მეფეები — წიგნი მეორე 18:1—37

  • იუდას მეფე ხიზკია (1—8).

  • ისრაელის დაცემის მიზეზი (9—12).

  • სინახერიბი იუდაზე ილაშქრებს (13—18).

  • რაბშაკე დასცინის იეჰოვას (19—37).

18  ისრაელის მეფე ჰოშეას,+ ელაჰის ძის, მეფობის მესამე წელს, ხიზკია,+ იუდას მეფე ახაზის+ ვაჟი, გამეფდა.  იგი 25 წლის გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო აბი*, ზაქარიას ასული.+  სწორად იქცეოდა ხიზკია იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად.+  მან მოსპო სათაყვანო მაღლობები,+ დალეწა სათაყვანო სვეტები, აჩეხა სათაყვანო ბოძი;+ აგრეთვე დაამტვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი,+ რადგან იმ დრომდე ისრაელები მას სწირავდნენ და უბოლებდნენ მსხვერპლს, და ნეხუშთანს* უწოდებდნენ.  თავად მეფე იეჰოვაზე, ისრაელის ღმერთზე, იყო მინდობილი.+ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰყოლია მისი მსგავსი მეფე იუდას.  ის იეჰოვას ერთგული იყო და მას ემორჩილებოდა;+ იცავდა მცნებებს, რომლებიც იეჰოვამ გადასცა მოსეს.  იეჰოვა იყო მასთან; რა საქმესაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერში ხელი ემართებოდა. აუჯანყდა იგი ასურეთის მეფეს და აღარ ემორჩილებოდა.+  მან აგრეთვე დაამარცხა ფილისტიმელები+ ღაზასა და მის საზღვრებამდე, საგუშაგოებიდან გამაგრებულ ქალაქებამდე*.  მეფე ხიზკიას მეფობის მეოთხე წელს,+ ანუ ისრაელის მეფე ჰოშეას, ელაჰის ძის, მეფობის მეშვიდე წელს, ასურეთის მეფე სალმანასარმა გაილაშქრა სამარიაზე და ალყა შემოარტყა.+ 10  მესამე წლის ბოლოს აიღეს ის. ხიზკიას მეფობის მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფე ჰოშეას მეფობის მეცხრე წელს, აიღეს მათ სამარია.+ 11  ასურეთის მეფემ ისრაელები ასურეთში, ხაბორში, გადაასახლა,+ მდინარე გოზანთან, აგრეთვე ხალახსა და მიდიელთა ქალაქებში.+ 12  ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ არ მოუსმინეს იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, არღვევდნენ მის შეთანხმებას, ყველაფერს, რაც იეჰოვას მსახურ მოსეს ჰქონდა ნაბრძანები;+ ისინი არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ. 13  მეფე ხიზკიას მეფობის მე-14 წელს ასურეთის მეფე სინახერიბი+ მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი.+ 14  მაშინ იუდას მეფე ხიზკიამ შეუთვალა ასურეთის მეფეს ლაქიშში: „დამნაშავე ვარ! ოღონდ გამეცალე და ყველაფერს მოგცემ, რასაც დამაკისრებ!“ ასურეთის მეფემაც 300 ტალანტი* ვერცხლი და 30 ტალანტი ოქრო დააკისრა იუდას მეფე ხიზკიას. 15  მისცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი იეჰოვას ტაძარსა და მეფის სასახლის საგანძურში იპოვებოდა.+ 16  მოხსნა ხიზკიამ იეჰოვას ტაძრის კარები+ და წირთხლები, რომლებიც მან ოქროთი მოავარაყა,+ და მისცა ასურეთის მეფეს. 17  ასურეთის მეფემ ლაქიშიდან+ იერუსალიმში მეფე ხიზკიასთან+ დიდი ჯარით გაგზავნა თართანი*, რაბსარისი* და რაბშაკე*. ისინიც გაემართნენ იერუსალიმისკენ და ზემო წყალსატევის არხთან გაჩერდნენ, მრეცხავის მინდვრისკენ მიმავალ გზაზე.+ 18  მოუხმეს მათ მეფეს და გამოვიდნენ მათთან შესახვედრად მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი, ასაფის ძე. 19  უთხრა მათ რაბშაკემ: «გადაეცით ხიზკიას: აი, რას გითვლის დიდი მეფე, ასურეთის მეფე: „რისი იმედი გაქვს?!+ 20  შენ ამბობ, საბრძოლო გეგმაც მაქვს და ძალაცო, მაგრამ ეგ ცარიელი სიტყვებია. ვისი იმედი გაქვს, რომ მიმხედრდები?!