნენ იქაურობას და მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი.
38 ისრაელები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ჩასაფრებულები ქალაქიდან ავარდნილი კვამლით მისცემდნენ ნიშანს.
39 როცა ისრაელებმა ბრძოლაში უკან დაიხიეს, ბენიამინელებმა შეუტიეს მათ და 30-მდე კაცი მოუკლეს;+ ამბობდნენ, უწინდებურად მარცხდებიანო ჩვენთან ბრძოლაში.+
40 ავარდა ქალაქიდან კვამლის სვეტი, როგორც იყვნენ შეთანხმებულები. მობრუნდნენ ბენიამინელები და დაინახეს, რომ ცას სწვდებოდა ქალაქიდან ავარდნილი ალი.
41 შემოუბრუნდნენ ისრაელები ბენიამინელებს, მათ კი თავზარი დაეცათ, რადგან დაინახეს, რომ უბედურება ეწიათ.
42 გაექცნენ ისინი ისრაელებს და უდაბნოსკენ აიღეს გეზი, მაგრამ გამოუდგნენ მათ მებრძოლები; ახლომდებარე ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ მათ.
43 ალყაში მოაქციეს ბენიამინელები, შეუტიეს და არ ამოასუნთქეს. მუსრი გაავლეს მათ გიბის აღმოსავლეთით.
44 საბოლოოდ, ბენიამინელთაგან 18 000 ძლიერი მებრძოლი დაეცა.+
45 დანარჩენები უდაბნოში, რიმონის კლდისკენ+ გაიქცნენ. ისრაელებმა მათგან 5 000 კაცი მოკლეს გზებზე, გიდომამდე სდიეს და კიდევ 2 000 კაცი მოკლეს.
46 იმ დღეს ბენიამინელთაგან 25 000 ძლიერი მებრძოლი დაეცა,+
47 ხოლო 600 კაცი უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა და ისინი ოთხი თვე აფარებდნენ თავს რიმონის კლდეს.
48 დაბრუნდნენ ისრაელები ბენიამინელებთან საბრძოლველად და მახვილით დახოცეს ქალაქებში დარჩენილები, კაციცა და პირუტყვიც. გზად ყველა ქალაქი ცეცხლს მისცეს.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „მიწათმფლობელები“.