ფილიპელების მიმართ 4:1—23

  • ერთობა, სიხარული, სწორი აზროვნება (1—9).

    • „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში“ (6, 7).

  • მადლიერების გამოხატვა ფილიპელებისადმი მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის (10—20).

  • მოკითხვა და დამშვიდობება (21—23).

4  ასე რომ, კვლავაც მტკიცედ იდექით+ უფალში, ჩემო საყვარელო და სანატრელო ძმებო! თქვენ ჩემი სიხარული და გვირგვინი+ ხართ, საყვარელნო.  მოვუწოდებ ევოდიას და სინტიქეს, რომ ერთი აზრი ჰქონდეთ უფალში.+  შენც გთხოვ, ჭეშმარიტო თანამსახურო, დაეხმარე ამ დებს; ორივენი ჩემ მხარდამხარ იბრძოდნენ სასიხარულო ცნობისთვის კლემენტსა და სხვა თანამსახურებთან ერთად, რომელთა სახელებიც სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.+  ყოველთვის იხარეთ უფალში; კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!+  ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება.+ ახლოა უფალი.  ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში*;+ ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ+ და მადლიერებით მიმართეთ,  და ღვთის მშვიდობა,+ რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა+ და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით.  ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც ყურადსაღებია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.+  აკეთეთ ის, რაც მე გასწავლეთ და გაჩვენეთ, რაც ჩემგან მოისმინეთ და მიიღეთ,+ და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება. 10  ვხარობ უფალში, კვლავაც რომ ფიქრობთ ჩემზე.+ ადრეც კი ფიქრობდით, მაგრამ შესაძლებლობა არ გქონდათ, რომ დამხმარებოდით. 11  ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ რამე მჭირდება, რადგან ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო.+ 12  სიდუხჭირეში ცხოვრებაც ვიცი+ და სიუხვეშიც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე ის, რაც ბევრმა არ იცის: რა არის სიმაძღრე და შიმშილი, სიუხვე და სიდუხჭირე. 13  ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით.+ 14  თუმცა კარგი ქენით, ჩემი გასაჭირი რომ გაიზიარეთ. 15  ხომ გახსოვთ ფილიპელებო, რომ, როცა სასიხარულო ცნობა მოისმინეთ და მერე მე მაკედონიიდან წავედი, თქვენ გარდა არცერთ კრებას არ მიუღია მონაწილეობა ურთიერთდახმარების საქმეში;+ 16  თესალონიკეშიც კი გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, თანაც ორჯერ. 17  ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვენგან ძღვენს ველი. მე თქვენგან ნაყოფს ველი, რასაც უფრო მეტი მოგება მოაქვს თქვენს ანგარიშზე. 18  ყველაფერი იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მჭირდება; არაფერი მაკლია, რადგან ეპაფროდიტემ+ ჩამომიტანა ის, რაც გამომიგზავნეთ, სურნელოვანი,+ ღვთისთვის სასიამოვნო და მოსაწონი მსხვერპლი. 19  თავის მხრივ, ჩემი ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით არაფერს მოგაკლებთ+ თავისი დიდებული სიუხვისამებრ. 20  დიდება ჩვენს ღმერთსა და მამას მარადიულად! ამინ! 21  მომიკითხეთ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფი წმინდები. მოკითხვას გითვლიან ჩემთან მყოფი ძმები. 22  მოკითხვას გითვლიან წმინდები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებიან.+ 23  არ მოგკლებოდეთ უფალ იესო ქრისტეს წყალობა თქვენ მიერ გამოვლენილი სულისკვეთებისთვის!

სქოლიოები

სხვაგვარად — „ნურაფერზე ნუ დაიწყებთ წუხილს“.