მეფეები — წიგნი პირველი 18:1—46
18 გავიდა ხანი. მესამე წელს+ იეჰოვას სიტყვა ეუწყა ელიას: „წარდექი ახაბის წინაშე, რადგან უნდა ვაწვიმო მიწას!“+
2 ელიაც წავიდა ახაბთან; მაშინ დიდი შიმშილობა+ იყო სამარიაში.
3 მოუხმო ახაბმა ობადიას, სასახლის გამგებელს (ობადია იეჰოვას მოშიში კაცი იყო;
4 როცა იზებელმა+ იეჰოვას წინასწარმეტყველები ამოწყვიტა, ობადიამ გამოქვაბულებში გადამალა 100 წინასწარმეტყველი, თითოში — 50. ის მათ პურითა და წყლით ამარაგებდა).
5 ახაბმა ობადიას უთხრა: „მოიარე მთელი ქვეყანა, წყაროები და ხევები, იქნებ ნახო სადმე ბალახი, რომ გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ გამიწყდეს პირუტყვი!“
6 გაინაწილეს მიწა, ვინ საით წასულიყო. ახაბი ერთ მხარეს გაემართა, ობადია კი — მეორე მხარეს.
7 გზაში ობადიას ელია შეხვდა. მან ის მაშინვე იცნო, პირქვე დაემხო და უთხრა: „ელია, შენა ხარ, ჩემო ბატონო?“+
8 მან მიუგო: „მე ვარ! წადი, უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია!“
9 მან უთხრა: „ისეთი რა შევცოდე, რომ ახაბის ხელში მაგდებ მოსაკლავად შენს მსახურს?!
10 შენს ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, არ დარჩენილა არც ხალხი და არც სამეფო, შენ საძებნელად რომ არ გაეგზავნოს ხალხი ჩემს ბატონს. როცა იტყოდნენ, აქ არ არისო, ამ სამეფოსა და ხალხს აფიცებდა, რომ მართლა ვერ გიპოვეს.+
11 შენ კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, ელია აქ არისო!
12 არადა, როცა შენგან წავალ, რა ვიცი, სად წაგიყვანს იეჰოვას სული;+ ამიტომ, როცა ახაბს შენს ადგილსამყოფელს შევატყობინებ და ის ვერ გიპოვის, უეჭველად მომკლავს! არადა ბავშვობიდან იეჰოვას მოშიშია შენი მსახური!
13 განა არ უთქვამთ ჩემი ბატონისთვის, რა გავაკეთე, როცა იზებელმა იეჰოვას წინასწარმეტყველები დახოცა, როგორ გადავმალე იეჰოვას 100 წინასწარმეტყველი გამოქვაბულებში, თითოში — 50, და როგორ ვამარაგებდი მათ პურითა და წყლით?!+
14 შენ კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, ელია აქ არისო. ნამდვილად არ მაცოცხლებს!“
15 ელიამ მიუგო: „ვფიცავ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, რომელსაც ვემსახურები, რომ დღეს წარვდგები მის წინაშე!“
16 წავიდა ობადია და მოახსენა ახაბს ეს ამბავი; ახაბიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 როგორც კი დაინახა ახაბმა ელია, უთხრა: „შენა ხარ, ისრაელის დამაქცევარო?“
18 მან მიუგო: „მე კი არა, შენ და მამაშენი ხართ ისრაელის დამაქცევრები, რადგან ზურგი აქციეთ იეჰოვას მცნებებს და ბაალებს დაუწყეთ თაყვანისცემა.+
19 ქარმელის მთასთან მოუხმე მთელ ისრაელს,+ აგრეთვე ბაალის 450 წინასწარმეტყველსა და სათაყვანო ბოძის 400 წინასწარმეტყველს,+ რომლებიც იზებელის სუფრიდან ჭამენ!“
20 დაგზავნა ახაბმა ხალხი ისრაელში და ქარმელის მთასთან შეკრიბა წინასწარმეტყველები.
21 მივიდა ელია ხალხთან და მიმართა: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?!+ თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით,+ და თუ ბაალია, მას გაჰყევით!“ ხალხს სიტყვა არ დაუძრავს.
22 კვლავ მიმართა ხალხს ელიამ: „მეღა დავრჩი იეჰოვას წინასწარმეტყველი,+ ბაალს კი 450 წინასწარმეტყველი ჰყავს.
23 მოგვცენ ორი მოზვერი. ერთი მათ ამოირჩიონ, დაჭრან, დააწყონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ; მეორე მოზვერს კი მე გავამზადებ, დავაწყობ შეშაზე და ცეცხლს არ შევუნთებ.