+ 21  ეგვიპტის,+ მაგ გადატეხილი ლერწმის, იმედი გაქვს?! მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ეგვიპტის ფარაონი ყველასთვის, ვინც მასზეა დაიმედებული. 22  თუ იმას მეტყვით, იეჰოვას, ჩვენი ღვთის,+ იმედი გვაქვსო, განა ეს ის ღმერთი არ არის, რომლის სათაყვანო მაღლობებიცა და სამსხვერპლოებიც მოაშორა ხიზკიამ+ და იუდასა და იერუსალიმს განუცხადა, იერუსალიმში ამ სამსხვერპლოსთან უნდა მოიყაროთო მუხლი?!“+ 23  მოდი სანაძლეო დადე ჩემს ბატონთან, ასურეთის მეფესთან: 2 000 ცხენს მოგცემ და აბა, თუ იპოვი მათთვის მხედრებს?!+ 24  მაშ, როგორღა გააბრუნებ უკან თუნდაც ერთ მმართველს, ჩემი ბატონის ერთ უმცირეს მსახურთაგანს, როცა თავად ეგვიპტის ეტლებისა და მხედრების იმედად ხარ?! 25  განა იეჰოვას ნებართვის გარეშე გამოვილაშქრე ამ მიწის მოსასპობად?! თვით იეჰოვამ მითხრა, გაილაშქრე მასზე და მოსპეო იგი!» 26  ელიაკიმმა, ხილკიას ძემ, შებნამ+ და იოახმა რაბშაკეს+ სთხოვეს: „არამეულად*+ ელაპარაკე შენს მსახურებს, რადგან გვესმის. ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად!“+ 27  რაბშაკემ მიუგო: „განა მარტო თქვენთან და თქვენს ბატონთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ ყველაფრის სათქმელად?! განა გალავანზე მყოფ ხალხთანაც არ გამომგზავნა?! ისინიც ხომ თქვენთან ერთად შეჭამენ თავიანთ განავალს და დალევენ თავიანთ შარდს!“ 28  შემდეგ რაბშაკემ იუდეველთა ენაზე შესძახა: «ისმინეთ დიდი მეფის, ასურეთის მეფის, სიტყვა!+ 29  აი, რას ამბობს მეფე: „თავს ნუ მოატყუებინებთ ხიზკიას, რადგან ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან!+ 30  ნუ დაგაიმედებთ ხიზკია იეჰოვათი, უეჭველად გვიხსნის იეჰოვა და ეს ქალაქი ასურეთის მეფის ხელში არ ჩავარდებაო.+ 31  ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან ასურეთის მეფე ამბობს: დამნებდით და დამიზავდით, და ყოველი თქვენგანი თავისი ვაზისა და ლეღვის ნაყოფს შეჭამს, და თავისი ჭის წყალს დალევს, 32  სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში,+ მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში; იცოცხლებთ და არ დაიხოცებით! არ უსმინოთ ხიზკიას, რადგან გატყუებთ, როცა გეუბნებათ, იეჰოვა გვიხსნისო. 33  განა იხსნეს სხვა ხალხების ღმერთებმა თავიანთი ქვეყნები ასურეთის მეფის ხელიდან?! 34  სად არიან ხამათისა+ და არფადის ღმერთები?! სეფარვაიმის,+ ჰენისა და ივის ღმერთები რაღა იქნენ?! განა იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?!+ 35  ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, იეჰოვამ რომ იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?!“»+ 36  ხალხი კი დუმდა და არაფერს პასუხობდა, რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, პასუხს ნუ გასცემთო.+ 37  დაბრუნდნენ ხიზკიასთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი, ხილკიას ძე, მწერალი შებნა და მემატიანე იოახი, ასაფის ძე, შემოხეული ტანსაცმლით, და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.

სქოლიოები

აბიას შემოკლებული ფორმა.
ნიშნავს „სპილენძის გველის კერპს“.
ანუ ყველგან, როგორც მეჩხრად, ისე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
მაღალი წოდების სამეფო მოხელის ტიტული, მწდეთუხუცესი.
სამეფო კარის მთავარი მოხელის ტიტული.
მხედართმთავრის ტიტული.
სხვაგვარად — „სირიულად“.