არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მორჩილება ჰგავს საბანკო სესხის დაფარვას — რაც უფრო მეტ ნდობას მოიპოვებ, მით უფრო დიდ „კრედიტს“ მოგცემენ ანუ მეტ ნდობას გამოგიცხადებენ მშობლები

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

10. სანდოობა

10. სანდოობა

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

სანდო ადამიანები მშობლების, მეგობრების და დამსაქმებლების ნდობას იმსახურებენ. ისინი ემორჩილებიან დადგენილ წესებს, ასრულებენ თავიანთ პირობას და ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

ის, თუ რამხელა თავისუფლებას მოგცემენ, უმეტეს შემთხვევაში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სანდო ადამიანის რეპუტაცია გაქვს.

„მშობლების ნდობას იმ შემთხვევაში მოიპოვებ, თუ დაამტკიცებ, რომ მოწიფული ხარ და პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდები ყველაფერს მაშინაც კი, როცა ვერ გხედავენ“ (სარაი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5).

ᲔᲪᲐᲓᲔ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔ

ქვემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინება დაგეხმარება, მეტი ნდობა მოიპოვო ან დაკარგული ნდობა აღიდგინო.

ილაპარაკე სიმართლე. ერთი ტყუილიც კი საკმარისია, რომ სხვების ნდობა დაკარგო. მეორე მხრივ, როცა გულახდილად აღიარებ საკუთარ შეცდომებს, სხვების ნდობას იმსახურებ.

„ადვილია, იყო გულახდილი, როცა ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ სანდო ადამიანის სახელს მაშინ მოიპოვებ, თუ ისეთ რაღაცებსაც არ დამალავ, რაც ცუდ შუქში წარმოგაჩენს“ (კეიმანი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გვსურს, ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ“ (ებრაელები 13:18).

იყავი სანდო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, კადრების სპეციალისტების 78 პროცენტი თვლის, რომ ადამიანის დასასაქმებლად სამი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ სანდოობა. თუ ადრეული ასაკიდანვე განივითარებ ამ თვისებას, მთელი ცხოვრება გამოგადგება.

„მშობლებს მხედველობიდან არ რჩებათ, როცა პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველაფერს, რასაც მავალებენ და წამდაუწუმ არ მჭირდება მათი შეხსენება. ისინი ჩემ მიმართ მეტ ნდობას ავლენენ, როცა ხედავენ, რომ რაღაცის გასაკეთებლად თავად ვიჩენ ინიციატივას“ (სარა).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ვიცი, იმაზე მეტს გააკეთებ, ვიდრე გთხოვ“ (ფილიმონი 21).

იყავი მომთმენი. სხვები ადვილად ამჩნევენ შენს ფიზიკურ ზრდას, რასაც ვერ ვიტყვით ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე, რადგან ამის დანახვას დრო სჭირდება.

„თუ ერთხელ გაამართლებ მშობლებისა თუ სხვების ნდობას, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე სანდო ადამიანის რეპუტაცია შეიქმენი. ნდობა რომ მოიპოვო, ყოველთვის ასე უნდა მოიქცე“ (ბრენდონი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „შეიმოსეთ . . . სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).