არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლის დაკარგვით განცდილი ტკივილი

მშობლის დაკარგვით განცდილი ტკივილი

თქვენს ცხოვრებაშიც ხომ არ დატრიალებულა მსგავსი ტრაგედია და დღემდე ხომ არ გიჭირთ ამ დანაკარგთან შეგუება? თუ ასეა, როგორ შეგიძლიათ ამ ჭრილობის მოშუშება? ამ სტატიაში მოგითხრობთ სამი ახალგაზრდის შესახებ, რომელთაც ბიბლია დაეხმარა, შეემსუბუქებინათ მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.

დემი

დემი

თავიდან გვეგონა, რომ ეს უბრალო თავის ტკივილი იყო, მაგრამ, როცა ტკივილი აუტანელი გახდა, დედამ სასწრაფოს გამოუძახა. დღემდე თვალწინ მიდგას ის საშინელი წუთები, როცა მამა საავადმყოფოში მიჰყავდათ. რა ვიცოდი, რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი. სამი დღის შემდეგ მამა ანევრიზმით დაიღუპა. მაშინ, სულ რაღაც, ექვსი წლის ვიყავი.

წლების მანძილზე მამის სიკვდილში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი — ის საავადმყოფოში მიჰყავდათ, მე კი გაქვავებული ვიდექი და არაფერი ვიღონე! როცა ვხედავდი, რომ შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად ხალხი დიდხანს ცოცხლობდა, ჩემთვის ვფიქრობდი: „რა მოხდებოდა, მამასაც რომ ეცოცხლა?!“. დედა დამეხმარა, გულში არ ჩამეკლა დარდი და საკუთარ გრძნობებზე სხვებთან მესაუბრა. ამ საშინელი ტრაგედიის დროს უკვე იეჰოვას მოწმეები ვიყავით და თანაქრისტიანებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით.

ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანი თავიდან გლოვობს დანაკარგს და დროის სვლასთან ერთად ტკივილი უყუჩდება. მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა — ეს ტრაგედია მთელი სიმძაფრით მოზარდობის წლებში შევიგრძენი.

იმ ახალგაზრდებს, ვისაც მშობელი დაეღუპა, ვურჩევდი, რომ სხვებს გაანდონ გულის ნადები და მხოლოდ თავად არ ატარონ ეს ტვირთი. და რაც მალე გააკეთებენ ამას, მით მალე იგრძნობენ შვებას.

ძალიან მინდა, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებში მამა ჩემ გვერდით იყოს! მაგრამ თავს ვინუგეშებ გამოცხადების 21:4-ში ჩაწერილი ღვთის დანაპირებით, რომ ის მალე ადამიანებს მოსწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“.

დერიკი

დერიკი

მამას ძალიან უყვარდა მთაში სიარული. მახსოვს, როგორ დავდიოდით ერთად სათევზაოდ და როგორ ვლაშქრავდით მთებს. ეს ყველაზე ლამაზი მოგონებებია ჩემს ცხოვრებაში!

მამას გული აწუხებდა. რამდენჯერმე საავადმყოფოშიც კი იწვა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რამდენად სერიოზულად იყო საქმე. საუბედუროდ, მამა ამ დაავადებამ შეიწირა. 9 წლის ვიყავი, უმამოდ რომ დავრჩი.

მამის სიკვდილის ამბავი რომ შევიტყვე, დღედაღამ ვტიროდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყელში წამიჭირეს და სული მეხუთებოდა. არავის დანახვა არ მინდოდა. აღარაფრის ხალისი არ მქონდა. ეს ყველაზე საშინელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმ ახალგაზრდებმა, რომლებთან ერთადაც ეკლესიაში დავდიოდი, თავიდან ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ, მაგრამ მალე ყველას დავავიწყდი. ეკლესიაში ხალხი გვეუბნებოდა: „ის ღმერთმა წაიყვანა“, „იგი ზეცაშია“, „ალბათ, ახლა იყო ამის დრო“. ეს სულაც არ მგვრიდა ნუგეშს, თუმცა არც ის ვიცოდი, რას ასწავლიდა ბიბლია მკვდრების მდგომარეობის შესახებ.

მოგვიანებით დედამ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ცოტა ხანში კი მე და ჩემი უფროსი ძმაც შევუერთდით. ბიბლიის შესწავლის დროს გავიგეთ, სინამდვილეში რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და რა იმედი არსებობს მათთვის (იოანე 5:28, 29). ყველაზე მეტად ესაიას 41:10-ში ჩაწერილმა სიტყვებმა მანუგეშა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“. იმის გაგებამ, რომ იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდითაა, საგრძნობლად შემიმსუბუქა ტკივილი. ეს სიტყვები დღემდე მაძლიერებს.

ჯენი

ჯენი

7 წლის ვიყავი, როცა დედა კიბოთი გარდამეცვალა. მან ჩვენ თვალწინ დალია სული. ამ დროს სახლში მხოლოდ მე, პაპა და ბებია ვიყავით. ვერ ვიჯერებდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა. სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ვახშმის დროსაც კი არავინ იღებდა ხმას. თავი კოშმარულ სიზმარში მეგონა. ყველაფერი თავდაყირა დადგა!

ვფიქრობდი, რომ ჩემი პატარა დის გულისთვის თავი ხელში უნდა ამეყვანა. ამიტომ საკუთარ თავში ვიხშობდი გრძნობებს. დღემდე მიჭირს ჩემს გრძნობებზე სხვასთან საუბარი, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია ჩემი ჯანმრთელობისთვის.

ამ უმძიმეს პერიოდში იეჰოვას მოწმეებმა დიდი სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეს ჩვენ მიმართ. მართალია, ახალი დაწყებული გვქონდა კრების შეხვედრებზე სიარული, მაგრამ მათ ოჯახის წევრებივით მიგვიღეს. და-ძმები თითქმის ყოველდღე გვიმზადებდნენ სადილს და კართან გვიტოვებდნენ, ამიტომ მამას მთელი წლის განმავლობაში აღარ უწევდა სადილზე ზრუნვა.

გამორჩეულად მიყვარს 25-ე ფსალმუნის მე-16 და მე-17 მუხლები, სადაც ფსალმუნმომღერალი ასეთი სიტყვებით მიმართავს ღმერთს: „მომხედე და წყალობა მიყავი, რადგან მარტოდმარტო და დაჩაგრული ვარ. მწუხარებით ამევსო გული, თავი დამაღწევინე დაძაბულობას“. ჩემთვის ძალიან გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ, როცა ნაღველი შემომაწვება, იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდით იქნება. ბიბლია მეხმარება, ხელები არ ჩამოვყარო და ყოველთვის მახსოვდეს მკვდრეთით აღდგომის იმედი. მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც სამოთხეში კვლავ ვიხილავ დედას, რომელსაც ტკივილი მეტად აღარ შეაწუხებს, რადგან სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება (2 პეტრე 3:13).

გსურთ გაიგოთ, როგორ ანუგეშებს ბიბლია მათ, ვინც საყვარელ ადამიანს გლოვობს? ვებ-გვერდიდან www.dan124.com შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“ (იხილეთ პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები).