არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს ქორწინებაზე?

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს ქორწინებაზე?

თუ ცოლ-ქმარი გონივრულად გამოიყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს, შეიძლება განამტკიცონ კიდეც ქორწინება. მაგალითად, დღის განმავლობაში, როცა ერთად არ არიან, მათ შეუძლიათ ტელეფონით შეეხმიანონ ერთმანეთს.

თუმცა ტექნიკის არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა წყვილმა . . .

  • ერთმანეთთან დრო ვეღარ გაატაროს.

  • არასამუშაო დროც სამსახურის საქმეებს დაუთმოს.

  • ძირი გამოუთხაროს ნდობას და ერთგულებას.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲪᲝᲓᲔᲗ

ᲔᲠᲗᲐᲓ ᲧᲝᲤᲜᲘᲡ ᲓᲠᲝ

ერთი მამაკაცი, სახელად მაიკლი, ამბობს: „ხანდახან, როცა ცოლთან ერთად ვარ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემთან არ არის. ის ხშირად ჩასცქერის ტელეფონს და მეუბნება, რომ დღის განმავლობაში ახლაღა მოიცალა მის შესამოწმებლად“. მსგავს სიტუაციებზე ერთი დაქორწინებული მამაკაცი, ჯონათანი ამბობს: „მართალია, ასეთ დროს ცოლ-ქმარი ერთად არის, მაგრამ შესაძლოა ერთმანეთს ვერც კი ამჩნევდნენ“.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რამდენად ხშირად გიშლით ხელს სატელეფონო ზარი ან ტექსტური შეტყობინება მეუღლესთან ურთიერთობაში? (ᲔᲤᲔᲡᲝᲔᲚᲔᲑᲘ 5:33).

ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲘ

ზოგს ისეთი სამუშაო აქვს, რომ 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, ზოგჯერ ისინიც კი, ვისაც მსგავსი სამუშაო არ აქვთ, არასამუშაო დროსაც სამსახურის საქმეებს უთმობენ. ერთი მამაკაცი, სახელად ლი, გულწრფელად აღიარებს: „იმ დროსაც კი, რომელიც მეუღლისთვის მაქვს გამოყოფილი, ცდუნება მიჩნდება, სამსახურიდან მიღებული ზარები და შეტყობინებები შევამოწმო“. ერთი ქალი, ჯოი კი ამბობს: „სახლიდან ვმუშაობ, რის გამოც მიჭირს, ერთმანეთისგან გავმიჯნო სამუშაოსა და ოჯახისთვის გამოყოფილი დრო“.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ყურადღებით უსმენთ მეუღლეს, როცა გესაუბრებათ? (ᲚᲣᲙᲐ 8:18).

ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲑᲐ

ერთი გამოკითხვის თანახმად, წყვილები ხშირად იმის გამო კამათობენ, რომ არ მოსწონთ მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული მასალა. გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა აღიარა, რომ სოციალურ ქსელში ამა თუ იმ მასალას მეუღლისგან მალულად დებენ ხოლმე.

სოციალურ ქსელებს დანაღმულ ველს ადარებენ ხოლმე, რომელმაც შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას ქორწინებას და ადამიანი მრუშობამდეც მიიყვანოს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხშირად იურისტები ოჯახის ნგრევის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სოციალურ მედიას ასახელებენ.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: მეუღლისგან მალულად ხომ არ გაქვთ მიმოწერა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან? (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 4:23).

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲗ

ᲓᲐᲐᲓᲒᲘᲜᲔᲗ ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲔᲑᲘ

ვინც სათანადოდ არ იკვებება, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ჯანმრთელობას. მსგავსად ამისა, ვინც მეუღლეს საკმარის დროს არ უთმობს, ბედნიერ ოჯახს ვერ შეინარჩუნებს (ეფესოელები 5:28, 29).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: დაინახეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ᲤᲘᲚᲘᲞᲔᲚᲔᲑᲘ 1:10).

ქვემოთ მოცემული რჩევებიდან შეარჩიეთ, რომლის გამოყენება გსურთ ან თავად ჩამოწერეთ, რა მხრივ გმართებთ გაუმჯობესება.

  • სულ მცირე, დღეში ერთხელ ვისადილოთ ერთად.

  • განსაზღვრული დროის მანძილზე არ გამოვიყენოთ ელექტრონული მოწყობილობები.

  • დავგეგმოთ რაიმეს გაკეთება ერთობლივად ან მოვაწყოთ რომანტიკული საღამო.

  • ღამით გამოვრთოთ ელექტრონული მოწყობილობები.

  • ყოველდღიურად 15 წუთი მაინც გამოვყოთ ერთმანეთთან სასაუბროდ ისე, რომ ელექტრონულმა მოწყობილობებმა ყურადღება არ გაგვიფანტოს.

  • განსაზღვრული დროის მანძილზე გამოვრთოთ ინტერნეტი.