ნეემია 6:1—19
6 შეატყობინეს თუ არა სანბალატს, ტობიას,+ არაბ გეშემსა+ და ჩვენს დანარჩენ მტრებს, რომ აღვადგინე გალავანი+ და ამოვავსე ყველა ნაპრალი (თუმცა იმ დროისთვის კარიბჭეებში ჯერ არ იყო ჩადგმული კარები),+
2 სანბალატმა და გეშემმა შემომითვალეს: „მოდი და დავთქვათ შეხვედრა ონოს ველზე+ ერთ-ერთ სოფელში“. ბოროტება ჰქონდათ ჩემთვის განზრახული,
3 ამიტომ მაცნეების პირით შევუთვალე მათ: „დიდ საქმეს ვარ შეჭიდებული და ვერ ჩამოვალ. რატომ უნდა ჩამოვიდე თქვენთან და შეჩერდეს საქმე?!“
4 მათ ოთხჯერ შემომითვალეს ეს და მეც ერთსა და იმავეს ვპასუხობდი.
5 ბოლოს სანბალატმა მეხუთედ შემომითვალა იგივე; თავისი მსახური გამომიგზავნა, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ეჭირა.
6 წერილში ეწერა: „ხალხებში ხმა დაირხა, და გეშემიც+ იმას ამბობს, რომ იუდეველებთან ერთად აჯანყებას აპირებ,+ ამიტომაც აშენებთ გალავანს. როგორც ამბობენ, შენ უნდა გახდე მათი მეფე.
7 წინასწარმეტყველებიც კი დაგინიშნავს, რომ იერუსალიმში შენზე თქვან, იუდას მეფეაო. მეფის ყურამდეც მიაღწევს ხმა, ამიტომ, მოდი და მოვითათბიროთ!“
8 მეც შევუთვალე, არ მომხდარა ის, რასაც შენ ამბობ, და შენ თვითონ იგონებ-მეთქი ამას.
9 ისინი ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ და ამბობდნენ: გული გაუტყდებათ, მუშაობას შეწყვეტენ და საქმე აღარ გაკეთდებაო.+ გევედრები, ღმერთო, მომეცი გამბედაობა!+
10 შემდეგ მივედი შემაიას, მეჰეტაბელის ვაჟ დელაიას ვაჟის, სახლში; ის შინ ჩაკეტილი დამხვდა. მან მითხრა: „ღვთის სახლში, ტაძარში, დავთქვათ შეხვედრა და ჩავკეტოთ ტაძრის კარები, რადგან შენს მოკვლას აპირებენ; ღამით მოვლენ შენ მოსაკლავად“.
11 მე კი მივუგე: „განა შეშვენის ჩემნაირ კაცს გაქცევა?! განა შევა ჩემნაირი კაცი ღვთის ტაძარში და კვლავაც იცოცხლებს?!+ მე იქ არ შევალ!“
12 მერეღა მივხვდი, რომ ღვთისგან არ იყო გამოგზავნილი ეს წინასწარმეტყველი; ტობიასა და სანბალატს+ ჰყავდათ მოსყიდული ჩემ მოსატყუებლად.
13 შემაია იმისთვის მოესყიდათ, რომ შემშინებოდა და ცოდვა ჩამედინა, რითაც სახელს გამიტეხდნენ და ამას ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ.
14 ჩემო ღმერთო, შენ მოჰკითხე ტობიასა+ და სანბალატს, ნურც წინასწარმეტყველ ქალ ნოადიასა და სხვა წინასწარმეტყველებს დაივიწყებ, რომლებიც მუდამ ჩემს დაშინებას ცდილობდნენ.
15 გალავნის აღდგენა 52 დღეში, ელულის თვის 25-ე დღეს, დასრულდა.
16 ეს რომ ჩვენმა მტრებმა გაიგეს და მეზობელმა ხალხებმა დაინახეს, დამცირდნენ+ და მიხვდნენ, რომ ეს საქმე ჩვენი ღვთის წყალობით შესრულდა.
17 იმ დროს იუდას დიდებულები+ მრავალ წერილს უგზავნიდნენ ტობიას და ტობიასგანაც მოსდიოდათ წერილები.
18 იუდაში მრავალს ჰქონდა მისთვის ერთგულების ფიცი მიცემული, რადგან ის არახის+ ვაჟის, შექანიას, სიძე იყო, და მის ვაჟს, იეჰოხანანს, ბერექიას ვაჟის, მეშულამის,+ ასული ჰყავდა ცოლად.
19 ყოველთვის მიქებდნენ მას, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ და ტობიაც ჩემ დასაშინებლად წერილებს აგზავნიდა.+