ფილიპელების მიმართ 2:1—30
2 მაშ, ვინაიდან ამხნევებთ ერთმანეთს ქრისტეთი, სიყვარულით ანუგეშებთ, ზრუნავთ, სათუთად ეპყრობით და თანაუგრძნობთ,
2 კვლავაც ასე განაგრძეთ, გქონდეთ ერთი აზრი, გიყვარდეთ ერთმანეთი, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი, და ამით შეავსებთ ჩემს სიხარულს.+
3 ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა+ და პატივმოყვარეობით,+ არამედ იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ;+
4 მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ,+ არამედ სხვების კეთილდღეობაზეც.+
5 ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა.+
6 თუმცა ის ღვთის მსგავსი იყო,+ აზრადაც არ მოსვლია, რომ ღვთისთვის გაეტოლებინა თავი.+
7 პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო+ და ადამიანად მოგვევლინა.+
8 უფრო მეტიც, როცა ადამიანად მოგვევლინა, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიცოცხლის ბოლომდე,+ წამების ძელზე* სიკვდილამდე.+
9 ამიტომაც ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა+ და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი,+
10 რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწაშია*,+
11 და ყველამ* საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი+ ღვთის, მამის, სადიდებლად.
12 საყვარელნო, თქვენ ყოველთვის მორჩილნი იყავით, როცა თქვენთან ვიყავი, და ახლა, როცა თქვენთან არა ვარ, კიდევ უფრო მორჩილნი ხართ; ამიტომ კვლავაც იღვაწეთ ხსნისთვის შიშითა და კანკალით,
13 რადგან ღმერთი თავისი ნებისამებრ მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ.
14 ყველაფერი დრტვინვისა+ და კამათის გარეშე+ აკეთეთ,
15 რომ იყოთ უდანაშაულონი, ბრალდაუდებელნი და უმწიკვლონი, იყოთ ღვთის შვილები+ ამ უკუღმართ და გახრწნილ თაობაში,+ რომელშიც ანათებთ როგორც მნათობები ქვეყნიერებაში+
16 და მაგრად ეჭიდებით სიცოცხლის სიტყვას.+ თუ ასე მოიქცევით, დიდად გავიხარებ ქრისტეს მოსვლის დღეს, რადგან დავინახავ, რომ ფუჭად არ მიშრომია და ამაოდ არ გავრჯილვარ.
17 დასაღვრელი შესაწირავივით+ რომ ვიღვრები წმინდა მსახურების* მსხვერპლზე,+ რისკენაც თქვენმა რწმენამ აღგძრათ, მიხარია და თქვენთან ერთად ვხარობ.
18 თქვენც უნდა გიხაროდეთ და ჩემთან ერთად ხარობდეთ.
19 ვიმედოვნებ, რომ, თუ უფალი იესო ინებებს, მალე გამოვგზავნი ტიმოთეს,+ რათა თქვენს ამბებს რომ გავიგებ, გავიხარო.
20 არავინ მეგულება მისნაირი განწყობილების, ვინც გულწრფელად იზრუნებს თქვენზე.
21 სხვა ყველა თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს და არა იმაზე, რაც იესო ქრისტესია.
22 თქვენ იცით, როგორ წარმოაჩინა მან საკუთარი თავი; როგორც შვილი+ მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად.
23 ამიტომაც ვაპირებ მის გამოგზავნას, როგორც კი ჩემი ამბავი გაირკვევა.
24 თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ, თუ უფალი ინებებს, მეც მალე მოვალ.+
25 ამჟამად საჭიროდ მივიჩნევ, გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი, თანამებრძოლი და მსახური, რომელსაც თქვენთან დესპანად ვგზავნი,+
26 რადგან ძალიან სურს ყველა თქვენგანის ნახვა და დარდობს, მისი ავადმყოფობის ამბავი რომ შეიტყვეთ.
27 ის მართლა ისე დასნეულდა, რომ სიკვდილის პირას იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა, თუმცა მარტო ის კი არა, მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დამატებოდა.
28 ამიტომ მინდა, რაც შეიძლება მალე გამოვგზავნო, რათა მისი ნახვით კვლავ გაიხაროთ და მეც მომაკლდეს დარდი.
29 მაშ, დიდი სიხარულით მიიღეთ იგი უფალში, როგორც გჩვევიათ; დააფასეთ ასეთი ადამიანები,+
30 რადგან უფლის საქმისთვის კინაღამ მოკვდა, თავი საფრთხეში ჩაიგდო, რათა მომმსახურებოდა, რასაც აქ არყოფნის გამო თქვენ ვერ აკეთებთ.+
სქოლიოები
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმებიან მკვდრები, რომლებიც აღდგებიან.
^ სიტყვასიტყვით — „ყოველმა ენამ“.
^ სხვაგვარად — „ხალხისთვის მსახურების“.