24 მოუხმეთ თქვენს ღმერთს+ და მეც მოვუხმობ იეჰოვას სახელს; ჭეშმარიტი ღმერთი ის იქნება, ვინც ცეცხლით გვიპასუხებს“.+ ხალხმა მიუგო: „კარგი!“
25 ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს უთხრა: „ამოირჩიეთ მოზვერი და პირველებმა თქვენ გაამზადეთ შესაწირავი, რადგან ბევრნი ხართ. შემდეგ მოუხმეთ თქვენი ღვთის სახელს, ოღონდ მსხვერპლს ცეცხლს ნუ შეუნთებთ!“
26 მისცეს მათ ის მოზვერი, რომელიც ამოირჩიეს, გაამზადეს და დილიდან შუადღემდე უხმობდნენ ბაალის სახელს: „ბაალ, გვიპასუხე!“ მაგრამ არ ისმოდა ხმა; არავინ პასუხობდა მათ.+ დახტოდნენ ისინი თავიანთი გაკეთებული სამსხვერპლოს ირგვლივ.
27 შუადღისას ელიამ დაცინვა დაუწყო: „მთელი ხმით დაუძახეთ, ხომ ღმერთია იგი?!+ იქნებ ფიქრებში წავიდა ან მოსასაქმებლადაა გასული*, ანდა ჩაეძინა და გასაღვიძებელია!“
28 ისინიც მთელი ხმით ეძახდნენ; ჩვეულებისამებრ, ხანჯლებითა და შუბებით ისერავდნენ სხეულს, და სისხლი სდიოდათ.
29 შუადღემ გადაიარა, ისინი კი შეშლილებივით* იქცეოდნენ მარცვლეული შესაწირავის შეწირვამდე, მაგრამ ხმა არ ისმოდა; არავის უპასუხია და არავინ გამოხმაურებია მათ.+
30 ბოლოს ელიამ ხალხს უთხრა: „ახლოს მოდით!“ მთელი ხალხი მასთან მივიდა. შემდეგ ის იეჰოვას დანგრეული სამსხვერპლოს აღდგენას შეუდგა.+
31 აიღო ელიამ 12 ქვა, იაკობის ძეთა ტომების რიცხვისამებრ, იმ იაკობისა, რომლისთვისაც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი.+
32 ქვებით სამსხვერპლო ააშენა+ იეჰოვას სახელზე და იმხელა თხრილი შემოავლო, რომ 2 სეა* მარცვალი დაითესებოდა.
33 დაალაგა შეშა, დაჭრა მოზვერი, შეშაზე დააწყო+ და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი დიდი ქილა და დაასხით დასაწვავ მსხვერპლსა და შეშას!“
34 შემდეგ ისევ თქვა: „კიდევ ერთხელ!“ ასეც მოიქცნენ. კიდევ თქვა: „მესამედაც!“ მესამედაც ასე მოიქცნენ.
35 იღვრებოდა წყალი სამსხვერპლოს ირგვლივ; ელიამ თხრილიც წყლით აავსო.
36 საღამო ხანს, როცა მარცვლეულ შესაწირავს აღავლენენ ხოლმე,+ წინასწარმეტყველი ელია მივიდა სამსხვერპლოსთან და თქვა: „იეჰოვა, აბრაამის,+ ისაკისა+ და ისრაელის ღმერთო, დაე გაიგონ დღეს, რომ შენ ხარ ღმერთი ისრაელში, მე შენი მსახური ვარ და ყველაფერი შენი სიტყვისამებრ გავაკეთე!+
37 მიპასუხე, იეჰოვა, მიპასუხე, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, და რომ შენ მზად ხარ, უკან დაიბრუნო ისინი!“+
38 მოავლინა იეჰოვამ ცეცხლი და შთანთქა დასაწვავი მსხვერპლი,+ შეშა, ქვები, მტვერი და თხრილიდან წყალი ამოაშრო.+
39 დაინახა ეს ხალხმა, პირქვე დაემხვნენ ისინი და ამბობდნენ: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“
40 უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველები! არცერთი არ გაუშვათ!“ მათაც მაშინვე შეიპყრეს ისინი. ჩაიყვანა ელიამ ისინი კიშონის ხევში+ და იქ დახოცა.+
41 უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და დალიე, რადგან კოკისპირული წვიმის ხმა ისმის!“+
42 წავიდა ახაბი, ჭამა და დალია, ელია კი ქარმელის მთის წვერზე ავიდა, მიწაზე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო.+
43 შემდეგ თავის მსახურს სთხოვა: „წადი, ზღვისკენ გაიხედე!“ ისიც წავიდა, გაიხედა და უთხრა: „არაფერი ჩანს!“ მან კიდევ შვიდჯერ გაგზავნა ის.
44 მეშვიდე ჯერზე მან ელიას უთხრა: „ზღვიდან ამომავალი პატარა ღრუბელი ჩანს, მუშტისოდენა!“ მან უთხრა: „წადი და ახაბს უთხარი, მოამზადე ეტლი და გაეშურე, რომ წვიმამ არ მოგისწროს-თქო!“
45 ამასობაში ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო.+ ახაბი ჯერ კიდევ გზაში იყო და იზრეელში მიდიოდა.+
46 იეჰოვას სულმა მოიცვა ელია; მანაც კალთები აიკეცა, გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „სადმე გაემგზავრა“.
^ სხვაგვარად — „წინასწარმეტყველებივით“.
^ სეა იყო იმდენი, რამდენიც 7,33-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.