რა დაგეხმარებათ, იგრძნოთ კმაყოფილება?
ყველა — ახალგაზრდა თუ მოხუცი, დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი — ბედნიერებისკენ ისწრაფვის. ჩვენს შემოქმედსაც ყოველივე საუკეთესო სურს ჩვენთვის, ამიტომ პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს.
იყავით შრომისმოყვარეები
„მუყაითად და პატიოსნად [იშრომეთ], რათა [გქონდეთ] გაჭირვებულისთვის მისაცემი“ (ეფესოელები 4:28).
ჩვენს შემოქმედს სურს, რომ სამუშაოსადმი სწორი დამოკიდებულება გვქონდეს. შრომისმოყვარე ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს საკუთარ თავსა თუ ოჯახის წევრებზე ზრუნვა. მას ისიც ახარებს, რომ შეუძლია გაჭირვებულს დახმარების ხელი გაუწოდოს. მუყაითი ადამიანები დამსაქმებლის თვალშიც ფასობენ, ამიტომ მათ ნაკლებად ემუქრებათ სამუშაოს დაკარგვის საფრთხე. ბიბლია გარჯის სანაცვლოდ შენაძენს „ღვთისგან ნაბოძებ ძღვენს“ უწოდებს (ეკლესიასტე 3:13).
იყავით პატიოსნები
„დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ“ (ებრაელები 13:18).
პატიოსან ადამიანს არ აწუხებს უღირსობის გრძნობა, არაფერი უფორიაქებს სულს და ღამით უშფოთველად სძინავს. მას სხვებიც ენდობიან და პატივს სცემენ. უპატიოსნო ადამიანი კი ამ ყველაფერს მოკლებულია. მას შეიძლება სინდისიც ქენჯნიდეს და იმის შიშით ცხოვრობდეს, რომ ერთ დღესაც მისი უპატიოსნობა გამოაშკარავდება.
გქონდეთ გაწონასწორებული თვალსაზრისი ფულზე
„იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5).
ფული აუცილებელია, რომ საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები შევიძინოთ. თუმცა ფულის სიყვარულმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. ადამიანი, რომელიც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, მთელ თავის დროსა და ენერგიას ფულის შოვნას ახმარს, რასაც ხშირად ოჯახი, შვილებთან ურთიერთობა და ჯანმრთელობაც კი ეწირება (1 ტიმოთე 6:9, 10). ფულის სიყვარულმა ადამიანს შეიძლება უპატიოსნო საქციელიც ჩაადენინოს. სოლომონ ბრძენმა თქვა: „ერთგულს კურთხევა არ მოაკლდება, ხოლო ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება“ (იგავები 28:20).
აირჩიეთ საუკეთესო განათლება
„გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას“ (იგავები 3:21).
კარგი განათლება პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებასა და შვილების სწორად აღზრდაში გვეხმარება. თუმცა ასეთი განათლება ხანგრძლივი მშვიდობისა და ბედნიერების მისაღწევად საკმარისი არ არის. მხოლოდ ღვთიური განათლების წყალობით შევძლებთ, რომ ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებულები ვიყოთ. ბიბლიაში ღვთისმოშიშ ადამიანზე ნათქვამია: „ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:1—3).